Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით


ჰილარი კლინტონი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ”ეხო მოსკვის” სტუდიაში
ჰილარი კლინტონი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ”ეხო მოსკვის” სტუდიაში
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რადიო სადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს შესახებ ისაუბრა და მათი აზრები გაიყო: ”ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე. ჩვენი აზრები ამ საკითხზე იყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვსურს გადავტვირთოთ ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით”.

ჰილარი კლინტონმა ასევე დაუდასტურა ჟურნალისტს, რომ ამერიკა ეხმარება საქართველოს არმიას გადაიარაღებასა და წვრთნაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი აღელვებს რუსეთს: ”საქართველო ჯარებს გზავნის ავღანეთში და ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ავღანეთისთვის ჯარების გაწვრთნაში. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ სამხრეთ ოსეთი, საქართველო და აფხაზეთი, და ყველა სხვები, თავიდან აიცილებენ პროვოკაციებს და ყველა პრობლემას მშვიდობიანი გზით გადაჭრიან.”

”ეხო მასკვის” ჟურნალისთმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა სახელმწიფო მდივანს, რომ რუსეთს ძალიან აღელვებს საქართველოს არმიის გადაიარაღება. ჰილარი კლინტონის პასუხი იყო: ”მინისტრ ლავროვს ეს კითხვა არ დაუსვამს. ჩვენ დავეხმარებით ქართველ ხალხს, რომ თავი იგრძნონ დაცულად. ვფიქრობ, მან იცოდა პასუხი ამ კითხვაზე და ამიტომ არ დასვა ეს კითხვა.”

ჟურნალისტი დაინტერესდა საქართველოს ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების შესახებაც. ”არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე განთავსდება. ვიცი, რომ ეს ძალიან აშფოთებს რუსეთს. ჩვენ გვსურს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ჩვენი და თქვენი ხალხის, და ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და მოკავშირეების დასაცავად” - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG