Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი: არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს


ჰილარი კლინტონი და სერგეი ლავროვი

ჰილარი კლინტონი და სერგეი ლავროვი

წუხელ რუსეთში ჩაფრინდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მისი ამ ორდღიანი ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილ დეტალებს შორის იყო ისიც, რომ საუბარი შეეხებოდა საქართველოსაც. საქართველოს შესახებ ჰილარი კლინტონმა მართლაც გააკეთა განცხადება დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრას მოჰყვა.

ზოგადად, პრეს-კონფერენციას რაც შეეხება, განწყობა პოზიტიური ჩანდა. კლინტონმა აღნიშნა, რომ ძალიან დადებითად აფასებს “გადატვირთვას” რუსეთთან ურთიერთობაში. “ჩვენ მართლაც მტკიცედ ვემხრობით ამ ურთიერთობას”, განაცხადა ჰილარი კლინტონმა და გამოთქვა რწმენა, რომ “ერთმანეთთან თანამშრომლობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გარდავქმნით ურთიერთობას, რომელსაც ერთმანეთის განადგურების საფრთხის აჩრდილი განსაზღვრავდა, ურთიერთობად, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება”.

აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოებამ ერთგვარ კულმინაციას მიაღწია გასული წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრით. მაშინ ბევრი ალაპარაკდა ახალი “ცივი ომის” საფრთხეზე. თუმცა, მოგვიანებით გაცილებით მეტი პოპულარობა შეიძინა ცნებამ “გადატვირთვა” რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში. საქართველოს საკითხი რომ მაინც იწვევს უთანხმოებას, თან ერთ-ერთ მთავარს, ეს დღეს ჰილარი კლინტონმა დაადასტურა, როცა საქართველო მოიყვანა მაგალითად რუსეთთან უთანხმოების კვლავინდებურად არსებობის საილუსტრაციოდ.

“ჩვენ ვერ შევთანხმდებით, მაგალითად, საქართველოზე. ჩვენი აზრები, უბრალოდ, განსხვავდება. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, მაგრამ ვაპირებთ, განვაგრძოთ მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რომლებშიც ვთანხმდებით”, აღნიშნა კლინტონმა. მაინც რა არის მის მიერ ნახსენები “სხვა მიმართულებები”?

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბირთვული განიარაღების ხელშეკრულება - ახალი ხელშეკრულება, რომელზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს და რომელიც უნდა ჩაენაცვლოს ამჟამად მოქმედ, 1991 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს, ე.წ. START-ს. START-ის მოქმედების ვადა დეკემბერში ამოიწურება და აშშ-სა და და რუსეთს მანამდე სურთ ახალ დოკუმენტზე შეთანხმება. მოლაპარაკებები, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ დღეს გამოთქმული შეფასებით, წარმატებით მიმდინარეობს. მხარეებმა განიხილეს ასევე ავღანეთის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები. რაც შეეხება ირანს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვერ მიიღო მოსკოვისაგან ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების მხარდაჭერის შესახებ დაპირება, მაგრამ მაინც შეაქო რუსეთთან თანაშრომლობა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზული შეშფოთების საგნად რჩება და რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს 5+1 პროცესში (იგულისხმება გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე).

კლინტონმა იქვე დასძინა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, ჯერ არ დამდგარა დრო ირანის წინააღმდეგ სანქციების მისაღებად. სერგეი ლავროვმა კი “კონტრპროდუქტიული” უწოდა ირანის მისამართით სანქციებით მუქარას და მასზე ზეწოლას.

ამავე პრეს-კონფერენციაზე ლავროვმა შეაქო ობამას გადაწყვეტილება, გაუქმდეს ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების აღმოსავლეთ ევროპაში განთავსების, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს შემუშავებული გეგმა. ხოლო ობამას ადმინისტრაციის ახალ გეგმასთან დაკავშირებით ლავროვმა განაცხადა, რომ “არც ეს გეგმები მომზადებულა რუსეთ-ამერიკის საერთო იდეებით. ეს იყო გეგმები, რომლებიც შეიმუშავეს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ექსპერტებმა. და რასაკვირველია, გვინდა უფრო დეტალურად ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ეს გეგმები”.

ლავროვთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა. ის უფლებადამცველებსა და ოპოზიციონერ ჟურნალისტებს ესაუბრა რუსეთში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში და მათ, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, აღუთქვა, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ მისწრაფება არ ნიშნავს, თითქოს ვაშინგტონი ხელს იღებდეს რუსთში დემოკრატიის მხარდაჭერაზე.

დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვთან, ბარვიხის რეზიდენციაში მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელმაც ქებით მოიხსენია ამერიკა-რუსეთის ერთობლივი ძალისხმევა თურქეთსა და სომხეთს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად.

ხვალ ჰილარი კლინტონი ყაზანს ესტუმრება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა კლინტონის ვიზიტის ჯერ კიდევ დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფო მდივანს სურს, რუსეთში არა მარტო მოსკოვი იხილოს.
XS
SM
MD
LG