Accessibility links

თანამედროვე ქართული პროზა სავსეა არყით, ყველაფერს არყის სუნი უდის, რადგან, ჯერ ერთი, თანამედროვეობაა ძალიან მწარე, არყისფერი და არაყივით გითრევს, მეორე მხრივ კი თითქმის ყველა ეს მწერალი ეტანება (ან ეტანებოდა) არაყს. თამამად ვიტყვი, ლაშა ბუღაძის გარდა, ჩვენი დროის ყველა მწერალი სვამს (ჩემი თაობისანი, წინამორბედები, უფროსები) და გასაკვირი არაა, იმ თავის არყიან ისტორიებს ლიტერატურულ სახდელ ქვაბშიც უშვებენ ხოლმე. ოღონდ საქმე ისაა, რომ ეს "არაყი" ზოგს კამკამა გამოუდის, ზოგს კი მღვრიე და დახრაკული.

აურაცხელი არაყი ისმება ნუგზარ შატაიძესთან, ვაჟა გიგაშვილთამ, ირაკლი სამსონაძესთან, გიგი სულაკაურთან, ზურაბ ლეჟავასთან. აკა მორჩილაძესთან ძველი ბიჭებიც სვამენ, სამხედროებიც, რევოლუციონერებიც და ჟურნალისტებიც. არაყს ურტყამენ კოტე ჯანდიერთან, ბესო სოლომანაშვილთან, დათო ქართველიშვილთან, ბესო ხვედელიძესთან, თამაზ ექვთიმიშვილმა კი არყის უცნაურ ბიზნესზეც დაწერა მოთხრობა. ერთი სიტყვით, არყისტებს მიაქვს ქართული პროზა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმესთან შევჩერდები და გავუსინჯავ გემოს მათებურ "შინნახადს".

ვაჟა გიგაშვილის წიგნში "მოთხრობები კაცზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს" თითქმის ყველა სვამს, ქალიცა და კაციც, მთავარი გმირის მთავარი დილემა კი ამ მოთხრობებში ასე ჟღერს – "არყის ბრალია თუ ჩემი?"

სანტექნიკი იოსკა მთლად გამოთაყვანებულია არყისგან, ფხიზელზე კი დღემუდამ პრიმას ეწევა და თავის “ზღმურდლიან, ორი წლის წვინტლიან გოგოს” ლოშნის. ყოველთვის თავს იკავებს სმისგან სომეხი საპოჟნიკი ალბერტა, სამაგიეროდ ჩვენს მთავარ გმირს, პოეტ დიმოს, არყით მთვრალზე ტოლერანტობის ხანა უმთავრდება ხოლმე და რამე რო იყოს, ალბერტასაც ჩაუნაყავდა ცხვირს. დიმოს ერთი დარდიმანდი ძმაკაცი ჰყავს, ნიკუშა, რომელიც სახელურიანი დიდი "სტალიჩნაიათი" ადგება ძმაკაცს, ავსებენ ორასგრამიან ჭიქებს და ეგრევე მოდიან ხასიათზე. ერთგან ვრცელი მონოლოგია, სადაც მთხრობელი თან რაღაცას იხსენებს, თანაც ცდილობს ლექსი დაწეროს და ბიტნიკების ბოპ-პროსოდიის ყაიდაზე თუ ჯაზის მთავარი თემასავით, ყოველ აზრსა თუ ამბავს რეფრენად გასდევს: "ვატაკე არაყი... კიდე ვატაკე არაყი... ისევ ვატაკე..." ბოლოს კი ჩაეშვება სავარძელში, ისევ დაასხამს არაყს და ისეთი დაგემოვნებით ჩაწრუპავს, თითქოს, დიდი ხნის დანატრებული ყოფილიყოს. მერე ერთ ასეთ ტირადასაც გაარტყამს: "სწორედ ამ სავარძელში ჯდომისასაა განსაკუთრებულად საამო არყის წრუპვა და პირიქით - არყის წრუპვა კიდევ უფრო სრულად განმაცდევინებს ამ სავარძელში ჯდომის სიამოვნებას".

გიგი სულაკაურის გმირები ძირითადად ორ დუქანში დადიან, სპარტაკასთან და ტრისტანასთან. "სპარტაკას" დუქანში ლუდი, არაყი, სოსისი, მდოგვი და რუხი პური მოაქვთ, ოღონდ სულ გადაჭედილია ხოლმე ეს დუქანი და დიდხანს ვერასდროს ჩერდები, "რადგან გარეთ, თვალებჩასისხლიანებული, ოხშივარასული და პირმოკალული ქართველი ვაჟკაცები მოუთმენლად ელოდებიან თავის წილ ლუდს და სხვა სიკეთეებს..." ტრისტანასთან კი არავინ დადის, მხოლოდ ვიღაც უცნაური ტიპები თუ შეივლიან, ორ ას-ასს ჩამოაყრევინებენ და ზიზღით სვამენ. შეეხეტება ლოთიც, ნელა, პროფესიონალურად, სვენებ-სვენებით დალევს იმ შხამს და დაურთავს, შაქარია ტრისტან-ჯან, შაქარიო...

