Accessibility links

logo-print

ვადგენთ ფაქტებს, ვკარგავთ სათქმელს


"ტალიავინის კომისიის" ანგარიში

"ტალიავინის კომისიის" ანგარიში

30 სექტემბერს ევროპის კავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში კავკასიაში შარშანდელი აგვისტოს ომის შესახებ. მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა მოხდა, რადგან, როგორც წინასიტყვაობაშია ნათქვამი, “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ვერ დამკვიდრდება მანამ, სანამ ვერ მივაღწევთ ფაქტების ერთიან ხედვას.”

არადა, ეს “ფაქტები” გამოქვეყნების შემდეგ ორივე მხარეს საკუთარი საჭიროების მიხედვით აქვს მითვისებული, პრესას კი - არასწორად ინტერპრეტირებული. რუსეთმა - და მრავალმა ჟურნალისტმა - ანგარიში შეატრიალა ოფიციალურ ბრალდებად საქართველოს წინააღმდეგ ომის “დაწყებისთვის”. თავს საქართველოც გამარჯვებულად მიიჩნევს, რადგან ანგარიში აღიარებს, რომ ომის მიზეზები ისტორიულ პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ.

ვისი ინტერპრეტაციაა სწორი? და რატომ ვერ შეასრულა ანგარიშმა ამოცანა, მიეღწია “ფაქტების ერთიანი ხედვისთვის”, რაც წინ წაწევდა შერიგების პროცესს?

პირველ შეკითხვაზე საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ სწორი არც ერთი პერსპექტივა არ არის. სინამდვილეში, ანგარიში რუსეთს ადანაშაულებს საქართველოსთან ომის დაწყებაში. მაგრამ ის ადანაშაულებს საქართველოსაც საკუთარი საზღვრების შიგნით ომის დაწყებაში და ამ ბრალდებას ისტორიული კონტექსტის ვერანაირი აღიარება ვერ შეარბილებს. რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ომის წარმოების კანონები ორივე მხარემ დაარღვია.

ერთ მტკაველ მიწაზე ერთი კი არა, ორი შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა კავკასიაში 2008 წლის აგვისტოში. და საერთაშორისო სამართლის ორი მნიშვნელოვანი სფერო - ძალის გამოყენების შესახებ და საომარი მოქმედებების დროს და მათს შემდეგ ჯარის მოქმედების შესახებ - განსაზღვრავდა ამ ომების კანონიერებას.

პირველი შეიარაღებული კონფლიქტი იყო სამოქალაქო ომი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით, საქართველოს სამხედრო ძალებსა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკების მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის. ეს ომი (ან ომები) ნაკლებად ინტენსიური კონფლიქტის სახით დაიწყო. საქართველოს ბრალად ედება მისი ესკალაცია სამოქალაქო ომის დონემდე 2008 წლის 7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე იერიშით.

ამ ანგარიშით დადგენილია ისიც, რომ ცხინვალზე იერიშით დაირღვა ომის კანონი, რომელიც განსაზღვრავს არა იმას, კანონიერია თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი, არამედ იმას, თუ როგორ არის დაშვებული მისი წარმოება. სამხრეთელი ოსი შეიარაღებული პირებიც ცუდად იქცეოდნენ, ნათქვამია ანგარიშში, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომი ძარცვით, მაროდიორობით, გაუპატიურებითა და სოფლების გადაწვით. თუმცა, თავიდან ისინი მაინც თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ.

მეორე შეიარაღებული კონფლიქტი იყო საერთაშორისო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც კონფლიქტში 2008 წლის 8 აგვისტოს ჩაერთო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარდასაჭერად. რუსეთმა დაიწყო მეორე, საერთაშორისო ომი საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების შეგზავნით, რითაც დაარღვია ტერიტორიული მთლიანობის ნორმა, ჩაწერილი გაეროს ქარტიაში.

ანგარიში ამტკიცებს, რომ ეს ომიც უკანონო იყო. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის არარსებობის შემთხვევაში, ასეთი მოქმედება დაშვებულია მხოლოდ თავდაცვის მიზნით. ანგარიშში კი დადგენილია, რომ რუსეთი არ მოქმედებდა თავდაცვის მიზნით, რადგან საქართველოს არ განუხორციელებია იერიში რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებდა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ საქართველომ განზრახ გაუხსნა ცეცხლი რუსეთის სამშვიდობო ჯარებს ცხინვალში. ზოგჯერ შეიძლება “მორალური ვალდებულებით” დასაბუთდეს ინტერვენცია მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევის შემთხვევაში, როგორც ნატო ირწმუნება, რომ ასე მოიქცა კოსოვოში 1999 წელს. ევროკავშირის ანგარიშმა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ ეს არგუმენტი ძალაშია მოცემულ შემთხვევაში, რადგან სამოქალაქო პირებში ასეთი მსხვერპლი არ ყოფილა, რომ აღარაფერი ითქვას “გენოციდზე”.

