Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ ინდულგენცია, მერე - გაბრწყინება


გასულ კვირაში საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ვახტანგ (ლოთი) ქობალია, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, ხანგრძლივი განმარტოების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდა, ჭრელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კი შეეემატა ორგანიზაცია, მეტად მიმზიდველი სახელწოდებით: “დემოკრატიული განახლება – ჩვენი საქართველო გაბრწყინდება.”

თქვენი არ ვიცი, მე კი ეროვნული მოძრაობიდან ველოდი იმ დროს, როცა შეიქმნებოდა პარტია, რომლის სახელწოდებაშიც და ქმედებაშიც შენივთდებოდა ეს სანუკვარი შესიტყვება – “საქართველო გაბრწყინდება.”

ამიტომ ამ ინფორმაციამ გამახარა.

მაგრამ რაკი სააგენტოს ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი ახალი პარტიის წევრებზე, უმალ მივუჯექი კომპიუტერს. მალე ჩემსა და საინფორმაციო სააგენტოს შორის, რომლის სახელსაც აქ შეგნებულად არ ვასახელებ, ასეთი მიმოწერა გაჩაღდა:

მე: - ძვირფასო სააგენტოელებო, გთხოვთ მომწეროთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გაბრწყინებას გვპირდება.

საინფორმაციო სააგენტო: - ბატონო კობა, რა თვალსაზრისით გაბრწყინებას გულისხმობთ?

მე: - იმას, რომ თქვენს ინფორმაციაში მითითებულია პარტიის სახელწოდება - “ჩვენი საქართველო გაბრწყინდება”, იმაზე კი, თუ ვინ გვპირდება გაბრწყინებას, არაფერი წერია.

საინფორმაციო სააგენტო: -გაბრწყინებისა რა გითხრათ, მაგრამ ძალიან სერიოზული ხალხია! ოღონდ ექსკლუზივი გვაქვს და ამიტომ ვინაობას მოგვიანებით, მათივე ნებართვით, გავავრცელებთ.

სხვა რომ ყოფილიყო, კიდევ ვიტყოდი რამეს, მაგრამ ამას მწერდა ის საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რის შესახებ ისაუბრეს ნინო ბურჯანაძემ და ვიქტორ პინჩუკმა კიევში და რა თანხა შესთავაზა რუსულმა “გაზპრომმა” გერმანელ ექსპერტ ოტო ლუხტენხარდტს ე.წ. ტალიავინის კომისიიდან.

ამიტომ ამ ინფორმაციამ სიმშვიდე მომგვარა, თუმცა - ამაოდ.

სულ ორ დღეში იმავე სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ პარტიის უკან, სახელწოდებით “ჩვენი საქართველო გაბრწყინდება”, ჯერჯერობით მხოლოდ ორი ადამიანი დგას – ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი. ქალბატონი ნანა ყეინიშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნაკლებად ცნობილი ფიგურაა. რამდენადაც მახსოვს, მისი სახელი საქართველოს “წითელ ჯვარში” 7 წლის წინანდელ სკანდალურ არჩევნებს უკავშირდება. ბატონ ურუზმაგ ქარქუსოვზე კი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ნამდვილად ღირს ყურადღების შეჩერება.

ურუზმაგ და მისი ძმა, ჯემალ ქარქუსოვი, საქართველოს ხელისუფლების მომხრე ცხინვალის ალტერნატიულ (დიმიტრი სანაკოევის) მთავრობაში მოღვაწეობდნენ.

ურუზმაგი ალტერნატიული მთავრობის ეკონომიკის მინისტრი იყო, ჯემალი – შინაგან საქმეთა. თუმცა განსაკუთრებით საინტერესო მათი მოღვაწეობის წინაისტორია, ე.წ. ცხინვალის პერიოდია. ძმები ქარქუსოვები დიდი ხნის განმავლობაში იდევნებოდნენ თვითაგმოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიერ. როგორც წერენ, დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი და მისი ძმა, იანეკი, რომლებიც ცხინვალის რეჟიმის ოპონენტები იყვნენ, ედუარდ კოკოითიმ ციხეში გამოამწყვდია. შეგზავნილმა მკვლელმა ჯემალ ქარქუსოვს ცივი იარაღით თავი ნიკაპამდე გაუპო, იანეკი კი ტყეში ჰყავდათ გაყვანილი მოსაკლავად. თანაც, მკვლელობას, კოკოითის დავალებით, კამერებზე იღებდნენ (იხ. http://alania-svoboda.org/?02210000000000042325). პარალელურად, მესამე ძმის, ურუზმაგ ქარქუსოვის, დევნა დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე. ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები, როგორც ვარაუდობენ, 2005 წელს საქართველოს სპეცნაზის დახმარებით ცხინვალის ციხიდან გაიქცნენ და საქართველოს შეაფარეს თავი. რუსეთიდან მათ შეუერთდა მესამე ძმაც, ურუზმაგ ქარქუსოვი.