ჯარში კლუკვის ორნახადს სვამენ, სადმე საკურორტო ქალაქში კი ვიეტნამურ ხვლიკიან არაყსაც აძრობენ: "სპირტში ჩაშვებულ ხვლიკს ნეტარი, ოდნავ სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე".

გიგი სულაკაურის მოთხრობების კრებულში "მე და ჩემი ლიზა" მესამე მედუქნეც ჩნდება, ელდარა, ვისთანაც რაფიკამ დალია სული და ამ მოთხრობის სხვა პერსონაჟები იმასაც ამბობდნენ, "ყველაფერი იმ ნაბიჭვარი ელდარას ბრალია, უფულო, არაყზე დამჯდარ რაფიკას ერთი ჭიქა არ დაალევინაო". შემდეგ კი, როცა უბნელები ღვინოს აიტანენ მიცვალებულის სახლში, რაფიკას რუსი ცოლი, ალა გაცეცხლდება, არაყი რატომ არ მოიტანეთო და დაურთავს: "მაშინ, სიდი ი პეი ეგ გარშოკის სოკი. უნანიკ (რაფიკას და ალას ბიჭია), ჩვენი ვოდკუ პრინესი, აი, что в маленьком графинчике...".

ნუგზარ შატაიძე ცალკე საუბრის თემაა. ნუგზარს მართლა უყვარდა არაყი და მის შესახებ მართლა გულიდან ამოსთქვამდა ხოლმე ოდური აღფრთოვანებითა თუ ელეგიური სინანულით აღსავსე ორნახად სიტყვებს. ოღონდ უნდა გაგაფრთხილოთ, ნუგზარ შატაიძემ კარგი, მამაპაპური მისაყოლებლით იცის მკითხველის გამასპინძლება და როცა მის ნაწერს ჩაუჯდებით, ბლომად ხორაგიც უნდა მოიმარაგოთ, თორემ მოშიება იცის ხოლმე (ერთხელ ეგრე დამემართა, მთელი ღამე ნუგზარის მოთხრობებს ვკითხულობდი, და "სტუმარი ღვთისაა"-ზე ვეღარ გავუძელი, სამზარეულოში გამოვედი. საჭმელი არაფერი აღმოჩნდა სახლში და მახსოვს, კიტრსა და ტყემალს მივაძეხი).

არყისტი შატაიძე ორნაირი არსებობს, ქალაქელი და სოფლელი. ქალაქელი "გომსა" სვამს და ზედ გამოციებულ კარტოფილის ღვეზელს აყოლებს, ზოგჯერ ნიძლავზეც ჩამოდიან არაყს, თუკი რომელიმე ზაირა თუ ჯემალა საქართველოს იპოვიან მსოფლიო რუკაზე. ნუგზარ შატაიძესთან ხშირია კინოსტუდიისა თუ რომელიმე რედაქციის ლოთობები. მაგალითად, შეიკრიბებიან რეჟისორი, ოპერატირი, მხატვარი და ორი ასისტენტი, ჩავლენ სახელოსნოში, გამოიბრუჟებიან და მერე სადღაც მიდიან და იქაც არაყს ამატებენ. ზოგჯერ, ღვინით ნასვამები მოხუც დეიდებთანაც ადიან და ბროლის გრაფინიდან ასხამენ არაყს, რომელსაც გემოს ვეღარ უგებენ. ძირითადად საშინელებას სვამენ, ვინმე ფულიანი უცნობი თუ შემოამატებს ხოლმე "მასკოვსკაიას". ერთ-ერთი სულ არყის ქებაშია და ამბობს, ღვინოს აღარასდროს დავლევო, "რადგან როდესაც ღვინოს სვამდა, ძილში ქვეშ იფსამდა, არაყზე კი არასდროს მოსდიოდა ეგეთი რამე".

ერთი სიტყვით, არაყი სულ ისმება გაუდაბურებულ, არეულ ქალაქში, ისმება სიცხეშიც და სიგრილეშიც, დილასაც და ღამეც, სალხინოდაც და სევდის გასაქარვებლადაც. არაყს სვამენ მაშინაც, როცა მეგობრის უეცარი გარდაცვალების ამბავს იგებენ.

