Accessibility links

logo-print

რუსეთის საპარლამენტო ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებს დემარშით პასუხობს


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო პროტესტის ნიშნად დატოვეს საკანონმდებლო ორგანოში შემავალმა ოპიზიციურმა პარტიებმა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო პროტესტის ნიშნად დატოვეს საკანონმდებლო ორგანოში შემავალმა ოპიზიციურმა პარტიებმა

14 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო პროტესტის ნიშნად დატოვეს საკანონმდებლო ორგანოში შემავალმა ოპიზიციურმა პარტიებმა. დემარშის მიზეზად რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული, კომუნისტური და “სამართლიანი რუსეთის” ფრაქციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს გასულ კვირას უამრავი დარღვევით ჩატარებული ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნები, რომლის შედეგადაც მმართველმა “ედინაია როსიამ” თითქმის ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო ოპიზიცია არაკონსტრუქციულ გზას დაადგა და ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეჰყავს.

“ედინაია როსიამ”, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი უდგას სათავეში, ადგილობრივი არჩევნების შედეგად მოიპოვა უფლება დააკომპლექტოს ყველა დონის საკანონმდებლო ორგანო. მმართველმა პარტიამ მოიგო ასევე რეგიონალური არჩევნები ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, რომლის 35 კაციანი საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ სამი კომუნისტით იქნება წარმოდგენილი, დანარჩენი 32 მანდატი კი ვლადიმირ პუტინის მომხრეებს ერგოთ. რუსი კომუნისტები 14 ოქტომბერს იმათ რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს სახელმწიფო სათათბიროს სხდომათა დარბაზი და გაყალბებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების რევიზია მოთხოვეს.

“ ჩვენ გამოვედით ამ დარბაზიდან იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ აღარ შევალთ სხდომათა დარბაზში. დაბეჯითებით მოვითხოვ, რომ უკვე დღეს თითო ფრაქციიდან ორ-ორი კაცი წავიდეს, გადაითვალოს ხმები და იქ აბსოლუტურად ყველაფერი გამოჩნდება. სხვა გზა არ არის”, -

განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის კომუნისტური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა.

11 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებით განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც, რეგიონალური არჩევნების შედეგებით, კვლავ ვერ მოხვდა მოსკოვის საქალაქო დუმაში. პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ლიბერალ-დემოკრატების მოთმინების ფიალა აივსო:

“ჩვენ ყველგან გავიმარჯვეთ. ჩვენ ყველა პარლამენტში გავედით. მათ, ხელისუფლებამ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყნის ნახევარზე მეტ პარლამენტში არ შეგვიშვა. ჩვენ ველოდით. 1992 წელი – მოსკოვის საქალაქო დუმაში არ გვიშვებენ, 1996 - არ გვიშვებენ, 2000 – არ გვიშვებენ. 2004...… ხუთჯერ, 20 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ არ უნდათ. იმიტომ რომ იციან, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია სიმართლისათვის იბრძოლებს.”

მიუხედავად მსოფლმხედველობრივი განსხვავებისა, დემარშს შეუერთდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შემავალი კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, “სამართლიანი რუსეთი”. ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკოლაი ლევიჩევმა, განაცხადა, რომ მათ აქვთ არჩევნებზე მომხდარი დარღვევების დამადასტურებელი უამრავი ფაქტი, მაგრამ მმართველ პარტიას არაფრის გაგონება არ სურს:

“ დაე, უმრავლესობის პარტიის ფრაქციამ, რომელსაც არაფრის გაგონება არ სურს, იმუშაოს დამოუკიდებლად და აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც დარბაზში და მის გარეთ ხდება.”

მმართველი პარტია “ედინაია როსია” მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა რეალური სურათი ასახა და რომ საპარლამენტო ოპიზიციური ფრაქციების დემარში მათსავე დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს, - განაცხადა რუს ჟურნალისტებთან საუბარში “ედინაია როსიას” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, და აქცენტი ქვეყანაში არსებული კრიზისის ერთობლივი ძალებით დაძლევაზე გაამახვილა:

“დღეს ქვეყანაში კრიზისია. მისგან ბევრი ადამიანი იტანჯება და ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. და დღეს, როგორც არასოდეს, საჭიროა კონსოლიდაცია, მათ შორის - პოლიტიკურ ძალთა შორის.”

Mმაგრამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შესვლას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი არ შეხვდება და მათთან ერთად არ განიხილავს არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის საკითხს.
XS
SM
MD
LG