როგორც ვთქვი, ჯემალ და ურუზმაგ ქარქუსოვები ალტერნატიული მთავრობის წევრები იყვნენ და დიმიტრი სანაკოევთან ერთად განაგებდნენ როგორც ალტერნატიული სამხრეთ ოსეთის მართვას, ისე საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი “საგანგებო ფინანსური პაკეტის” უკონტროლო ხარჯვას.

მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ალტერნატიული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი, როგორც ქართული გაზეთები წერდნენ, რუსეთში გაიქცა საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო. ურუზმაგ ქარქუსოვი კი დარჩა საქართველოში და ერთი წელი მშვიდად იღებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ხელფასს.

ეს ვრცელი წიაღსვლა იმისთვის დამჭირდა, რომ დამედასტურებინა რაც ჩემმა კოლეგებმა მომწერეს ზემოხსენებული საინფორმაციო სააგენტოდან. დიახ, ურუზმაგ ქარქუსოვი არის წონადი ფიგურა და მისი, როგორც ვარაუდობენ, პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლა, არის გაგრძელება იმ ტენდენციისა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ხელისუფლების ყოფილმა წევრებმა – ირაკლი ოქრუაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ, ზურაბ ნოღაიდელმა, ირაკლი ალასანიამ და ეროსი კიწმარიშვილმა.

ცხადია, პოლიტიკას თავისი კანონები აქვს – ვერავის მოსთხოვ ბოლომდე იყოს იმ ხელისუფლებასთან, რომელმაც საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა შიდა პოლიტიკაში. მაგრამ არიან ადამიანები, ვისთანაც მიხეილ სააკაშვილი, თავისი შეცდომების მიუხედავად, პირნათელია.

ჩემი აზრით, ურუზმაგ ქარქუსოვი და ვახტანგ(ლოთი) ქობალია ასეთ ადამიანთა რიცხვში შედიან. პირველის თაობაზე ზემოთ ბევრი ვილაპარაკე. ვისაც აღარ ახსოვს, იმისთვის კი ვიტყვი: ვახტანგ(ლოთი) ქობალიას, ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს, სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სამოქალაქო ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა გამო და იგი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა 2004 წელს პრეზიდენტის საგანგებო აქტით.

დღეს ქობალია ამბობს, რომ იგი ზურაბ ნოღაიდელის პარტიის, “სამართლიანი საქართველოს”, საბჭოს წევრი გახდა და, როგორც თავად განაცხადა, შეეცდება “გამოიყენოს თავისი კავშირები აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.”

კი, მაგრამ აქამდე ვინ დაუშალა ეს?

სხვისი არ ვიცი, მე კი დღემდე ყურში ჩამესმის ცხონებული ჟიული შარტავას მუდარა, რომელიც სოხუმის ბოლო დღეებში უთვლიდა ვახტანგ(ლოთი) ქობალიას, შეეყვანა თავისი გვარდიული დანაყოფები სოხუმის გადასარჩენად. მახსოვს ხობში დახვრეტილი ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და ხუთი გვარდიელი; მახსოვს ქობალიასთან შეხვედრა ზუგდიდში, 1993 წლის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც მე, სამხედრო პრეს-ცენტრის ჟურნალისტმა, ქართველი სამხედრო ტყვეები გადავუყვანე ზუგდიდის ციხეში მყოფ ქართველ სამხედრო ტყვეებში გასაცვლელად.

ეჰ, ვიდრე საქართველოს გაბრწყინებისა და აღდგენის საქმეს შევეჭიდებოდეთ, კარგი იქნებოდა ჯერ საკუთარი ცოდვების მონანიებაზე გვეფიქრა, თორემ საქართველოში პოლიტიკური პარტბილეთი დაემსგავსა ინდულგენციას, რომლის მიღებითაც მავანი წარსულში ჩადენილ შეცოდებათა გამოსყიდვას ცდილობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG