Accessibility links

ერდოანი ერევანს მოუწოდებს, დატოვოს მთიანი ყარაბაღი


რეჯეპ ტაიპ ერდოანი

რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვირას განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა დატოვოს აზერბაიჯანში ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, იმისათვის, რომ ანკარასა და ერევანს შორის გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცოს.

”თუ სომხეთი აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გავა, თურქეთი ამ საკითხს დადებითად ვერ მოეკიდება” - განაცხადა ერდოანმა ანკარაში გამარტულ პარტიის კონგრესზე და დასძინა: ”ჩვენ გვსურს მთიანი ყარაბაღის და ოკუპირებული ტერირორიების პრობლემებიც ასევე გადაწყდეს. თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემები გადაიჭრება, მაშინ თურქეთის საზოგადოებასაც გაუადვილდება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიღება. ამასთან, ეს თურქეთის პარლამენტსაც გაუადვილებს პროტოკოლების დამტკიცებას.”

თითქმის საუკუნოვანი უთანხმოებისა და დაპირისპირების შემდეგ, თურქეთმა და სომხეთმა შაბათს გააფორმეს შეთანხმება ურთიერთობის ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უნივერსიტეტში შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და მისმა თურქმა კოლეგამ, აჰმეტ დავუთოღლუმ. სხვებთან ერთად, ისტორიულ ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი,
აჰმეტ დავუთოღლუ და ედვარდ ნალბანდიანი ციურიხში გამართულ ცერემონიაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები.

უაღრესად რთული და დაძაბული ვითარების გამოხატულება იყო ის გარემოება, რომ შაბათს დოკუმენტის ხელმოწერა სამი საათით გადაიდო - ცერემონიაზე თურქეთის დელეგაციის წევრთა მიერ წარმოსათქმელ სიტყვებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. მაგრამ საბოლოოდ, დიპლომატების ძალისხმევით, უთანხმოება მოგვარდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთისა და სომხეთის დელეგაციების წევრებს უთხრა, ხელმოსაწერი დოკუმენტები მეტისმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ისინი წარმატებით არ განხორციელდესო. კლინტონის თქმით, ხელმოწერისთვის მზადების პროცესში ის ტელეფონით რამდენიმეჯერ დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას.

შეთანხმება ახლა თურქეთისა და სომხეთის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. შეთანხმებას ორივე ქვეყანაში ეწინააღმდეგებიან ნაციონალისტები - ისევე როგორც სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც მოითხოვენ, რომ თურქეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა გენოციდად აღიაროს. ანკარა ბრალდებას უარყოფს.

”[ერევანსა და ანკარას შორის] შეთანხმებას პარლამენტს წარვუდგენთ, მაგრამ იმისათვის რომ გადაწყვიტოს, აამოქმედოს თუ არა ის, პარლამენტმა უნდა განიხილოს, რა ვითარებაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის” - თქვა კვირას ერდოანმა.
სომხეთთან თავისი საზღვარი თურქეთმა 1993 წელს დაკეტა და მაშინვე გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი ერევანთან - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანთან სოლიდარობის ნიშნად. კვირის გამოსვლაში ერდოანი შეეცადა მხარი დაეჭირა სწორედ მოკავშირე აზერბაიჯანისთვის, რომელიც ანკარასა და ერევანს შორის დადებულ შეთანხმებას მკვეთრად უარყოფითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს იმ ძმურ კავშირებს, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს ისტორიულად აქვთ.

აზერბაიჯანის საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მანამ, სანამ სომხეთის ჯარი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიას არ დატოვებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ბაქოს ინტერესებს. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა ეჭვქვეშ დააყენებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის არქიტექტურას.

ბაქოს მხრიდან ნეგატიური რეაქციის პარალელურად, შეთანხმებას ბევრი დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. მაგალითად, ევროპის კომისია ამ ნაბიჯს მიესალმა და განაცხადა, რომ ის დადებითად აისახება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის განმუხტვაზე. პოზიტიურია რუსეთის აზრიც - საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მიესალმება შეთანხმების გაფორმებას, და მზად არის დახმარების გასაწევად. ლავროვის განცხადებით, ეს შეთანხმება არანაირ მესამე მხარეს არ აყენებს ზიანს.

ოქმების გაფორმების ფაქტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი ლიზ ფულერი. მისი თქმით, „პირველი ოქმი ადასტურებს ორივე მხარის სწრაფვას, განავითარონ ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა, თან არა უბრალოდ, დიპლომატიური ურთიერთობა, არამედ კეთილმეზობლური ურთიერთობა. მეორე ოქმი განსაზღვრავს გადასადგმელ ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდება.“თუმცა, ლიზ ფულერი დასძენს, რომ ოქმების პრაქტიკული განხორციელება იოლი საქმე არ იქნება - მით უმეტეს, რომ დოკუმენტების ასამოქმედებლად აუცილებელია მათი რატიფიკაცია ორი ქვეყნის პარლამენტების მხრიდან.

ამოქმედების შემთხვევაში, ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის თურქეთის როლს სამხრეთ კავკასიაში. შეთანხმება დადებითად აისახება სომხეთზეც, რომელიც ინვესტიციების მიზიდვას და ვაჭრობის მნიშვნელოვნად გააქტიურებას შეძლებს. მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი ვარაუდობს, რომ სომხეთის ლიდერს, სერჟ სარქისიანს, ამ ნაბიჯის გამო წინააღმდეგობა შეხვდება როგორც შინ, ისე სომხური დიასპორის მხრიდან - რომელიც ანკარასთან შეთანხმებას ეჭვის თვალით უყურებს.
XS
SM
MD
LG