Accessibility links

ეროვნული უშიშროების საბჭო გაფართოებულ სხდომაზე ოპოზიციას იწვევს


პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 17 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა ჩატარდება. სხდომაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მიწვეული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკვანძო თემების გარშემო ისაუბრებენ. ანგარიშს წარადგენენ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება არსებული ვითარების შეჯამება და სამომავლო მოქმედების გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ეკა ტყეშელაშვილმა ტელეეთერით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში საკუთარი ”ღირებული წვლილის შეტანა” შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოთქვა იმედი, რომ პროცესში ოპოზიცია აქტიურად ჩაერთვება. უშიშროების საბჭოს პირველი გაფართოებული სხდომა, რომელშიც პრეზიდენტის ინიციატივით მიწვეული იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, აგვისტოს ბოლოს ჩატარდა. მასში საპარლემენტო ოპოზიცია მთელი შემადგენლობით, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობდა. მომდევნო სხდომის ჩატარება სექტემბერში 2-ჯერ გადაიდო. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადეს კონსერვატორებმა, ნინო ბურჯანაძის პარტიამ, ნოღაიდელის პოლიტიკურმა ძალამ და ეროვნულმა ფორუმმა. წინასწარი ინფორმაციით შეხვედრაზე მივლენ წარმომადგენლები სამი პარტიიდან: ”ალიანსი - საქართველო”, ”თავისუფლება” და ”ტრადიციონალისტები”.
XS
SM
MD
LG