Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კომისიის ორი კონსტიტუცია


საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია
საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები შედიან, მაისის თვიდან კვირაში ერთხელ იკრიბება და მომავალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობს. პარალელურად მუშაობას განაგრძობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაც, ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. საზოგადოებრივი კომისიის ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ ხმალაძე, აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტი, სავარაუდოდ, სახელმწიფო კომისიის კონსტიტუციის ალტერნატიული ვარიანტი იქნება.

ჩვენ ვამზადებთ პროექტს, რომელიც ვერ შეფასდება სიტყვებით: „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“, როგორც ეს დღემდეა საქართველოში, - გვითხრა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრია. კომისიის წევრები უკვე მეექვსე თვეა ახალი კონსტიტუციის საკუთარ ვარიანტზე მუშაობენ და აცხადებენ, რომ მასში შეტანლი ცვლილებები შეცვლის ამ რეალობას:

“როდესაც არჩევნებში ერთი პარტია იმარჯვებს ან პარტიის ერთი წარმომადგენელი, პრეზიდენტის სახით, ყველა სხვა მისი ოპოზიციური პარტია, ფაქტობრივად, რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან ასეთი გამოთქმები, რომ დღეს ჩვენ ვართ უმრავლესობაში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, ხოლო როცა თქვენ იქნებით უმრავლესობაში, რაც გნებავთ, ის გააკეთეთ. ეს არის ის, რასაც თეორიაში ვულგარული მაჟორიტარიზმის პრონციპი ჰქვია და რაც გვინდა შევცვალოთ.”

ვახტანგ ხმალაძე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი
ამ სიტყვების ავტორი ვახტანგ ხმალაძე, რომელსაც არაერთხელ შესთავაზეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და რომელიც საზოგადოებრივ კომისიაში აგრძელებს მუშაობას, ამბობს, რომ მათი ვარიანტი, სავარაუდოდ, გახდება კონსტიტუციის სახელმწიფო კომისიის ვარიანტის ალტერნატივა, რომელსაც მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გააცნობენ:

”ეს დოკუმენტი, ალბათ, იქნება ალტერნატიული, თუმცა ჩვენი თვითმიზანი ეს სრულებითაც არ არის. ჩვენი მიზანი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ისეთი პროექტის მომზადებაა, რომელსაც ექნება ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა.“

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ ფართო საზოგადოება ჩაერთვება კონსტიტუციის მათი ვარიანტის მომზადებაში:

”კონსტიტუცია არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა, არამედ საზოგადოების თანხმობის საფუძველია.”

ის, რაზეც საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებს არ უდავიათ, სახელმწიფოს მოწყობის მოდელი იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველა შეთანხმდა, რომ კონსტიტუციის მათ ვარიანტში საპარლამენტო რესპუბლიკაზე იქნება საუბარი.

13 სექტემბრის სხდომაზე კომისია საარჩევნო სისტემებსა და არჩევის წესს განიხილავდა. ასეთი განხილვები მათ კვირაში ერთხელ აქვთ. თემატურად მომუშავე ჯგუფები საბოლოო მოხსენებებს უკვე გაფართოებულ შეხვედრაზე აკეთებენ. ზუსტი თარიღი, თუ როდის დასრულდება კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა საზოგადოების გარკვეულ წარმომადგენლებთან კომისიის მოსაზრებების გაცნობის პროცესი უკვე დაიწყო. 13 სექტემბერს კომისია „სამართლიანი არჩევნების“ წევრებს სტუმრობდა. ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ თუ ამ პროექტმა საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა მიიღო, მაშინ ხელისუფლებასაც მოუწევს მათი აზრის მოსმენა:

”თუკი ამ პროექტმა ასეთი სერიოზული მხარდაჭერა მიიღო, ვფიქრობთ, ხელისუფლება იძულებული იქნება, რომც არ სურდეს, გაითვალისწინოს, რაც სურს საზოგადოებას. თუ კონსტიტუციას არ ექნა საზოგადოების მხარდაჭერა, ის ვერ იმუშავებს, რადგან ადამიანს არ ექნება შინაგანი მოთხოვნილება დაიცვას ის, რაც კონსტიტუციაში წერია.“

საზოგადოებას კი, ხმალაძის თქმით, აზრის გამოხატვის სხვადასხვაგვარი ბერკეტი აქვს - იქნება ეს პლებისციტი, რეფერენდუმი თუ, თუნდაც, ხელმოწერების შეგროვება.

ვახტანგ ძაბირაძე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი

კომისიაში შემავალი ხალხი უშუალოდ არ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ კონსტიტუცია არ არის მდგრადი და ამაზე მასში 95 წლიდან შეტანილი უამრავი ცვლილება მეტყველებს.

ვახტანგ ხმალაძე ამ კომისიაში მიიწვიეს არა როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი, არამედ როგორც კონსტიტუციონალისტი.


ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ისინი ცდილობენ შექმნან კონსტიტუციის ისეთი პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სტაბილურად განვითარებას ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG