Accessibility links

logo-print

თურქეთის მოულოდნელმა შეთავაზებამ სომხეთი საგონებელში ჩააგდო


აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია თურქეთის ქალაქ ბურსაში

აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია თურქეთის ქალაქ ბურსაში

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის განახლების ოქმებს მელანიც არ შეშრობოდა, რომ ანკარამ წამოაყენა პირობა, რომელიც თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვირას განაცხადა: იმისათვის, რომ თურქეთის პარლამენტმა ანკარასა და ერევანს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაამტკიცოს, სომხეთმა აზერბაიჯანში ოკუპირებული მთიანი ყარაბახის ტერიტორია უნდა დატოვოსო.

ხელშეკრულების გაფორმება ერთია, მისი რატიფიკაცია და ცხოვრებაში გატარება კი – მეორე. საერთაშორისო ეიფორია დიპლომატიის ამ მკაცრ ლოგიკას კიდევ ერთხელ შეეჯახა გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ციურიხში ხელი მოაწერეს ისტორიულ ოქმებს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ. საერთო სიხარულში დისონანსი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა შეიტანა.

”თუ სომხეთი აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გავა, თურქეთი ამ საკითხს დადებითად ვერ მოეკიდებაო”, - განაცხადა ერდოანმა ანკარაში გამართულ პარტიის კონგრესზე და დასძინა: ”ჩვენ გვსურს მთიანი ყარაბახისა და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებიც ასევე გადაწყდეს. თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემები გადაიჭრება, მაშინ თურქეთის საზოგადოებასაც გაუადვილდება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიღება. ამასთან, ეს თურქეთის პარლამენტსაც გაუადვილებს პროტოკოლების დამტკიცებასო.”

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას განსხვავებული რეაქცია მოჰყვა სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლებიც მთიანი ყარაბახის გამო ერთმანეთთან მწვავე დაპირისპირებაში იმყოფებიან და გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა.

აზერბაიჯანისთვის, რომელიც სწორედ მთიანი ყარაბახის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებას მიიჩნევს თურქეთ-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის განახლების აუცილებელ პირობად, თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია, - უთხრა რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელხან პოლუხოვმა.

“ვითარებაში, როდესაც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხი მოუგვარებელია და არ არსებობს პოზიტიური ცვლილება ამ მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობის გაუმჯობესება თურქეთსა და სომხეთს შორის სრულ წინააღმდეგობაშია აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. საზღვრების გახსნა და რეგიონში ურთიერთობების აღდგენა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთი მთლიანი პროცესი. მაგრამ თუ ამის გაუთვალისწინებლად მოხდება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის აღდგენა, მაშინ ეს დაუყოვნებლივ მიაყენებს ჩრდილს ორი მოძმე ერის - თურქეთისა და Aზერბაიჯანის - ურთიერთობას.”

სომხეთის პარლამენტის უმრავლესობის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ გალუსტ საჰაკიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სომხეთის პარლამენტი ისედაც ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდებოდა ციურიხში ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხს, ხოლო თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, სომეხი დეპუტატები თურქეთის პარლამენტის ნაბიჯებს დაელოდებიან:

“ჩვენი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას მოვახდენთ მას შემდეგ, რაც დოკუმენტს მხარს თურქეთის პარლამენტი დაუჭერს. თავის დროზე საზღვარი სომხეთთან სწორედ თურქეთმა ჩაკეტა და თურქეთი ვალდებულია პირველმა მოახდინოს სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია. ხოლო თუკი თურქეთის მხრიდან იქნება ასეთი ორაზროვანი დამოკიდებულება და პირობების დარღვევა, მაშინ ჩვენ საერთოდ უარს ვიტყვით ხელშეკრულების განხილვაზე.“

14 ოქტომბერს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, სტუმრობის მიზეზია სომხეთ-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე დასწრება. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, სომხეთის პრეზიდენტი თურქეთში შეეცდება გაარკვიოს, რამდენად სერიოზულად აყენებს თურქეთის მთავრობა მთიანი ყარაბახიდან სომხეთის გასვლას, როგორც შეთანხმების რატიფიკაციის პირობას. სომხეთის პრეზიდენტი თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. საქმე ისაა, რომ როგორც სომხეთში მცხოვრები მოქალაქეების, ასევე მრავალმილიონიანი სომხური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი წინააღმდეგი იყო თურქეთთან ურთიერთობის აღდგენისა, სანამ სტამბული არ ცნობდა სომეხთა გენოციდს პირველი მსოფლიო ომის დროს. მთიანი ყარაბახის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, რაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების პირობად დაასახელა, სომხეთში, უბრალოდ, არც კი განიხილება.
XS
SM
MD
LG