Accessibility links

logo-print

მტრული გარემო და ჟურნალისტის ფსიქიკა


არნოლდ აიზეკსი (მარცხნიდან პირველი) ქართველ ჟურნალისტებთან

არნოლდ აიზეკსი (მარცხნიდან პირველი) ქართველ ჟურნალისტებთან

გორში ადგილობრივი ჟურნალისტების და დარტ ცენტრის (ტრამვებისა და ჟურნალისტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია) წარმომადგენლის არნოლდ აიზეკის შეხვედრა გაიმართა.

ამერიკელი ჟურნალისტი წლების წინ ვიეტნამის ომს აშუქებდა. მან საკუთარი გამოცდილება ქართველ კოლეგებს გაუზიარა და მათგანაც მოისმინა აგვისტოს ომის ჟურნალისტური ამბები.

აიზეკმა აუხსნა ჟურნალისტებს, როგორ უნდა დაძლიონ ექსტრემალურ გარემოში მოვლენისგან გამოწვეული ემოცია და სტრესი ისე, რომ აუდიტორიას არ გადაედოს ეს ყველაფერი.

რეპორტიორები, ფოტოჟურნალისტები და სატელევიზიო ახალი ამბების ჯგუფები სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩართულნი არიან მრავალი ტრაგიკული მოვლენის – ომების, ტერორისტული აქტების, ავიაკატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების, უბედური შემთხვევების, ხანძრების, მკვლელობების გაშუქებაში. თითოეულ ასეთ მოვლენას ჰყავს თავისი მსხვერპლი, და ეს ყველაფერი ჟურნალისტის მეხსიერებაშიც დიდხანს რჩება.

„ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი აგვისტოს ომის დროს გორში მუშაობდა და ქალაქიდან ერთი წუთითაც არ გასულა. ერთი წლის წინანდელი ამბების გახსენება ემოციის გარეშე ახლაც უჭირს, მისი თქმით, ჟურნალისტისგან, რომელმაც ვიეტნამის ომი გააშაუქა, არაერთი სასარგებლო რჩევა მოისმინა.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი კონფლიქტური ვითარება იყო, და ქართველმა ჟურნალისტებმა გარკვეული გამოცდილებაც დააგროვეს, მაინც ნაკლებია ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ტრამვისა და სტრესული მდგომარეობის დაძლევა.

პოინტერის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინსტიტუტის წარმომადგენელი ელ ტომპინსკი 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ წერდა: „რეპორტიორები, ფოტოჟურნალისტები, ინჟინრები და რეჟისორები ხშირად მაშველების მხარდამხარ მუშაობენ. ჟურნალისტების ტრამვული სტრესის სიმპტომები გასაოცრად წააგავს იმ სიმპტომებს, რომლებიც ტრაგედიის უშუალო თვითმხილველებს, პოლიციელებსა და მეხანძრეებს აქვთ. ჟურნალისტები, როგორც წესი, არ იღებენ სპეციალურ დახმარებას თავისი მისიის დასრულების შემდეგ, მაშინ როცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების მუშაკებს გადატანილი სტრესის შემდეგ სთავაზობენ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ჟურნალისტებს დაუყონებლივ შემდგომი დავალების შესასრულებლად აგზავნიან.“

შეხვედრის დასასრულს არნოლდ აიზეკმა ადგილობრივ ჟურნალისტებს სპეციალური ბროშურები დაურიგა, სადაც მოცემულია პრაქტიკული რჩევები დრამატული თემების გასაშუქებლად და ტრამვული და სტრესული მდგომარეობის დასაძლევად.
XS
SM
MD
LG