სოფლელი ნუგზარ შატაიძე და არაყი პირველ რიგში ღორის დაკვლას უკავშირდება. მაგალითად, ბოღოჭები რო ღორს დაკლავდნენ, გაფუფქავდნენ, გამოფაშვავდნენ და "მწვადებითა და არყებით რო იწყებდნენ, მეორე დღესღა ამთავრებდნენ ღვინითა და ყაურმით". გოგია კიდევ, ნოველიდან "სტუმარი ღვთისაა", დილიდანვე ითადარიგებს ყველაფერს, რაც ღორის დასაკლავადაა საჭირო, ცხელი წყლით დაწყებული – ხელგაწაფული მეზობლებით დამთავრებული. გოგია და მისი რაზმი გოგიას ცოლისძმიშვილის, ქუცნაშვილისა და მისი ჩინიანი უფროსების მოლოდინში არიან, ბატონი ვიტალის თამადობით. ბიჭი კარიერას იჭედავს, და რა ქნას, ხომ უნდა სცეს პატივი ბიძამისმა, რომელიც შიგადაშიგ შეიკურთხება კიდეც გაუმაძღარ სტუმრებზე. მაგრამ ჯერ სტუმრები არ მოსულან, ჯერ მხოლოდ შინაურები ტრიალებენ და ხანდახან ორნახადსაც ურტყამენ. დაკლავენ ღორს, გაასუფთავებენ, გამოშიგნავენ, აქნიან და ჯერ ელენთას შეყრიან ნაკვერჩხალში, მერე კი მწვადის სამზადისსაც შეუდგებიან. ამასობაში არაყსაც არ ივიწყებენ, დაჭრიან შემწვარ ელენთას – შეავსებენ ჭიქებს. აიღებენ შამფურებს, ჩათლიან ცვრიან მწვადს ხახვიან ჯამში, ისევ გააპიპინებენ ჭიქებს. თანაც შეშას ეზიდებიან, ხაშლამის ქვაბს ადგანან, დანებს ლესავენ, თუმცა არიან უსაქმურებიც, რამაზა, დავითა და წრუნტა.

არაყს ნუგზარ შატაიძესთან ძირითადად ჭაჭისა და ჭანჭურისას სვამენ, ხანდახან პანტისაც გამოერევა ხოლმე. ზოგჯერ ძალიან ცხარე არაყში წყალსაც ურევენ, მერე კი თანამეინახეებს ეკითხებიან, ძაან ხომ არ გამილაყებიაო. ერთი მოხუცი ცხარე არყის გამო დისშვილიშვილზე დარდობს, "აბა, ამის დამლევი ისწავლისღა რამესა?!"-ო.

არაყს ბევრი სიკეთე მოაქვს, სტუმრად რო წავლენ, ძღვნად მიუტანენ ხოლმე. არაყს ყლურწავდა მთხრობელის ბიძა, ბოღოჭა საწნახელში ყურძნის წურვისას, ფეხები რომ არ დაზრობოდა, მწყემსები კი, "სამ-სამი არყით სახსრებდაბუჟებულები ჩუმად გასცქერიან ტაფობში ჩაყუჟულ სოფელს". ხანდახან ბავშვსაც შესთავაზებენ ხოლმე არაყს, ისე, ხუმრობით. ერთი კაცი არყის დალევამდე ჩექმებს იხდის და მხოლოდ მერე სვამს, ეს ერთი მოხუცი კაცია ბარისახოს სასადილოდან, "თავპირჩამოგაზული, სახეზე სისხლებშემხმარი" შარიანი მოხუცი, რომელიც, კითხვაზე, "ჩექმები რაღაზე გაქვსო გახდილიო", მოკლედ პასუხობს, "ჩხუბში მიშლის ხელსო".

ნუგზარ შატაიძეს ერთი ბრწყინვალე ნოველა აქვს, "ჩვეულებრივი ყვავი, ჩვეულებრივი კაჭკაჭი, ჩვეულებრივი ძაღლები". ეს ავტობიოგრაფიული ნოველა მწერლის ოპერაციის ამბავს გვიამბობს და იმ ტკბილ საათებსაც აცოცხლებს, მეზობლის ვენახში რომ გაატარა ავტორმა ჭანჭურის არყის სმაში. ჯიბეში ნიტროგლიცერინი უდევს, მაგრამ მაინც არაყი ენატრება. ზის და მეზობელს ელოდება, რომელიც სულ მალე დაბრუნდება ხელში ჯამებივით კომბოსტოს ფოთლებით, პამიდვრითა და ვენახის ატმით სავსე ფოთლებით, დააძრობს სამალავიდან შარშანდელ ჭანჭურის არაყს და სამ-სამი შესანდობრით ცლიან ბოთლს, შემდეგ კიდევ ერთ ბოთლს იშოვიან და გაისმის ნოველის ცენტრალური ფრაზაც, თუ გნებავთ სიბრძნე: "არაყი მწარეა, მაგრამ ტკბილია..."

უკვე ერევანში კი, გულსისხლძარღვთა კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ავტორი ამ ეპიზოდს გაიხსენებს და ცხადად დაინახავს ვენახში მომავალ მეზობელს, ჭანჭურის არყით სავსე ბოთლი რომ ჩაუხუტებია გულში:

"- რა გაცინებს? – მეკითხება ცოლი და შეშფოთებული მიყურებს.
- არაფერი, - ვჩიფჩიფებ მე, - არაფერი... – მერე ვამატებ, - მიდით ერთი, ოვაიკიმიანს ჰკითხეთ, არყის დალევა როდის შეიძლება...
- რაო!!! – კივის ცოლი.
- ნარკოზის ბრალია ეგა... – ამბობს ჩემი ძმაკაცი, - გაუვლის, მალე გაუვლის... ყველაფერი კარგად იქნება."

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG