Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რონ ასმუსი: ომის მიზეზი იყო საქართველოს სურვილი, დაუახლოვდეს დასავლეთს


რონ ასმუსი
რონ ასმუსი
მეათე სტუდიაში დღეს ვუბრუნდებით ამ კვირანახევრის წინ, 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე ახლავს: საქმე ეხება საქართველოში შარშანდელ ომთან დაკავშირებული გარემოებების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის, როგორც მას უწოდებენ ხოლმე "ტალიავინის კომისიის" ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიშს თითქმის ერთსულოვნად დადებითად აფასებენ - იქნება ეს ევროპის კავშირი (რომლის დავალებითაც ჩატარდა გამოძიება ანგარიშის მოსამზადებლად), ზოგადად, ექსპერტები, თუ ომში დაპირისპირებული მხარეები და სეპარატისტები... სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით დავიწყეთ ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან, ბრიუსელში გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორ რონ ასმუსთან.

რადიო თავისუფლება: რით შეიძლება აიხსნას, რომ მოხსენებაზე რეაქცია თითქმის მთლიანად დადებითია?

რონ ასმუსი: ჩემი აზრით, ანგარიშზე რეაქციის პირველი ტალღა ფოკუსირებული იყო წინადადებებზე, რომელთა თანახმად, საომარი მოქმედებები 7 აგვისტოს ღამით საქართველომ დაიწყო, რაც საქართველოს პოზიციის დაგმობას ჰგავდა. ამის შემდეგ ხალხმა ანგარიში დეტალურად წაიკითხა და დაინახა, რომ ანგარიში, სინამდვილეში, გაცილებით უფრო მკაცრია რუსეთის მიმართ, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა. ეს ანგარიში ისეა დაწერილი, რომ სხვადასხვა მხარე ყურადღებას გაამახვილებს ანგარიშის სხვადასხვა ნაწილზე, რომელიც მისი პოზიციისათვის არის მომგებიანი. მე რომ კრემლში ვიჯდე, არ მენდომებოდა, რომ ხალხმა ძალიან დეტალურად წაიკითხოს ანგარიში, რადგან რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო მეტია კრიტიკა რუსეთის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტის მიმართ. ელჩი ჰაიდი ტალიავინი დიპლომატია, ის ძალიან ფრთხილი ადამიანია. ეს ანგარიში ძალიან მშრალი, ბიუროკრატიული ენით არის დაწერილი, მაგრამ თუ მას გულდასმით წაიკითხავ - იცით, ძალიან კრიტიკულია ყველას მიმართ! დასავლეთის ჩათვლით. აქ ხდება ის, რომ თითოეული მხარე ანგარიშის სხვადასხვა ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას და იგნორირებას უწევს დანარჩენ ნაწილებს, რომლებიც კრიტიკულია მის მიმართ.

რადიო თავისუფლება: ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განცხადებებმა მეტი სიმწვავე შეიძინა: დაპირისპირებული მხარეები უწინდელზე უფრო მძაფრ შეფასებებს აკეთებენ ერთმანეთის მისამართით. საერთოდ, გონივრულად მოიქცა ევროკავშირი, როცა ამ გამოძიების ჩატარება დაავალა კომისიას?

ასმუსი: ერთი წლის წინ, როცა კომისიას ამ ანგარიშის მომზადება დაავალა, ევროკავშირი პრობლემის წინაშე იდგა იმ გარემოების გამო, რომ სრულიად განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმის შესახებ, რა მოხდა და როგორ მოხდა. ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ დამოუკიდებელი კომისია შეძლებდა დახმარებას ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში. ჩემი აზრით, დამოუკიდებელი კომისიის ანგარიში მაინც ვერ გასცემს პასუხს ყველა შეკითხვაზე. ახლა ყველა ამბობს, რომ წინ უნდა ვიყუროთ და ეს სწორიცაა: მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ წარსულის გაკვეთილების გათვალისწინებით. ვკითხულობ ანგარიშს (და დაწერილი მაქვს წიგნი ამ კონფლიქტზე, რომელიც რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება) და ანგარიში მიმყარებს მოსაზრებას, რომ ამ ომის მიზეზი იყო საქართველოს სურვილი, დაუახლოვდეს დასავლეთს და რუსეთის სურვილი, ამას ხელი შეუშალოს. ეს კონფლიქტი არ გამქრალა, ის კვლავაც არსებობს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი (ძალიან ფრთხილად არის ეს ფორმულირებული), კონფლიქტი იმის გამო მოხდა, რომ სამშვიდობო მისიები არ იყო ადეკვატური, არ იყო საკმარისად კარგი. დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის პრევენციის ამჟამინდელი მექანიზმები საკმარისად კარგია მორიგი ომის თავიდან ასაცილებლად? მე არა ვარ დარწმუნებული... კონფლიქტი ჯერ კიდევ არსებობს! საერთაშორისო თანამეგობრობა ადგილზე სუსტად არის წარმოდგენილი. და მორიგი კონფლიქტის შესაძლებლობა მომავალში, რაღაც მომენტში არ შეიძლება გამოირიცხოს. ასე რომ, მომხდარის შესახებ დისკუსიის გარდა, იმაზეც უნდა ვიმსჯელთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა გავაკეთოთ სხვანაირად იმისათვის, რომ საქართველოში ომი აღარ დაიწყოს, ან, შესაძლოა, ვიხილოთ კონფლიქტები უკრაინასა და სხვა ადგილებში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დისკუსიის მსვლელობისას, ყველა ჩავიხედავთ სარკეში - დასავლეთის ჩათვლით. რადგან ეს ანგარიში, ძალიან ფრთხილად ფორმულირების მიუხედავად, აკრიტიკებს დასავლეთსაც და იმას, რაც დასავლეთმა არ გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა ეს ომი.

რადიო თავისუფლება: რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს ახლა? თუ შეიძლება, დავუბრუნდები თქვენს შეფასებას, რომ ომის მიზეზი იყო საქართველოს სურვილი, დაუახლოვდეს დასავლეთს, და რუსეთმა სცადა, ამაში მისთვის ხელი შეეშალა. ამას სათანადოდ აცნობიერებენ ევროკავშირში? ევროკავშირის ლიდერები?

ასმუსი: გულახდილად რომ გითხრათ, დარწმუნებული არა ვარ. ამიტომაც დავწერე წიგნი, რომ ხალხისთვის გასაგები გავხადო, რატომ მოხდა ასე. ჩემი აზრით, ბევრს ჰგონია, რომ ეს ომი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა. მე კი ასე არ ვფიქრობ - და თუ ამ ანგარიშის 40-გვერდიან დასკვნას წაიკითხავ, სავსებით ნათელი ხდება, რომ ეს არ იყო ომი საქართველოსა და სეპარატისტებს შორის, ეს იყო საქართველო-რუსეთის ომი! იცით, ჩემთვის ძირითადი პრობლემაა ჰელსინკის ოქმის მთავარი პრინციპი - რომ ეუთოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება თავისთვის სასურველი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და სასურველ ალიანსებში გაწევრიანდეს - ამ პრინციპის შეჯახება რუსეთის მოთხოვნასთან, ჰქონდეს საკუთარი გავლენის სფერო, ან პრივილეგირებული ინტერესების სფერო. ამ საკითხთან დაკავშირებით, ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ საქართველოს აქვს დასავლეთისაკენ სვლის უფლება, მაგრამ ნათქვამია, რომ რუსეთის მოთხოვნა, ჰქონდეს გავლენის სფერო, არის უკანონო. ტალიავინის კომისიის ანგარიშში, ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ საქართველომ დამაჯერებლად ვერ ახსნა, რატომ გააკეთა ის, რაც 7 აგვისტოს გააკეთა. ჩემს წიგნში ვიძლევი ზუსტ განმარტებას იმისა, თუ რატომ მოიქცა საქართველო ისე, როგორც მოიქცა 7 აგვიტოს. ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი: მოსკოვის მუქარა, გაფრთხილებები, რომ თუ საქართველო გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, ეს უშედეგოდ არ ჩაივლის. ამას ახლდა ესკალაცია, შევიწროვება, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი თავს კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნობდა და ჩათვლიდა, რომ სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ იმოქმედოს. შეიძლება, ეს არასწორად მიიჩნიო, რაც უმრავლესობას დასავლეთში მართლაც არასწორად მიაჩნია. მაგრამ რატომ გადადგა სააკაშვილმა ეს ნაბიჯი, ჩემთვის საიდუმლო ნამდვილად არ არის! საქართველოს უარი რომ ეთქვა ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფებაზე, უარი რომ ეთქვა დასავლეთში ინტეგრაციისაკენ მისწრაფებასა და წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნად განვითარების სურვილზე, ამ ომამდე საქმე, ჩემი აზრით, არ მივიდოდა. ჩემი აზრით, დასავლეთში საჭიროა ვიმსჯელოთ იმაზე, ვიზიარებთ თუ არა ანგარიშში გამოთქმულ შეფასებას, რომ რუსეთს არ გააჩნია გავლენის სფეროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი? რა მიგვაჩნია რუსეთის ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ ინტერესებად? და სად უნდა გავავლოთ ხაზი ჩვენ, დასავლეთმა, და ვთქვათ, რომ რუსეთის ასეთი მოქმედება მიუღებელია და ამის გამო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს? სამწუხაროდ, ეს საკითხები ანგარიშში არ არის განხილული. და, ჩემი აზრით, ეს, უბრალოდ, პოლიტიკურად მეტისმეტად მწვავე საკითხები იყო ელჩ ტალიავინისთვის.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, როგორია საქართველოს პერსპექტივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით? ამ კვირაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიის სათაური ასე ჟღერს: “საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა”. მართლა მოკვდა?

ასმუსი: არა, არ მომკვდარა! ამ ანგარიშს არა მგონია, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ევროატლატნიკურ შანსებზე. საქართველოს ევროატლანტიკურ შანსებზე გავლენას იქონიებს ის, შეძლებს თუ არა ამჟამინდელი მთავრობა, წარმოადგინოს გონივრული სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და, უწინარეს ყოვლისა, შეძლებს თუ არა საქართველო, დაუბრუნდეს რეფორმების კურსსა და ისევ გახდეს სანიმუშო - რეფორმების თვალსაზრისით; და შეძლებს თუ არა საქართველო, გახდეს უფრო მიმზიდველი პარტნიორი დასავლეთისთვის. საუკეთესო რამ, რის გაკეთებაც საქართველოს შეუძლია თავისი შანსების გასაუმჯობესებლად, ის არის, რომ გახდეს უფრო ღია, უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად უფრო წარმატებული ქვეყანა. ქართველ მეგობრებს ვურჩევდი, ამაზე გაამახვილონ ყურადღება! რადგან მინდა გახდეთ ისეთი პარტნიორი, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ნატოში, რა ზომებს მივმართოთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში, ვიმსჯელოთ საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვის შესახებ, რადგან საქართველო იტყვის - და სრულიად სამართლიანადაც - რომ რეფორმების განხორციელება გაცილებით უფრო იოლი იქნება, თუ საქართველო თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს. დღეს კი საქართველო თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, რადგან წელიწადნახევრის წინ იქ ინტერვენცია განხორციელდა. ეს არის საკითხი, რომელზეც ახლა უნდა ვიმსჯელოთ.
XS
SM
MD
LG