Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ისევ გამოჩნდნენ "სამხედროები"


მეორე დღეა, გორის ჰოსპიტლის ეზოში დიდი ხმაურია. ათობით "დაჭრილი ჯარისკაცი" და მშვიდობიანი მოქალაქე ექიმებისგან დახმარებას ითხოვს, იქვე არიან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ჰოსპიტლის ეზოდან პირდაპირ ჩართვებს ახორციელებენ.

ჰოლივუდი გორში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00
ეს ყველაფერი გადასაღებ მოედანზე ხდება. ჰოლივუდის რეჟისორი რენი ჰარლინი იღებს ფილმს აგვისტოს ომის შესახებ. ჰარლინი სახელი გაითქვა კინოფილმ „კერკეტი კაკლის“ გადაღებით. ახალი ფილმის სცენარი ქართველმა ავტორებმა დაწერეს: გიორგი რამიშვილმა, ირაკლი სოლომონაშვილმა, დავით და გიორგი იმედაშვილებმა.

გადასაღებ მოედანზე, გორი
სცენარის მიხედვით, ამერიკელი ჟურნალისტი გორში ომის გასაშუქებლად იმყოფება, რომელიც დაჭრილებს ეხმარება, ბოლოს თვითონაც დასახმარებელი ხდება და მას ქართველი ჯარისკაცი გადაარჩენს. მთავარ როლში ცნობილი მსახიობი რუპერტ ფრენდი თამაშობს.

ჰოსპიტალის ეზოში მასიური სცენების გადაღება ორ დღეში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ რიგითი გორელების გარდა ფილმში იმ ჯარისკაცებსაც იღებენ, რომლებიც გასული წლის აგვისტოს ომში არ ყოფილან. გორის ჰოსპიტალის მედდას ლია ჭიღლაძეს კარგად ახსოვს ერთი წლის წინანდელი მოვლენები. მისი თქმით, დღევანდელი გადაღება რეალურთან ახლოსაა.

პირველი არხის ჟურნალისტი რატი მუჯირი გორში ერთი წლის წინ ომს აშუქებდა, დღესაც მიკროფონი უჭირავს, მაგრამ ამჯერად პროფესიული მოვალეობა ცოტა ხნით მსახიობობაზე გაცვალა.

გადასაღებ მოედანზე მსახიობებისთვის ყველაზე დამღლელი ათობით დუბლის გადაღებაა.

ფილმის მასიურ სცენებში ასზე მეტ გორელს იღებენ. დღიური ჰონორარი 15 ლარს შეადგენს. როგორც პროდიუსერები ამბობენ, ფილმის მთლიანი ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარია. გორელების მონათხრობით, ფილმში გადაღება მარტივი არ ყოფილა.

გადაღებები სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში, გორი
საბრძოლო სცენების გადაღება, რომელიც წალკასა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობდა უკვე დასრულდა. გორში ტყვეების გაცვლის, მარადიორების მიერ ქალაქის ძარცვისა და აფეთქებების სცენებსაც გადაიღებენ. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკლ ფლანინგენი გადაღებებით კმაყოფილია.

ფილმის სამუშაო სახელია საქართველო. გორში გადაღებები კვირის ბოლოს დასრულდება. ფილმი კი ეკრანებზე მომავალ წელს გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG