Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტი, რომელმაც ყველა ააღელვა


მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა
მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებს წარუდგინა ეკონომიკური თავისუფლების აქტი, ანუ კონსტიტუციური კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ. პრეზიდენტის ამ ინიციატივას თითქმის მთელი კვირის განმავლობაში არჩევდნენ პოლიტიკოსები და პროფესიონალი ეკონომისტები.

მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური კანონპროექტი დეპუტატებს 6 ოქტომბერს გააცნო. თითქმის ერთსაათიანი გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ თავისუფლების აქტით ეკონომიკური რეფორმები შეუქცევადი გახდება:

„იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მონაპოვარი და ინსტიტუციური საფუძველი შევუქმნათ ჩვენი ეკონომიკის თავისუფლებას, მე გთავაზობთ, რომ კონსტიტუციურად დავიცვათ ის გაბედული ეკონომიკური ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ ბოლო წლების განმავლობაში და რომელთა კურსიც გვინდა, რომ გავაგრძელოთ მომავალში.“

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კონსტიტუციურ კანონში ჩაიწერება მთლიან შიდა პროდუქტთან ბიუჯეტის მოცულობის შეფარდება, რომელიც 30 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, საბიუჯეტო დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს და სახელმწიფო ვალი - 60 პროცენტს. გარდა ამისა, შეუძლებელი იქნება გადასახადების მოცულობის შეცვლა რეფერენდუმის გარეშე და ახალი ლიცენზიების დაწესება. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივას მრავლად აღმოაჩნდა როგორც მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე. ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა ეკონომიკური თავისუფლების აქტი, მთლიანობაში, დადებითად შეაფასა, თუმცა იქვე შენიშნა, რომ თავად მეტი რადიკალიზმის მომხრეა. მისი თქმით, სახელმწიფოს ხარჯები - მშპ-ის 30% ,ზოგადად, დიდია, იგი არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს, ხოლო საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისათვის - 15%-ს. ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ -ის 3% , უბრალოდ, ცუდია, სერიოზული უკანდახევაა შარშანდელი დაპირების შემდეგ. ბიუჯეტის დეფიციტური დაგეგმვა უნდა აიკრძალოს 3-5 წლის ვადაშიო.

ეკონომიკური თავისუფლების აქტი დაიწუნა გია ხუხაშვილმა, რომლის თქმითაც, კანონპროექტში არაფერია ნათქვამი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის - საკუთრების დაცვის ხელყოფის - შესახებ.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა დაიწუნა თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. „ალიანსი საქართველოსათვის“, ქრისტიან-დემოკრატებისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების მოგებისა და ხელისუფლების შენარჩუნების სურვილი ამოძრავებს. აი, რა განაცხადა დავით საგანელიძემ:
„ის ინიციატივები, რაც ბიზნესის გათავისუფლებას, გადასახადების შემცირებას და მათი კორექციის თითქმის შეუძლებლობას გულისხმობს, უმძიმეს ფონს შექმნის ქვეყანაში.“

მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას გასულ კვირაში ქართველი პედაგოგებიც ითხოვდნენ. 5 ოქტომბერი, ანუ მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა საპროტესტო აქციით აღნიშნა. მანანა ღურჭუმელიძემ, პროფკავშირის ლიდერმა, ჩამოთვალა ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც პედაგოგებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს.

“აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს, რომ მასწავლებლებთან გაფორმდეს უვადო ხელშეკრულებები, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი შეიმუშაონ თავად პედაგოგებმა, რომ შეწყდეს პედაგოგთა უკანონო გათავისუფლებები და კიდევ სხვა პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც პედაგოგებს საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2008 წლის 8 მაისს წყნეთში დაჰპირდა. არადა, როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტში განგვიცხადეს, აღნიშნული კანონპროექტი აუცილებლად ჩავარდება”, - აცხადებს მანანა ღურჭუმელიძე.

გასულ კვირაშივე, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, შეიკრიბა ანტიკრიზისული საბჭო, რომლის წევრებმაც 9 ოქტომბერს ენერგეტიკისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებს მოუსმინეს. რატომ ვერ მოხერხდა რეგიონებში ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება? როგორ ეხმარება ხელისუფლება მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს? ანტიკრიზისული საბჭოს წევრთა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მთავრობის წევრებმა თითქმის ორი საათი მოანდომეს. საბჭოს თავმჯდომარის, გია თორთლაძის, თქმით, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი რაჭაში, სადაც მიწისძვრით დაზარალებულ რამდენიმე ასეულ ოჯახს დღემდე ავარიულ შენობებში უწევს ცხოვრება.

„400 შენობაა, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას. 600-მდე შენობას მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული... ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს მთავრობის ხედვა, რას აპირებენ - გადასცემენ კომპენსაციებს თუ ახალ სახლებს აუშენებენ... ზამთარი ახლოვდება და გადაწყვეტილება მისაღებია ძალიან სწრაფად“, - განაცხადა თორთლაძემ.

თუმცა საბჭოს ხდომაზე გაირკვა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რომ მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, რობერტ სიმონსის, ვიზიტი. საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პირველი ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი, თუმცა უკვე ამ ეტაპზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ყოველწლიური პროგრამის შესრულების მდგომარეობის შეფასებისას, სიმონსმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ მუშაობას წარმატებული უწოდა:

“შეხვედრებმა, რომლებიც მე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გავმართე, სახელმწიფო მინისტრის მეთაურობით, აჩვენეს, რომ პროცესი დინამიკურად ვითარდება და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ძირითადი მოთხოვნები პოზიტიურად სრულდება.“

საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ნატო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე ზემოქმედებისათვის. - ეს იყო მთავარი გზავნილები, რომლებიც რობერტ სიმონსის ვიზიტის განმავლობაში მის თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაში გაისმა. გასულ კვირაში ალიანსში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით დამაიმედებელი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.

ღია კარის პოლიტიკის პრინციპი ძალაში რჩებაო, განაცხადა გენერალურმა მდივანმა და იქვე შენიშნა, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და ნატოს ვერც ერთი არაწევრი ქვეყანა ვერ შეძლებს გაფართოების შესახებ ნატოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებას. მე ამ პრინციპებს ვიცავ და ისინი მეორეხარისხოვანი არ არისო, თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა. გასული კვირის მიწურულს გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოში ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკეინი, აპირებს ჩამოსვლას - ამის შესახებ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დიმიტრი შაშკინისთვის უქვამს. საქართველოში ასევე ჩამოსვლას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ალექსანდრ ვერშბოუ. სტუმრობის თარიღად საქართველოში ამერიკის საელჩომ 19-20 ოქტომბერი დაასახელა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG