Accessibility links

თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ


თურქეთმა და სომხეთმა დღეს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთობების ნორმალიზების და საზღვრების გახსნის შესახებ, თითქმის ერთსაუკუნოვანი უთანხმოების შემდეგ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და მისმა თურქმა კოლეგამ, აჰმეტ დავითოღლუმ პროტოკოლები შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გააფორმეს. სხვებთან ერთად, ისტორიულ ცერემონიას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროპის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი. ხელშეკრულების გამოფორმებას მიესალმა ევროპის კომისია - მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი დადებითად აისახება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის განმუხტვაზე. დღეს უფრო ადრე დოკუმენტის ხელმოწერა ცოტა ხნით გადაიდო, ცერემონიაზე წარმოსათქმელი სიტყვების ირგვლივ წამოჭრილი უთანხმოების გამო - მაგრამ საკითხი დიპლომატიის მეშვეობით გადაიჭრა. დოკუმენტის რატიფიკაცია ახლა ორივე ქვეყნის პარლამენტებმა უნდა მოახდინონ. სომეხი და თურქი ნაციონალისტები შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან. თურქეთსა და სომხეთს შორის ისტორიული დაძაბულობის მიზეზია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში ერთ მილიონზე მეტი სომხის დახოცვა. სომხეთი ამას გენოციდს უწოდებს - ანკარა ბრალდებას უარყოფს. დღეს გაფორმებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს პირველი მსოფლიო ომის პერიოდის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნას.
XS
SM
MD
LG