Accessibility links

logo-print

აფეთქება სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან


მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ”ქართლი 2” გვიან ღამით აფეთქება მოხდა. შიდა ქართლის პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის ინფორმაციით ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლთან, რომელიც ზნაურის რაიონის ოსურ სოფლებს ესაზღვრება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ანძებზე წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა. აფეთქებულია ოთხი ანძა, თუმცა ჯუღელის თქმით იმის გამო რომ ნაღმები არასწორად იყო დამონტაჟებული და მათი ნაწილი არ ამოქმედდა, სერიოზული დაზიანება არ გამოუწვევია. მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი შიდა ქართლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა გააკეთა, მან წუხანდელი აფეთქება დივერსიულ აქტად შეაფასა.

აფეთქების ადგილზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. ადგილზე ევროკავშირის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. „ენერგოპროჯორჯიას“ შიდა ქართლის ოფისის, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად ანძები რომ წაქცეულიყო, აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებოდა. ამჟამად ელექტროენერგია რეგიონს შეუზღუდავად მიეწოდება.

მხარის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი დივერსიულ და ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობს და პასუხისმგებლობას სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული ჯარის ხელმძღვანელობას აკისრებს. იგი სამართალდამცავებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

ხაშურის რაიონის სოფელი წაღვლი ზნაურის რაიონის ოსურ სოფლებს ესაზღვრება, რომლებსაც კოკოითის ხელისუფლება აკონტროლებს, ამ მიმართულებით ქართველ სამართალდამცავებს არაერთი საგუშაგო აქვთ მოწყობილი, მაგრამ ისინი ძირითადად მთავარ გზებს აკონტროლებენ, შემოვლითი გზები და ბილიკები კი დაუცველია.
XS
SM
MD
LG