Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთ-სომხეთის შეთანხმება - საფრთხე თუ მშვიდობა?


საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ინტერესით აკვირდებიან თურქეთ-სომხეთის შეთანხმებას ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ. შესაბამისად, აქტუალური გახდა ის, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის აღდგენამ რეგიონში დაგეგმილ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე. როგორც ცნობილია, სომხეთი უმოკლესი მარშრუტია თურქეთისა და ევროპისკენ მიმავალი ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსებისა და ტვირთებისთვის.

წლების მანძილზე სომხეთსა და თურქეთს შორის ჩაკეტილმა საზღვარმა აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსების დასავლეთში ტრანსპორტირებით დაინტერესებული კომპანიები აიძულა სხვა სატრანზიტო მარშრუტები ეპოვათ. ასეთ ვითარებაში რუსეთის ალტერნატიულმა ენერგეტიკულმა დერეფანმა თუ სატრანსპორტო მარშრუტმა საქართველოზე გაიარა, რაც ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად ელემენტად იქცა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი რეგიონის მიმართ გაჩნდება მეტი ნდობა, გაჩნდება მეტი ინვესტიციები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია
ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენაზე, რაც შეიძლება თურქეთ–სომხეთის შეთანხმებამ საქართველოზე იქონიოს. ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამენ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა თუ კონფლიქტების ექსპერტები. რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობათა ნორმალიზება საქართველოსაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს:

„აშკარად ჩანს, რომ ჩვენი რეგიონის მიმართ გაჩნდება მეტი ნდობა, გაჩნდება მეტი ინვესტიციები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გაიზრდება ტვირთბრუნვა, გამოთავისუფლდება ჩვენთან რესურსები და სხვა ტვირთებით დაიტვირთება. რაც არ უნდა იდეალური სურათი დავხატოთ, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მხოლოდ დაიწყო.“

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად, ეკონომიკური უსაფრთხოების ექსპერტი დავით ებრალიძეც ფიქრობს, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ვერაფრით დააკნინებს საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული დერეფნების მნიშვნელობას. უფრო მეტიც, მაგალითად, „ნაბუკოს“ პროექტი კიდევ უფრო სიცოცხლისუნარიანი შეიძლება გახდეს, რადგან მასთან სომხეთის გავლით ერაყისა და ირანის გაზსადენების დაკავშირების პერსპექტივა იზრდება.

განსხვავებული ვითარებაა ტვირთების ტრანსპორტირების სფეროში. დავით ებრალიძის აზრით, თურქეთ–სომხეთის საზღვრის გახსნა სერიოზულ კონკურენციას გაუწევს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას:

„ტვირთების ტრანსპორტირებაში სერიოზული ზეგავლენა შეიძლება იქონიოს თურქეთ–სომხეთის შეთანხმებამ.“

დავით ებრალიძე
ებრალიძე ამ ეკონომიკურ ცვლილებაში საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებს ხედავს:

„გარკვეულწილად, რუსეთს ეს საშუალებას აძლევს, რომ ტვირთები, რომელიც საქართველოს გავლით უნდა შეეტანა, ახლა თურქეთიდან შეუძლია მიაწოდოს სომხეთს. და ეს, გარკვეულწილად, უფრო დამოუკიდებელს ხდის როგორც რუსეთს, ასევე სომხეთს. ამან შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების რისკები გაზარდოს.“

ყველაზე ძველმა კონფლიქტმა დაიწყო გალღობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას
განსხვავებული აზრი აქვს კონფლიქტების ექსპერტს პაატა ზაქარეიშვილს. იგი ფიქრობს, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში უფრო მეტი დინამიკა გაჩნდება ერთ-ერთი ძველი კონფლიქტის მოგვარების დაწყების შემდეგ:

„ყველაზე ძველმა კონფლიქტმა დაიწყო გალღობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას.“

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ არაფერია ტვირთების რაოდენობის შემცირება იმ შედეგთან შედარებით, რაც შეიძლება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის მოწესრიგებამ მოიტანოს – ესაა მშვიდობა რეგიონში.
XS
SM
MD
LG