Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 ოქტომბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას „მთელი კვირით“ ვიწყებთ, სადაც ორ ინტერვიუს გაეცნობით. პირველია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან. დასკვნაზე ლაპარაკობს, ამბობს, ჩვენ ამ 900-გვერდიანი დოკუმენტის დამუშავების პროცესში ვართ ჯერ კიდევ, თუმცა ცხადია, რომ ის მძიმე დოკუმენტია როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვისო. „მე 3 აგვისტოს ვუთხარი სააკაშვილს, რაც არ უნდა მოხდეს, არ გაისროლო, თორემ ჩვენ აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში. ცნობს პუტინი აფხაზეთს და სამაჩაბლოს, წავაგებთ ომს და ქვეყანა დაგვეღუპება-თქო“, - უთხრა ნინო ბურჯანაძემ „მთელ კვირას“.

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი კი გაზეთს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ შეხვედრებზე ელაპარაკა. „არ გვაქვს ილუზია, რომ ძალიან სუფთა საარჩევნო გარემოს მივაღწევთ, მაგრამ ასატანი საარჩევნო გარემოს შექმნის ალბათობა დაბალი არ არისო“, - უთხრა დავით ბერძენიშვილმა „მთელ კვირას“.

„24 საათში“ წაიკითხავთ პრესომბუდსმენის სვეტს. ნოდარ ლადარია წერს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს მეოთხე სავალდებულო გამოცდას ამატებენ, რაც არჩევანის თავისუფლებას ამცირებსო. ავტორის აზრით, დროა გამოვიკვლიოთ გამსწორებელთა ეკონომიკური ინტერესები, რადგან, მეტ-ნაკლებად უცვლელი შემადგენლობის წყალობით, იმის უნარი შესწევთ, რომ საკუთარი ინტერესების ლობირება განახორციელონო. „როინ მეტრეველის იდეალამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ თავსაც ნუ ვიტყუებთ“, - წერს პრესომბუდსმენი „24 საათში“.

„კვირის ქრონიკა“ კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, იმავე იაპონჩიკის სიკვდილზე წერს. „ვინ იქნება ის, ვინც შეცვლის მას?“ - კითხულობს ავტორი. ვრცელ სტატიაში ნახავთ, თუ ვინ როდის „მოსვეს არაქურდად“ და ვცრლადაა განხილული ვერსია, რომლის მიხედვითაც, იაპონჩიკი ტარიელ ონიანმა მოაკვლევინა.

დაბოლოს, „კვირის პალიტრაში“გაეცნობით ვრცელ სტატიას პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას შესახებ. „კარგად გაპიარებული „მკურნალი“ გაკოტრდაო“, - წერს გაზეთი და ჰყვება: ლომაიას ოფისი ცარიელი დაგვხვდა. ბინის პატრონმა გვითხრა, პარაფსიქოლოგი ისე გაქრა, რომ ქირა არ გადაუხდია, მხოლოდ წერილი დატოვა, თქვენს და ყველას ვალს აუცილებლად გადავიხდიო. ლომაიას ასავალ-დასავალი არც უახლოესმა მეგობრებმა იციანო, - წერს „კვირის პალიტრა“ და ვრცლად აღწერს, თუ როგორ საქმიანობდა ის. „სასოწარკვეთილი და დეპრესიაში მყოფი საზოგადოება ხშირად ხდება თაღლითების სამიზნე. სასწაულს მოწყურებული ხალხი ხან მკითხავებისა და ნათელმხილველების ჯიბეს ასქელებს, ხან კი „სასწაულმოქმედი მკურნალებისო“, - წერს „კვირის პალიტრა“.
XS
SM
MD
LG