Accessibility links

წლევანდელმა შემოდგომამ ყველანაირი მუსიკის მოყვარული გაახარა საქართველოში. ოქტომბრის პირველ დღეებში თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა მუსიკის ფესტივალი ”შემოდგომის თბილისი” და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ალექსანდრე კორსანტიას კონცერტით გაიხსნა. ამავე დღეებში დაიწყო ფესტივალი ”ჩვენებურები” - შეიძლება ითქვას, ერთადერთი მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას აძლევს. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ”ჩვენებურების” გახსნას დაამთხვია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ახალი ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია. ჟურნალს ”დიასპორის მაცნე” ჰქვია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ”ჩვენებურების” მიმდინარეობის დროს ჩატარებული ყველა ღონისძიება მოკლებულია ხოლმე ფსევდოპატრიოტულ პათოსსა და ყალბ ნოსტალგიას, რაც მუდმივად იგრძნობოდა ასეთი ხასიათის შეხვედრებზე ჯერ კიდევ ამ ათი წლის წინ. წელსაც ასე იყო - საქართველოში ჩამოსულმა ასამდე სტუმარმა, რომელთა შორის ბევრია ისეთი, ვისაც საქართველოსთან მხოლოდ და მხოლოდ მუსიკა აკავშირებს, ყველა შეხვედრა სიმღერით ”გააფორმა”.

ტრადიციულად, ”ჩვენებურები” წელსაც გასცდა დედაქალაქის ფარგლებს (გაგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს შესაძლებელი გახდა ”გასვლითი ფესტივალის” ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში...განსაკუთრებით წარმატებით ჩატარდა ”გასვლითი ‘ჩვენებურები’ ” თურქეთში)... ფესტივალის პრეზიდენტმა გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ წლევანდელი ”ჩვენებურები” მხოლოდ კონცერტებით არ შემოფარგლულა.

დიახ, ”ჩვენებურებს” საქართველოს პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, ხოლო მთლიანად ფესტივალი, როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ”საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით” იმართება... ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ფესტივალს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვაც აქვს: საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ფესტივალის ჩატარებით, საპატრიარქო - ფოლკლორის პროპაგანდით, მაგრამ არა ყველანაირი მუსიკით.

მაგალითად, გაზეთ ”საპატრიარქოს უწყებანის” ვებგვერდზე შეგვიძლია გავეცნოთ ნათია თათარაშვილის პუბლიკაციას, სათაურით ”როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება”(http://www.orthodoxy.ge/skhva/roki1.htm). წერილში ვკითხულობთ: ”სატანური როკის მიმდევარი გახლავთ ”როლინგ სტოუნზი”, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ ”ზე ჰუ”, ”ბლექ საბათი”, ”ლედ ზეპელინი”, ‘სტიქსი’ ” ... პუბლიკაციის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას რობერტ პლანტსა და მის ანსამბლზე ამახვილებს: „‘ლედ ზეპელინებსაც’ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა -”ვარსკვლავთა გზა ცისკენ”, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი-ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: ”მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას”... სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ ”ლედ ზეპელინების” რჩევებს და ჯოჯოხეთისკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.”

მწყემსი მესალამურის (გაგახსენებთ, რომ საქართველოში სალამურზე, ტრადიციულად, მწყემსები უკრავდნენ) სატანად წარმოდგენა იმდენად სასაცილოა, რომ შეიძლება იფიქროთ, მთელი ეს პუბლიკაცია ხუმრობაა, ”საპატრიარქოს უწყებანის” იუმორისტულ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში მაინც სერიოზულად კითხულობენ ასეთ წერილებს... სწორედ ასეთი პუბლიკაციებიც უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ რამდენი ხანია ქვეყანაში არ ჩატარებულა კარგი როკ-კონცერტი, ალტერნატიული მუსიკის კარგი ფესტივალი. ახალგაზრდებიც ნელ-ნელა ივიწყებენ იმ ანსამბლებს, რომლებიც ჩამოთვალა ნათია თათარაშვილმა და უფრო მეტად რუსულ პოპ-მუსიკას უსმენენ.

შეიძლება ასე იფიქროთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად ასე არაა საქმე.

ასე დაწყებულა ანსამბლ ”ლედ ზეპელინის” ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი 3 ოქტომბერს რკინიგზელთა სახლის დარბაზში. ”დაწყებულას” იმიტომ ვამბობ, რომ კონცერტზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანსამბლის ერთგული თაყვანისმცემელი ვარ აგერ, მგონი, 40 წელია, წასვლა ვერ მოვახერხე...უბრალოდ, არ ვიცოდი: აქცია-კონცერტს ”ეძღვნება ლედ ზეპელინს” რეკლამა თითქმის არ ჰქონდა, მიუხედაავდ იმისა, რომ კონცერტში ქართული როკ-მუსიკის საუკეთესო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ - ”მძიმე ჯვრის” მუსიკოსები, გია სალაღიშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, ”სტრინგი” - სრულიად განსხვავებული ჟანრის, თაობის და, ვაღიაროთ, შესაძლებლობების მუსიკოსები, რომელთაც ზეპელინის ეგრთ წოდებული ”ქავერები” უნდა შეესრულებინათ, ე.ი. მაქსიმალურად გამოეხატათ ინტერპრეტაციის უნარი..თუმცა, საბედნიეროდ, შესაძლებელი გახდა მთელი ამ კონცერტის ნახვა და მოსმენა ინტერნეტში, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე.

ახალგაზრდები უკვე მთლიანად მოიცვა ლედ ზეპელინის მუსიკამ, როცა დარბაზში შუქი ჩაქრა. მოგვიანებით ჩემმა ნაცნობმა, რომელიც კონცერტს დაესწრო, მითხრა, დარბაზში ამ დროს ყვიროდნენ: ”შუქი გამოგვირთეს...ეს ხომ მოსალოდნელი იყოო”... უფროსი თაობის ხალხი ამბობდა, თურმე, ამას...ის ხალხი, ვისაც კარგად ახსოვს, როგორ ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება ასეთი ტიპის როკ-მუსიკას... და ისიც იცოდა, რომ ახლა ”მესალამურეებს” მიიჩნევენ უკვე ”სატანისტებად”...მაგრამ სინათლე მოვიდა და კონცერტის გაგრძელებაც შესაძლებელი გახდა...

ვიდეოჩანაწერით თუ ვიმსჯელებთ, „ლედ ზეპელინისადმი“ მიძღვნილ ამ კონცერტს უამრავი ნაკლი ჰქონდა - განსაკუთრებით აკუსტიკის თვალსაზრისით. ვოკალისტებიც ზოგჯერ თითქოს პლანტის პაროდირებას მიმართავდნენ...საერთოდ, ინსტრუმენტები ბევრად უკეთ ჟღერდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ თბილისში აღდგა როკ-კონცერტის ჩატარების ტრადიცია; მთავარი ისაა, რომ კარგ როკს ისევ ჰყავს თაყვანისმცემელი საქართველოში - „ლედ ზეპელინმა“ განსხვავებული თაობის მუსიკის მოყვარულები გააერთიანა...ამბობენ, რომ დაახლოებით ერთ თვეში კიდევ ჩატარდება ასეთი კონცერტი. გირჩევთ, არ გამოტოვოთ. აქ მოუსმენთ იმათ, ვისაც ჩვენი ტელევიზიები კვლავ ერიდებიან... უფრთხიან ”მესალამურეებს”.
XS
SM
MD
LG