Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს სხდომას ოპოზიცია უმცირესობით დაესწრო


მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე გამოსვლისას
მიხეილ სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე გამოსვლისას
თითქმის ორ საათს გაგრძელდა პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია იყო, რომლის კონცეფციაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა წარადგინა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებისა და სხდომაზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ იმ საკითხზე, რომ ისინი ითანამშრომლებენ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

უშიშროების საბჭოს სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია სრულად დაესწრო. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ის სხდომაზე უმცირესობით იყო წარმოდგენილი. გაფართოებულ სხდომას ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი და პარტია ”თავისუფლების” წევრი სანდრო ბრეგაძე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი დღის განმავლობაში იმედოვნებდა, რომ ოპოზიცია ფართო სპექტრით იქნებოდა სხდომაზე წარმოდგენილი, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. სხდომის დასრულების შემდეგ ეკა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არ ღებულობს მონაწილეობას ისეთი ფუნდამენტური საკითხების განხილვის პროცესში, როგორიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებააო.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზებზე არასაპარლამენტო ოპოზიცია თითქმის მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა.

უშიშროების საბჭოს დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღო გაადწყვეტილება “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომ დღევანდელ გაფართოებულ სხდომას არ დასწრებოდა. მისი თქმით, „ალიანსი საქართველოსთვის” მიზანშეუწონლად მიიჩნევს ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე დასწრებას, რადგან ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა მათი მონაწილეობით 7 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დასმული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა აგვისტოს დასაწყისში შედგა და მასში საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ნაწილობრივ ღებულობდა მონაწილეობას. აგვისტოს შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება იყო ის, რომ ხელისუფლებას, კერძოდ კი, ძალოვან მინისტრებს ოპოზიცია ე.წ. ‘‘პოლიტპატიმრების‘‘ სიებს გადასცემდა და მათ გათავისუფლებაზე დაიწყებდნენ მუშაობას, თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ ეს დაპირება არ შეასრულა.

სწორედ ამ მიზეზის გამო არ ღებულობს დღეს მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში „ეროვნული ფორუმი“. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი მელაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ისინი საბჭოს სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. რადგან ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკითხები კვლავ ღიად რჩება და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინა, მათ გირგვლიანის მკვლელები გაათავისუფლეს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა იმ მიზეზებზე, რის გამოც მათ უარი განაცხადეს ეროვნული უშიშროების გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობაზე.

როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, მათთვის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებზე მოსაწვევების მიღება საინტერესო არ არის. მისი თქმით, ოპოზიციას იქ არანაირი ფუნქცია არ გააჩნია და ასე იქნება, რეალურად, უშიშროების საბჭოს სხდომაზეც.

პიარ-აქციას უწოდებს მსგავსი ტიპის უშიშროების საბჭოს სხდომებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, მათთან ეროვნულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიწვევა არ მისულა, თუმცა, პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს ნამდვილად არ არის უშიშროების საბჭოზე მიუსვლელობის მიზეზი. ბურჯანაძის თქმით, მთავარი პრობლემა იმ შეცდომების აუღიარებლობაა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომთან დაკავშირებით დაუშვა.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ’’ ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრუქტურული რეორგანიზაციის წინადადებები წარადგინა.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივით, ეროვნული უსაფრთხოების არსებულ სისტემას დირექტორთა კომისია და ექსპერტების დონეზე სამუშაო ჯგუფი უნდა დაემატოს; იმავდროულად, საბჭოს მუშაობაში პარლამენტის მონაწილეობა მკვეთრად უნდა გაიზარდოს. სხდომის დასრულების შემდეგ, როგორც გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ წარადგინეს საკუთარი ინიციატივები საბჭოს სხდომაზე და მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშობა დაიწყება.

უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას ესწრებოდა “ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, რომელმაც სხდომაზე შიდა სოციალური სტაბილურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

თუ როდის და რა ფორმატით გაიმართება მომავალი უშიშროების საბჭოს სხდომა, ამის შესახებ ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს ამბობენ.
XS
SM
MD
LG