Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში საქართველოში ჩატარდა ნატოს კვირეული, რომელიც თვალისმომჭრელი ღონისძიებებით აღინიშნა და ფართოდაც გაშუქდა, თუმცა საქართველოში უწინდებური ეიფორია აშკარად ჩამცხრალია. გაუმართლებელი მოლოდინი, რომ ნატოს კარები საქართველოსათვის იოლად და მალე გაიღება, მთელი რიგი გარემოებების გამო, დაეჭვებამ შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტის სამიტის დაპირება ძალაშია, საქართველომ არ იცის, საბოლოოდ რა გზას აირჩევს ნატოს ალიანსი ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების – უკრაინისა და საქართველოს - ნატოში გაწევრიანების მიმართ. თავის მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობა, რომელიც 6 წელია საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს, ბოლომდე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო ახალ ომში არ ჩაებმება რუსეთთან ანდა არ განმეორდება ახალი 7 ნოემბერი, რომელმაც, შარშანდელ აგვისტოს ომთან ერთად, დიდი ხნით დაამუხრუჭა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი.

აქედან გამომდინარე, შინაარსისაგან აბსოლუტურად დაცლილი ჩანს ისეთი განცხადებები, როგორიცაა: საქართველო “აუცილებლად გახდება ნატოს წევრი” ან “მესამე ქვეყანა [იგულისხმება რუსეთი] ვერ მოახდენს გავლენას ნატოს გაფართოებაზე”. ამას ამტკიცებდა ყოფილი გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და იგივე ტექსტი გაიმეორა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ახალმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა.

“ჩვენი ალიანსი ფასეულობებს ეფუძნება და სწორედ ამიტომ იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები - რასაკვირველია, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ნატოს წევრობა ავტომატურად გარანტირებული არ არის - ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩნდება.”

ანდერს ფოგ რასმუსენის ეს პათოსი მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ აუცილებელიც, რომ საქართველომ ყურები არ ჩამოყაროს და არ გადაუხვიოს ევროატლანტიკური პარტნიორობის გზას. მაგრამ იქნებ დადგა დრო ღიად დაიწყოს საუბარი იმ კრიტერიუმებზე, რომელთაც საქართველო ჯერ ვერ აკმაყოფილებს.

ეს სიცხადე კარგია საქართველოს პოლიტიკური ელიტისათვის, რომელიც დეზორიენტირებულია. ოპიზიცია დარწმუნებულია, რომ ნატოში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაშვებული კატასტროფული შეცდომებია, რამაც ქვეყანა ჯერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებამდე და შემდეგ კი რუსეთთან სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა.

საქართველოს ხელისუფლებას კი ჯიუტად სჯერა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა არაფერ შუაშია და რომ ქვეყანა ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში იმსახურებდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP-ს). მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოში ფიქრობს, რომ ნატოს შიგნით არსებობს კონსერვატიული ბანაკი, ე.წ. “ძველი ევროპა” (განსაკუთრებით - საფრანგეთი და გერმანია), რომელმაც რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესებს ანაცვალა ევროატლანტიკური ფასეულობები და საქართველოს არ მისცა, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ხოლმე, ნატოს უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება.

საფრანგეთის მიმართ ბრაზი დააცხრო პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ, რომელმაც საქართველოს ხელახალი ანექსიის წყურვილით აწყვეტილი რუსეთის არმია შარშან ზედ საქართველოს დედაქალაქთან გააჩერა.

მაგრამ გერმანიის მიმართ კი წყენა დარჩა და ამ წყენამ ახალი ძალით ამოხეთქა ე.წ. "ტალიავინის კომისიის" დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გასულ კვირაში “გაზპრომთან” გარიგებაში დაადანაშაულეს არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის გერმანელი წევრი ოტო ლუხტერჰანდტი, არამედ საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. გასულ კვირაში ყველაზე ექსტრავაგანტური კომენტარი საქართველოს ინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გააკეთა: “მე არ ვიცი, ისინი 'გაზპრომის' ფულებს პირადად იღებდნენ თუ შემოვლითი გზებით. ეს მე რაღაც სოდის მიღებას მაგონებს 'მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან'. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი არის ის, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა ექსპერტებმა თავისი სანდოობა დააყენეს ეჭვის ქვეშ - თავისი პუბლიკაციებით, პირველ რიგში. ხოლო რატომ აკეთებენ ამას, რისთვის აკეთებენ და ვისთვის აკეთებენ, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.”

ქართული საინფორმაციო საშუალებები უფრო შორს წავიდნენ და ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიეს. საააგენტო “ექსპრესნიუსის” ცნობით, რომელიც სხვა მედიასაშუალებებმაც აიტაცეს, თურმე მოხსენებაზე მუშაობის დროს ლუხტერჰანდტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახმარებით სარგებლობდა, რომელსაც, პოსტიდან გადადგომის შემდეგ, “გაზპრომი” დასაქმებას დაჰპირდა.

ეს კი უკვე ვეღარ მოითმინა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და, პირველად ორი ქვეყნის ურთიერთობაში, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებს კატეგორიულად მოსთხოვა “უარეყოთ სპეკულაციები” და “გაესწორებინათ ყალბი ინფორმაცია”.

და ეს მოხდა სწორედ ნატოს კვირეულის დღეებში, რომელიც მოსახლეობაში ალიანსისა და მასში შემავალი ქვეყნების პოზიტიური იმიჯის შექმნას ისახავდა მიზნად. გერმანიას კი ნატოში ნამდვილად ეთქმის სიტყვა. ალიანსის სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურების ხელმძღვანელობის 20 პროცენტი გერმანელი სამხედროებითა და დიპლომატებით არის დაკომლექტებული. გერმანია, შეერთებული შტატებისა და კანადის შემდეგ, იხდის ყველაზე დიდ საწევროს ნატოს სალაროში. და ესეც რომ არ იყოს, საქართველოს მხრიდან, ცოტა არ იყოს, უმადურობაა, რუსეთის “გაზპრომის” ინტერესების ლობირებაში ლამის ყოველ ნაბიჯზე დაადანაშაულოს იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლისგანაც საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობის სესხი აქვს აღებული ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ორმხრივ კრედიტორებთან საგარეო ვალის ერთი მეოთხედი, 264,მლნი ლარი, სწორედ გერმანიაზე მოდის.

დიპლომატიაში უკვალოდ არაფერი იკარგება. პაპის ნაჭამი ტყემლისა არ იყოს, საქართველოს ხელისუფლების დაუბალანსებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკა აუცილებლად მწვავედ იჩენს თავს, როდესაც კვლავ დადგება დღის წესრიგში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უფრო ღრმა ინტეგრაციის საკითხი.

საქართველოს ხელისუფლებას, ნატოში რუსეთის მეხუთე კოლონისა თუ ევროპაში მოლოტოვ-რიბენტროპის აჩრდილების ძებნას, ურჩევნია გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, გაათავისუფლოს მედია, შეცვალოს საარჩევნო გარემო და შექმნას პრეცედენტი ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით შეცვლისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, შესაძლოა, ნატოს დოკუმენტებიდანაც გაქრეს და მისი გონებიდანაც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG