Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები მეცნიერებაში


ამ დღეებში ცნობილი გახდნენ ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები. მედიცინის დარგში პრესტიჟული პრემია სამ ამერიკელ მეცნიერს - ელიზაბეთ ბლეკბერნს, კეროლ გრეიდერს და ჯეკ შოსტაკს - მიენიჭათ ფერმენტების სფეროში გამოკვლევებისთვის. ბლეკბერნი ავსტრალიაშია დაბადებული, შოსტაკი - დიდ ბრიტანეთში.

ნობელის ფონდის წარმომადენელმა გორან ჰანსონმა 5 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა, რომ სამმა მეცნიერმა უზარმაზარი პრობლემა გადაჭრა ბიოლოგიაში - მათ დაადგინეს, როგორ ხდება უჯრედების გამრავლებისას ქრომოსომების სრულყოფილი ასლის გაკეთება და როგორ ხდება მათი დაცვა დაზიანებისგან.

„სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეამ დღეს გადაწყიტა, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში 2009 წლის ნობელის პრემია ერთობლივად მიანიჭოს ელიზაბეთ ბლეკბერნს, კეროლ გრეიდერსა და ჯეკ შოსტაკს იმის აღმოჩენისთვის, თუ როგორ ხდება ქრომოსომების დაცვა ტელომერებისა და ტელომერასის მიერ.“

ამ აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს დაავადებისა და დაბერების პროცესის კვლევისთვის.


6 ოქტომბერს ცნობილი გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში. პრემია მიენიჭა სამ ამერიკელ მეცნიერს - ჩარლზ კაოს, უილარდ ბოილსა და ჯორჯ სმითს - მათი შრომებისთვის ოპტიკურ ბოჭკოებში სინათლის გადაცემის სფეროში.

1,4 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი პრემიის ნახევარი მიენიჭა ჩინეთში დაბადებულ ბრიტანელ ამერიკელს. ეს აღიარება მან მოიპოვა „ფუძემდებლური მიღწევებისთვის“ ოპტიკური ბოჭკოების სფეროში. ოპტიკური ბოჭკო გახლავთ წვრილი მილაკი, რომელსაც დიდ მანძილებზე გადააქვს ციფრული ინფორმაცია. სმითმა და ბოილმა, რომელსაც ორმაგი - ამერიკისა და კანადის - მოქალაქეობა აქვს, პრემია მიიღეს გამოკვლევებისთვის, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ციფრული კამერების გამოგონებას.

შვეციის სამეფო ინსტიტუტის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში სამმა მეცნიერმა დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქსელში ჩართული საზოგადოების ფორმირებაში.

გამარჯვებულთა ერთ-ერთი პრაქტიკული გამოგონება გახლავთ ზემოხსენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ტექნოლოგიის დღევანდელ დონეზე საკვანძო როლს თამაშობს სატელეფონო საუბრებისა და ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის უზრუნველყოფაში.

„პრემიით აღნიშნული ამ ნაშრომის გავლენა სრულიად აშკარაა ყველასთვის. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, იმას, თუ როგორ მოქმედებს დღეს კომუნიკაცია, როგორ ავსახავთ ფირზე მოვლენებს და რა იოლად შეგვიძლია მონაცემების გაგზავნა. ეს სრულიად აშკარაა. მაგრამ ოცი წლის წინათ ეს სულაც არ იყო აშკარა და ცხადი,“ განაცხადა ნობელის კომისიის წარმომადგენელმა იოზეფ ნორდგრენმა.

7 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა ქიმიაში 2009 წლის პრემიის ლაურეატები. ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება სამეულს: ამერიკელ ვენკატრამან რამაკრიშნანსა და თომას სტეიტცს და ადა იონათს ისრაელიდან. ეს ჯილდო მათ რიბოსომის სტრუქტურის შესწავლაში გაწეული ღვაწლისთვის მიიღეს.

რიბოსომა არის ნივთიერება, რომელიც უჯრედში პროტეინს წარმოშობს. პროტეინები ყველა ცოცხალი ორგანიზმის ქიმიის მაკონტროლებელი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ნობელის კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სამი მეცნიერის ნაშრომებს საფუძველმდები მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის მეცნიერული გაგებისთვის და ხელი შეუწყო სხვადასხვა დავადების სამკურნალო ანტიბიოტიკების შექმნას.

ლაურეატებმა ატომების დონეზე აღწერეს სიცოცხლის ერთ-ერთი უმთავრესი პროცესი: დეზოქსირიბონუკლეინმჟავის ინფორმაციის „გადათარგმნა“ სიცოცხლედ.

ნობელის პრემიები 1901 წელს დაწესდა შვედი გამომგონებლის, დინამიტის შემქმნელი ალფრედ ნობელის ნების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG