Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ბირთვული იარაღით იმუქრება


რუსეთი სამხედრო დოქტრინას ამკაცრებს და აგრესორის წინააღმდეგ, მათ შორის - პრევენციული მიზნებისთვისაც, ბირთვული იარაღის გამოყენების დაშვებას აპირებს.
ამ შინაარსის ინფორმაცია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა 14 ოქტომბრის გაზეთ ”იზვესტიაშიც” დაადასტურა. რუსეთის ამ განზრახვაზე ყურადღება გამახვილდა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” სტუდიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სტუმრობისას. ჰილარი კლინტონმა არაფერი იცოდა კრემლის ამ ახალი განზრახვისა და პატრუშევის განცხადების შესახებ. თუმცა მან იქვე განმარტა, რომ აშშ-ის სამხედრო დოქტრინაში მსგავსი მუხლი არ დევს. კორესპონდენტ ალექსეი ვენედიქტოვის თქმით, ”რუსეთის თანამედროვე ენაზე აგრესორად საქართველო ითვლება” და შესაბამისად, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლის მუქარა გახმოვანდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შეერთებული შტატების გასაგონადაც. მათი აზრით, რუსეთს ამით სამხედრო პირველობის მოპოვება სურს.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინის შინაარსი აგრესიისა და მუდმივი შანტაჟის გაგრძელებაა. დავით ბაქრაძე გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მუქარის განხორციელება შეძლოს, რადგანაც მას ამ მუქარის განხორციელება საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ძვირი დაუჯდება.
რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება ასევე წარმოუდგენლად მიაჩნია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს. ”ეს არის უფრო პოლიტიკური, პროპაგანდისტული პიარი - სამხედრო თვალსაზრისით გამყარებული”, - აღნიშნავს ეკა ტყეშელაშვილი.
XS
SM
MD
LG