Accessibility links

logo-print
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მოსკოვში ვიზიტის დღეს „კომერსანტი“ წერდა, რომ კლინტონის მოლაპარაკებებმა პრეზიდენტ მედვედევსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ნამდვილად დადგა თუ არა რეალური გარღვევის დრო ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებში.
12 ოქტომბერს გაზეთი წერდა, რომ ირანის საკითხთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც არასდროს. რუსეთში, კლინტონის ვიზიტის შედეგად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხშიც ელოდებიან გარღვევას, - წერს „კომერსანტი“ და დასძენს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოების ერთადერთ სერიოზულ საკითხად საქართველოს საზღვრების დადგენა რჩებაო.

„კომერსანტის“ კიდევ ერთი პუბლიკაცია მოსკოვში რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრას ეძღვნება. გაზეთი წერს: ”ერევანთან ურთიერთობა, რომელიც უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება ამიერკავკასიაში, ერთ-ერთია იმ არამრავალრიცხოვან ველთა შორის, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია იმის დემონსტრირება, რომ ხმები პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის შეუძლებლობის შესახებ გაზვიადებულია.”

გაზეთი წერს, რომ სომხეთთან კარგი ურთიერთობა რუსეთს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სჭირდება. პუბლიკაციაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაძლო ერთობლივი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შემთხვევაში, სომხეთმაც შეიძლება შეასრულოს თავისი როლი.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ მედვედევისა და სარქისიანის მოლაპარაკებებში მთავარი თემა მთიანი ყარაბახის პრობლემის მოგვარება უნდა იყოს. - აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის დარეგულირებაში რუსეთის დაინტერესება აშკარაა, - წერს გაზეთი. - ამ პროცესის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, მოსკოვი სერიოზულად გაამყარებს თავის პოზიციებს რეგიონში, აამაღლებს სამშვიდობო რეიტინგს, რომელიც დასავლეთის თვალში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეირყა, თავად მედვედევის პოლიტიკური წონაც მნიშვნელოვნად ამაღლდებაო, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

„ხვალ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი თურქეთის ქალაქ ბურსას სტუმრობს, რათა თურქეთისა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწროს.“ - ამას კი „ვრემია ნოვოსტეი“ წერს და დასძენს: „თუმცა მეზობელ ქვეყანაში სომხეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი ვიზიტი სხვა განსაკუთრებულ დანიშნულებასაც იძენს. რამდენიმე დღით მას წინ უსწრებდა სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერა. თურქეთის და სომხეთის დაახლოება ძალების გადანაწილებას შეუწყობს ხელს კავკასიის რეგიონში“, - წერს გაზეთი. – „თბილისი უკვე ეძებს რეგიონში თავისი გავლენის შენარჩუნების საშუალებებს. ჩვენი ინფორმაციითო, - წერს „ვრემია ნოვოსტეი“, - უახლოეს ხანში საქართველომ, შესაძლოა, თანხმობით უპასუხოს რუსეთის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნაზე. ამ გამშვებ პუნქტზე მოძრაობის აღდგენით ძალიან დაინტერესებული იყო ერევანი, რადგან ერთადერთი საავტომობილო გზა სომხეთიდან რუსეთში სწორედ ამ პუნქტის გავლით გადის“, - წერს გაზეთი „ვრემია ნოვოსტეი“.
XS
SM
MD
LG