Accessibility links

ადგილობრივი არჩევნები კრემლის სცენარით


არჩევნები რუსეთში

არჩევნები რუსეთში

კვირას, 11 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის 75 სუბიექტში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ხელისუფლების ქვედა დონეებზე 700 ათასი ვაკანტური პოსტი უნდა დაეკომპლექტებინა. როგორც მოსალოდნელი იყო, თითქმის ყველა მანდატს პრემიერ-მინისტრ პუტინის ხელმძღვანელობით მოქმედი პარტია, ”ედინაია როსსია”, დაეუფლა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები კანონის უხეში დარღვევებით ჩატარდა.

რუსეთის დუმის სპიკერმა და პარტია “ედინაია როსსიას” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ სახელისუფლებო პარტიამ “მთელი რუსეთის მასშტაბით მოიპოვა გამარჯვება.” გრიზლოვმა განსაკუთრებით გამოყო “ედინაია როსსიას” შედეგი მოსკოვის საბჭოში:

“მოსკოვის საქალაქო დუმაში “ედინაია როსსიას” მანდატების არანაკლებ ორი მესამედი ექნება.”

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე, ხმათა 14 პროცენტით, რუსეთის დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის კომუნისტური პარტია გავიდა, სწორედ რუსი კომუნისტები იყვნენ პირველები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არჩევნების დროს დაშვებულ დარღვეევბზე ალაპარაკდნენ.

“დარღვევები იყო უფრო მეტი, ვიდრე წინა საარჩევნო კამპანიების დროს. ძირითადი დარღვევები ასეთია: უამრავმა ადამიანმა მისცა ხმა სიიდან ამოშლილთა ბარათებით; იყო ამომრჩეველთა დიდი ჯგუფები, რომლებიც კოლონებად, ორგანიზებულად გადაადგილდებოდნენ სატრანსპორტო საშუალებებით და ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას. ჩვენ ზოგიერთი ასეთი კოლონა დავაფიქსირეთ, გადავიღეთ ვიდეოზე და შევეცდებით ეს ინფორმაცია მივიყვანოთ ლოგიკურ ბოლომდე, ყველა არსებული მექანიზმის - მათ შორის, სასამართლო ინსტანციის - გამოყენებით”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის მოადგილემ, კომუნისტური პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ივან მელნიკოვმა.

ზოგან ამომრჩევლებზე, ზოგან კი დამოუკიდებელ კანდიდატებზე ზეწოლის შედეგად, “ედინაია როსსიამ” დიდი უპირატესობით მოიგო მერის არჩევნებიც ზოგიერთ რეგიონში. ასე მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრს პარტია “ერთი რუსეთიდან”, ოლეგ შეინს, რომელიც მმართველი პარტიის ფავორიტს სერგეი ბაჟენოვს უპირისპირდებოდა, საარჩევნო კომისიამ 443 დარღვევა აღმოუჩინა, რის შედეგადაც მიღებული ხმების 45 პროცენტი 26-მდე შეუმცირდა. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - კარაჩევსკიში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკა ყარაჩაევო-ჩერქეზეთში - გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სოლთან სულტანოვმა, რომელმაც ხმათა 51 პროცენტი მიიღო.

ბევრ პოლიტიკურ პარტიას რუსეთში არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ოპოზიციურ პარტიებს ხელი არ მიუწვდებოდათ მედია- საშუალებებზე, რომლებიც მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის რეკლამაზე მუშაობენ. დანარჩენი კი, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი დმიტრი არეშკინი ამბობს, ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის საქმე იყო, რომელმაც დიდი უპირატესობით უზრუნველყო მმართველი “ედინაია როსსიას”გამრჯვება ადგილობრივ არჩევნებში, სადაც არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ძალიან დაბალი იყო და 30 პროცენტს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG