Accessibility links

logo-print
რამდენიმე გაზეთში შუქდება დღეს ოპოზიციის წარმომადგენელთა 14 ოქტომბრის შეკრება სასტუმრო ”რედისონში”. ”ახალი თაობა” წერს: ”პრესისთვის დახურულ შეხვედრაზე ძირითადად მოქმედების ორი გეგმა განიხილა ოპოზიციამ. ერთი გეგმა არჩევნებში მონაწილეობასა და საერთო კანდიდატის გამოკვეთას ეხება. მეორე გეგმა კი ქუჩის აქციებს და პროტესტის უკვე გამოცდილ მეთოდებს გულისხმობს. პირველი გეგმის მხარდამჭერები უკვე ცნობილია - ირაკლი ალასანია და მისი ალიანსი. მეორე გეგმის ლობისტი კი ნინო ბურჯანაძეა, რადგან ის მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არსებულ საარჩევნო გარემოში აზრი არა აქვს.”

”ალია” დაწვრილებით აღწერს როგორც შეკრების გარემოს, ისე მის მონაწილეთა შთაბეჭდილებებს: ”ვნახოთ, რა იქნება მომავალ შეხვედრაზე... ალბათ, არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს მოაწერენ ე.წ. თავდაუსხმელობის პაქტს - მოდით, ძმებო, აღარ ვაგინოთ ერთმანეთიო”, - წერს ”ალიას” ავტორი. გაზეთი დაინტერესდა იმითაც, რატომ არ იყო წარმოდგენილი ზოგიერთი ოპოზიციური პარტია გუშინდელ შეკრებაზე. ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა: ”ჩვენ მივესალმეთ ამ შეკრებას და მისასალმებელი ბარათიც გავუგზავნეთ მათ. და, ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის ასეთი: კარგი იქნება, თუ ეს ბატონები ჩამოყალიბდებიან ერთ ძალად და ერთ პარტიად, რომ ურთიერთობა გვქონდეს ერთ სუბიექტთან”, - ამბობს გუგავა. პარტია ”თავისუფლების” წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე ”ალიას” პასუხობს, რომ კონსტანტინე გამსახურდია თბილისში არ იმყოფება და ამიტომ ვერ მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში, ჯონდი ბაღათურია დაკავებული იყო, ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძეს კი მოსაწვევი არ მიუღია.

”ყველა სიახლე” ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციურ ძალთა დიდი ნაწილი მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს სწორედ ჩვენსავით ხედავს და ხელისუფლების შეცვლის მთავარ გზად არჩევნები მიაჩნია. ბუნებრივია, რომ სხვა მოსაზრებაც არსებობს, მაგრამ მგონია, ამ მოსაზრებებს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების შანსი არა აქვს”, - ამბობს ალასანია. ”ყველა სიახლე” წერს, რომ ნინო ბურჯანაძე უახლოეს მომავალში საფრანგეთში ირაკლი ოქრუაშვილთან შესახვედრად გაემგზავრება.

”რეზონანსი” აქვეყნებს მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვის ტექსტს, რომელიც მას 14 ოქტომბრის შეკრების მონაწილეებისთვის გაუგზავნია და ქვეყნისთვის უმთავრეს ამოცანად დასავლეთის მიერ საქართველოში მშვიდობის სამხედრო საშუალებებით უზრუნველყოფის მიღწევას ასახელებს. ”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ რუსი სამხედროები 1 ნოემბრიდან ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავენ. ”ახმაჯის დე ფაქტო საზღვარი მგზავრებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება ღია. ამით ახალგორი პრაქტიკულად საბოლოოდ მოწყვეტილი აღმოჩნდება დანარჩენი საქართველოსგან, რის შედეგადაც ქსნის ხეობა, შესაძლოა, ქართველებისგან დაიცალოს”, - წერს ”რეზონანსი”.

”ჯორჯიან ტაიმსი” წერს, რომ საქართველოში ოქროს ბიზნესს პრეზიდენტის ოჯახი ფლობს. კორესპონდენტი კომენტარს ეკონომიკის ექსპერტ ნიკო ორველაშვილს სთხოვს. ის ამბობს: ” ‘მადნეული’ რუსებს ეკუთვნის. როცა პრეზიდენტი ამბობს, რუსები ჩვენი მტრები არიანო, ჰკითხეთ მას, რატომ გადაულოცა მტრებს ასეთი სტრატეგიული კომპანია? სახელმწიფო საკუთრება ”მადნეული” დიდი ხანია აღარაა. ადრე ის ფლობდა 50%-იან წილს ოქროს მომპოვებელი კომპანია ”კვარციტის” სახით, მეორე 50% ავსტრალიელებს ეკუთვნოდათ. ავსტრალიელები ნელ-ნელა ”გაისტუმრეს” ქვეყნიდან და ”მადნეულმა” ”კვარციტი” შეიერთა. ხოლო როცა ეს ხანგრძლივი შეერთების პროცესი დასრულდა, ამ კომპანიას მთლიანად რუსი ინვესტორი დაეუფლა. ”მადნეული” სააკაშვილის საკუთრებად და რუსი სამრეწველო ინვესტორების ”ხელის მოთბობის” საშუალებად იქცა”, - ამბობს ნიკო ორველაშვილი. ”ჯორჯიან ტაიმსი” ბეჭდავს მის კომენტარს.
XS
SM
MD
LG