Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მოქალაქეთა ხმები” წყნეთში


მანანა ღურჭუმელიძე (მარცხნიდან პირველი), ები მილსი (მარცხნიდან მეორე)
მანანა ღურჭუმელიძე (მარცხნიდან პირველი), ები მილსი (მარცხნიდან მეორე)

მასწავლებელთა და მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუშაობას შეუდგა ოთხდღიანი სემინარი, რომელიც სამოქალაქო განათლების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის - „მოქალაქეთა ხმების“ - ფარგლებში იმართება. პროექტი სამწლიანია, დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მსოფლიოს რვა ქვეყანაში ხორციელდება. საქართველოში პროექტის პარტნიორი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირია.

სემინარში, რომელიც წყნეთის სასწავლო ბაზაზე ტარდება, სამოქალაქო განათლების 25 პედაგოგი მონაწილეობს. სამი წლის მანძილზე სემინარების მონაწილე პედაგოგთაგან ყველაზე აქტიური ხუთი მასწავლებელი სტაჟირებას ამერიკაში გაივლის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ისინიკოლეგებს თავად ჩაუტარებენ ტრენინგებს.

„პროექტის მიზანია დავეხმაროთ პედაგოგებს უკეთ ასწავლონ მოსწავლეებს სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები. ვაპირებთ მსმენელებს გავაცნოთ დემოკრატიის ძირითადი პრინციპების სწავლების საშუალებები. ვცდილობთ სემინარის მონაწილეებს დავეხმაროთ, ისტორიული წარსულისა და მომავლის გამოწვევების გათვალისწინებით, შეძლონ თავიანთი მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.“

გვითხრა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორმა ები მილსმა. მისივე განმარტებით, გაცვლითი პროგრამებისა დასემინარების გარდა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია დემოკრატიული მეხსიერების საერთაშორისო ინტერნეტ ბანკის შექმნა. საქართველოდან მეხსიერების ამ ბანკში განთავსდება ვარდების რევოლუციის მონაწილე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ზეპირი ისტორიები:

„ჩვენი ქვეყანა ამ ბანკში წარმოდგენილი იქნება ვარდების რევოლუციით, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დემოკრატიული პროცესების ჩამონათვალში ერთ-ერთი სერიოზული არის ვარდების რევოლუცია. ბევრი ადამიანი ცოცხალია, ჯანსაღადაა, მათ შეუძლიათ გაიხსენონ თავიანთი პირადი აქტიურობები. შემდეგ კი 8 ქვეყნის მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთ ბავშვებს გააცნონ ქვეყანა საქართველო, ხოლო შემდეგ გაკვეთილებზე გამოყენებული იქნეს მაგალითისათვის საქართველოს ვარდების რევოლუციის მონაწილეების მოგონებები.“

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარის მანანა ღურჭუმელიძის თქმით, დემოკრატიული მეხსიერების საერთაშორისო ბანკის შექმნის პროცესში ჩართულები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კოლუმბია, პოლონეთი, საქართველო, მონღოლეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ფილიპინები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მათგან, საქართველოში ბანკის შექმნის გარდა, იგეგმება სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს შედგენაც.

საქართველოში მთავარი პრობლემა სამოქალაქო განათლებაა, – მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი, რომელიც საერთაშორისო პროექტის ეგიდით მიმდინარე სემინარის მუშაობაში ექსპერტად ჩაერთვება და პედაგოგებს დემოკრატიის საფუძვლებს გააცნობს. მას საზოგადოების სამოქალაქო განათლების დეფიციტის სკოლის კედლებშივე აღმოფხვრა იდეალურად მიაჩნია, თუმცა ოპტიმისტურად მაინც არ არის განწყობილი:

„მე ყველა ამ პროექტს, რომელსაც აქვს შანსი ერთ მასწავლებელს მაინც გაუხსნას გზა ახალი ცხოვრებისკენ, მივესალმები. თუმცა ის, რომ ბოლოს 28 000 ბავშვი იქნება სამოქალაქოდ განათლებული, არ მჯერა. მაგრამ 10 ბავშვიც რომ იყოს, უკვე საქმეა. მაგრამ ეს არის ნელი პროცესი. მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც ელოდება ამ პროექტს, იქნება არა ხელისუფლება, არა საზოგადოება, არამედ თვითონ მასწავლებლები, იმიტომ რომ ისინი ფარულად თუ ღიად ჯერჯერობით არ არიან მზად ასეთი გარღვევისთვის.“

საერთაშორისო პროექტში „მოქალაქეთა ხმები“ სამი წლის განმავლობაში 150 მასწავლებლის მომზადებაა გათვალისწინებული. მასწავლებელმა, თავის მხრივ, კოლეგები და მოსწავლეები დემოკრატიის ისეთ ძირითად მიმართულებებში უნდა გაარკვიონ, როგორიცაა: შეთანხმებული მმართველობა, სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, უმცირესობათა უფლებები, მრავალპარტიულობა, ეკონომიკური თავისუფლება, ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. პირველ სემინარში, რომელშიც 25 პედაგოგი მონაწილეობს, ასევე ექსპერტად მიწვეულია საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

მთავარი არის ის, ამბობს სოზარ სუბარი, რომ ჩვენ არასწორად გვესმოდა თავად სამოქალაქო საზოგადოების ცნება. „სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე წლის წინ, ჩვენი წარმოდგენით, იყო რამდენიმე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია. სინამდვილეში ასე არ არის. სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით ფართო ცნებაა და პროფკავშირები არის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ამისა. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია მასწავლებლებზე, რომლებიც ზრდიან მომავალ თაობას და რომლებსაც თვითონ უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ის ღირებულებები, რომელთაც დემოკრატიული საზოგადოება უნდა ეყრდნობოდეს.“

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პირველი სემინარი 16 ოქტომბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG