Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მისია ეროვნული პროგრამის განხორციელების მდგომარეობას სწავლობს


ნატოს და საქართველოს დროშები
ნატოს და საქართველოს დროშები
საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პირველი ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასება ნატოს მიერ მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. თბილისში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი, თანმხლებ პირებთან ერთად, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების პირველად შედეგებს სწავლობს. 8 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებთან და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან დიალოგის შემდეგ, 9 ოქტომბერს ნატოს შემფასებელთა მისიამ შეხვედრები საქართველოს მთავრობაში განაგრძო. ვიზიტის შემაჯამებელი სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში ნატოში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიასთან შედგა.

ეროვნული პროგრამით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება, საბაზრო ეკონომიკის განვითარება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა და ევროპული ტიპის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შექმნა ივალდებულა. პირველი ყოველწლიური ეროვნული პროგრამის პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უწყებებთან კოორდინაციითა და ნატოს საერთაშორისო სამსახურთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა. პროექტი 2008 წლის ნატოს დეკემბრის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდა და ნატოს პოლიტიკურ კომიტეტს განსახილველად 2009 წლის აპრილში წარედგინა. წევრი ქვეყნების მხრიდან გამოთქმული მცირედი რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ყოველწლიური პროგრამის შესრულების მდგომარეობის შეფასებისას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ მუშაობას წარმატებული უწოდა: “შეხვედრებმა, რომლებიც მე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გავმართე, სახელმწიფო მინისტრის მეთაურობით, აჩვენებს, რომ პროცესი დინამიკურად ვითარდება და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ძირითადი მოთხოვნები პოზიტიურად სრულდება.“

საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ნატო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე ზემოქმედებისათვის. - ეს იყო მთავარი მესიჯები, რომლებიც რობერტ სიმონსის ვიზიტის განმავლობაში გაკეთებულ თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაში გაჟღერდა. განსაკუთრებით აქცენტირებული იყო საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისა და ნატოს კოლექტიურ ძალებში ჩართვის თემაც, რასაც თბილისი-ბრიუსელის სპეციალური ტელეხიდიც მიეღძვნა. რაც შეხება ნატოს მისიის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, წლიური სამოქმედო გეგმის შესრულებას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ბედნიერია იმ შეფასებით, რომელიც ნატოს მისიამ გააკეთა. მისივე თქმით, წლიური სამოქმედო გეგმა არის ნატოში გაწევრიანებისა და არა ნატოსთან პარტნიორობის მექანიზმი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი განხორციელდება ორი ისეთი ქმედითი ინსტრუმენტის მეშვეობით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა. ნატოში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიისა და ნატოს შემფასებელთა მისიის შეხვედრის განხილვის საგანს წარმოადგენდა მომავალი წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც. 2009 წლის მიმდინარე ეროვნული გეგმის რომელი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა შეფასდა არადამაკმაყოფილებლად? ამ შეკითხვაზე გიორგი ბარამიძემ გვიპასუხა:

“არადამაკმაყოფილებელი არც ერთი არ არის. ლაპარაკია იმაზე, რომ საჭიროა გაგრძელდეს რეფორმები გარკვეული მიმართულებებით. არის საკონსტიტუციო პროცესი და ნატო ამას მიესალმება, არის საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის პროცესი და ნატო ამას მიესალმება, საქართველოს დეოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ჟენევის პროცესი, ისევე როგორც თავდაცვის, საზღვრის დაცვის, კრიზისების მართვის სფეროში. არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა შემდგომ წლებში მოგვიწევს.“

ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საქართველოს და ნატოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმია, რომელიც ქვეყანას დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებასა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში ეხმარება. დოკუმენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ნატოს სტანდარტების შესაბამისობაში რეფორმირების ისეთ ხუთ სფეროს გამოყოფს, როგორიცაა: პოლიტიკა და ეკონომიკა, თავდაცვა და სამხედრო საკითხები, რესურსების, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი საკითხები.
XS
SM
MD
LG