Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი რუსეთში: მორიგი განცხადებები საქართველოზე


ჰილარი კლინტონი და თათრეთის პრეზიდენტი მინტიმერ შაიმიევი ყაზანის აეროპორტში
ჰილარი კლინტონი და თათრეთის პრეზიდენტი მინტიმერ შაიმიევი ყაზანის აეროპორტში
დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტი რუსეთში. თუ გუშინდელი პროგრამის ძირითადი ნაწილი ოფიციალურ შეხვედრებს დაეთმო (მოლაპარაკებას პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან), დღეს ყურადღების ცენტრში მოექცა რუსეთის რიგით მოქალაქეებთან შეხვედრები. კლინტონი მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტთა წინაშე წარდგა, მოგვიანებით კი მიაშურა თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.

ისევე როგორც გუშინ, კლინტონმა დღესაც მიუთითა ვაშინგტონისა და მოსკოვის უთანხმოებაზე საქართველოს საკითხში. “ეს არის სფერო, რომელშიც უთანხმოება გვაქვს”, განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ ამერიკის მხარე “ძალიან გულწრფელი” იყო თავისი შეშფოთების გამოხატვისას, ისევე როგორც რუსეთის შეშფოთების მოსმენისას. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც საქართველომ და არც სამხრეთელმა ოსებმა ან აფხაზებმა გააკეთონ რაიმე პროვოკაციული. ჩვენ ეს ქართველებს ვუთხარით და მჯერა, რომ რუსეთის მთავრობამ ეს უთხრა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხს. საქართველოში საქმე გვაქვს ძალიან რთულ ურთიერთობებთან, მაგრამ პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყო იმის უზრუნველყოფა, რომ კონფლიქტი აღარ მოხდეს”. ეს სიტყვები ჰილარი კლინტონმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას წარმოთქვა.

ეს იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე არაფორმალური შეხვედრიდან, რომლებიც ემსახურება ახალი მუხტის შეტანას ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში. მოსკოვი და ვაშინგტონი, როგორც ცნობილია, ცდილობენ “გადატვირთვას” ურთიერთობაში, რომელშიც დაძაბულობას იწვევს ნატოს გაფართოების პროცესი, რუსეთში უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი ვითარება, ომი საქართველოში.

მოსკოვის უნივერსიტეტში 2000-მდე სტუდენტის წინაშე გამოსვლისას, კლინტონმა გაიმეორა მოსკოვისადმი ვაშინგტონის მოწოდება, მეტი პატივისცემით მოეკიდოს ადამიანის უფლებებს. მან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დაადასტურა საქართველოს გარშემო უთანხმოებაც. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მან და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმსჯელეს უცხოელი მეთვალყურეების და სამშვიდობო ძალების როლზე.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და ჰილარი კლინტონი
“გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია მეთვალყურეებისა და მშვიდობისდამცველების მუდმივი ყოფნა ადგილზე, რათა არ იყოს არც საფუძველი და არც ადგილი რაიმესთვის, რამაც მორიგი სისხლისღვრა შეიძლება გამოიწვიოს. მინისტრ ლავროვთან შეხვედრების დროს ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, რათა შევიმუშავოთ სტატუსის საკითხისაგან დამოუკიდებელი მიდგომა ერთგვარი ბუფერული ზონის შესაქმნელად - ჟენევის პროცესის, გაეროსა და ეუთოს მეშვეობით”, - განაცხადა კლინტონმა. მან ნატოც ახსენა - კერძოდ, ნატოსთან მოსკოვის ურთიერთობის გაუარესება საქართველოში ომის გამო.

კლინტონმა გაიხსენა პერიოდი, როცა სახელმწიფო მდივანი გახდა. მაშინ ნატოს და რუსეთს შორის ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, ნატო-რუსეთის საბჭო სხდომებს აღარ მართავდა, კლინტონის სიტყვებით, “ძალიან ძლიერი ემოციების გამო, რომლებიც ბევრში გამოიწვია იმან, რაც საქართველოში მოხდა. ჩემი პოზიცია იყო: შესაძლოა, აზრთა სხვაობა გვქონდეს იმაზე, რაც საქართველოში მოხდა, მაგრამ ერთმანეთთან საუბარი არ უნდა შევწყვიტოთ. საუბარი უნდა გავაგრძელოთ. ასე რომ, აღვადგინეთ ნატო-რუსეთის საბჭო, რათა გვქონდეს ფორუმი, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს მუდმივად ჰქონდეთ კონტაქტი, როცა ხდება რაღაც, რაც, შესაძლოა, სერიოზული გამოწვევა იყოს ჩვენი ურთიერთობისთვის.”

ასე რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კლინტონი და, ზოგადად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, მიზანშეწონილად მიიჩნევს დიალოგის გაგრძელებას, რათა ყველა მხარემ სიმშვიდე შეინარჩუნოს და, უწინარეს ყოვლისა, მომავალზე იფიქროს დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

მოსკოვის უნივერსიტეტში გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სტუდენტებს გაუზიარა მოსაზრება, რომ მათი ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება მათივე მზადყოფნაზე, დაიცვან თავიანთი ძირითადი უფლებები, მათ შორის უფლება, ხმა აიმაღლონ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.

სტუდენტებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასაც. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ ანტისარაკეტო გეგმაზე უარის თქმა გამოიწვია არა რაიმე სახის გარიგებამ, არამედ შეცვლილი გეგმისთვის უპირატესობის მინიჭებამ. ამავე საკითხთან - ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმასთან - დაკავშირებით, კლინტონს საუბარი მოუწია დღეს რადიო “ეხო მოსკვისთან” ინტერვიუშიც. ჟურნალისტმა ალექსეი ვენედიქტოვმა სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს. პასუხად ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ “არ აქვს არანაირი საფუძველი იფიქროს, რომ რაიმე განთავსდება საქართველოს ტერიტორიაზე.”

და კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება, რომელიც კლინტონმა “ეხო მოსკვის” ეთერში გააკეთა: აშშ განაგრძობს საქართველოს სამხედრო ძალების მხარდაჭერას და წვრთნას. "ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ხალხს, რათა იგრძნოს, რომ თავის დაცვა შეუძლიაო”, - უთხრა რუს ჟურნალისტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ჰილარი კლინტონი სანთელს ანთებს ყაზანის ხარების ეკლესიაში
მოგვიანებით ჰილარი კლინტონი მოსკოვის აღმოსავლეთით, მისგან 850 კილომეტრით დაშორებულ ყაზანში ჩაფრინდა. აღსანიშნავია, რომ კლინტონი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ენერგომატარებლებით მდიდარ თათრეთს ეწვია. კლინტონი, მუსულმანური ტრადიციების პატივისცემის ნიშნად, თავსაფრით, ფეხშიშველი შევიდა ქულ შარიფის უზარმაზარ მეჩეთში, რომელიც ყაზანის კრემლის კომპლექსს მიეკუთვნება, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად. კლინტონი ეკლესიასაც ეწვია და ორი ტაძრის ერთმანეთის გვერდი დგომის ფაქტი “რელიგიებს შორის ტოლერანტობის” ნიმუშად მოიხსენია.
XS
SM
MD
LG