უკანონო იყო არა მარტო საქართველოში რუსეთის შეჭრა, არამედ, ისევე, როგორც საქართველომ სამოქალაქო ომში, რუსეთმაც კანონდარღვევით აწარმოა ომი - ძალის არაპროპორციული გამოყენებით და კასეტური ბომბების ისე განთავსებით, რომ სამოქალაქო პირების სიკვდილი გამოეწვია.

ორი უკანონო ომი, ორივე დაწყებული სხვადასხვა დამნაშავე მხარის მიერ, ორივე უკანონოდ წარმოებული. მაშ რატომ ირწმუნება ორივე მხარე, რომ გაიმარჯვა? და რატომ აცხადებს ამდენი კომენტატორი, ანგარიში "ადასტურებს, რომ ომი საქართველომ დაიწყოო"? როგორ მოხდა, რომ ევროკავშირს ხელიდან გამოეცალა მთავარი სათქმელი?

საკვანძო მნიშვნელობის პრობლემაა, რომ ანგარიში ისე არის მოწყობილი, თითქოს აერთიანებდეს სამოქალაქო და სახელმწიფოთა შორის ომებს, რომელთაგანაც შედგება “აგვისტოს ომი”. ანგარიშის სათაური ეხება “კონფლიქტს საქართველოში”. ანგარიშის 43-გვერდიანი რეზიუმეს 36-ე გვერდამდე მითითებულიც კი არ არის, რომ საქმე ეხებოდა ომის ორ სხვადასხვა კომპონენტს, განსაზღვრულს სხვადასხვა საერთაშორისო წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორები ანგარიშის ძირითად ნაწილში გარკვეულწილ დეტალურად განიხილავენ ამ ასპექტებს, ის გარემოება, რომ ამას არ აკეთებენ რეზიუმეში, სრულიად გაურკვეველს ხდის სამართლებრივ ანალიზს. გასაკვირი არ არის, რომ ახლა ორივე მხარე ირწმუნება, რომ ანგარიში მას ამართლებს “ვინ დაიწყო ომის” საკითხში.

ეს სამწუხაროა, რადგან ანგარიშის ყველაზე გრძელი თავი ეხება არა იმას, თუ ვინ შეიძლება დაადანაშაულო ომის დაწყებაში, არამედ იმას, თუ როგორ აწარმოებდნენ ომს მხარეები. განურჩევლად ომისა, რამდენად კანონიერია ომი, არსებობს ბრძოლის კანონიერი და უკანონო გზები. კომენტატორებმა, რომლებიც მოწადინებული არიან, ყურადღება გაამახვილონ თვით ომისთვის ამა თუ იმ მხარის დადანაშაულებაზე, ყურადღების ფოკუსი მოაცილეს ანგარიშში განხილულ ომის დანაშაულებს, რომლებიც ყველა მხარემ ჩაიდინა, უწინარეს ყოვლისა ერთმა მხარემ (სამხრეთმა ოსეთმა), რომელიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებს დადანაშაულებას პირველ ეტაპზე იარაღის ხელში აღებისთვის.

საბოლოოდ, ვინც მთელს ანგარიშს წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ საქმე ეხება სამართლებრივი და მტკიცებულებათა ანალიზის საუცხოო ნიმუშს. ავტორებმა დიდი მონდომებით შეაჯერეს საერთაშორისო სამართლის არაერთი დარგი მრავალრიცხოვან საუბრებთან, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ მასალებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე ანგარიშთან. თვით ამ ანგარიშის თითქმის 500 გვერდი ეთმობა “ფაქტებთან პრინციპების მისადაგებას”. რამდენიმე შეუსაბამობის მიუხედავად, ანგარიში, მთლიანობაში, სამართლიანი, ობიექტური და აპოლიტიკურია. მას თითქოს უნდა შეესრულებინა თავისი ამოცანა.

მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დეტალური სამართლებრივი ანალიზის შედგენისას საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს მის პოლიტიკურ გავლენას, ან იმას, თუ როგორი ფორმა უნდა მიეცათ ანგარიშისთვის, რათა მისი ძირითადი დასკვნები გასაგები ყოფილიყო საზოგადოებისა და პრესის იმ ნაწილისთვის, რომელიც კარგად ვერ ერკვევა საერთაშორისო სამართლის ნიუანსებში. იმის გამო, რომ ვერ შეძლო ძირითადი დასკვნების გარკვევით და ეფექტიანად ახსნა, ევროკავშირის მისიამ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება მისცა, მოახდინონ ანგარიშის ექსპლუატაცია უაღრესად პოლიტიზებული დისკუსიის გასაგრძელებლად. არადა, ანგარიშს სწორედ ამ დისკუსიისთვის უნდა მოეღო ბოლო.
XS
SM
MD
LG