Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტის აქტი“ - ოპოზიციის სამიზნე


გია თორთლაძე, ”პატრიოტის აქტის” ინიციატორი
გია თორთლაძე, ”პატრიოტის აქტის” ინიციატორი
საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გია თორთლაძე „პატრიოტის აქტის“ კანონპროექტზე მუშაობს და მას უახლოეს ხანებში პარლამენტსა და უშიშროების საბჭოს წარუდგენს. დეპუტატის განმარტებით, „პატრიოტის აქტი“ ჯაშუშობის მხილებისა და აღკვეთის რეალური საშუალება გახდება დაქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოემსახურება.

ამერიკულ ვარიანტში იყო პირდაპირ, მფლობელის გაუფრთხილებლად, ბინაში შესვლა და ჩხრეკის ჩატარება. ასეთი რამის გადმოტანას ჩვენ არ ვფიქრობთ
„პატრიოტის აქტი“ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისა და მათი დევნის მექანიზმად იქცევა და სპეცსამსახურების საქმიანობის პოლიტიზებას დააკანონებს - ესაა მთავარი არგუმენტი, რომლითაც ოპონენტები „პატრიოტის აქტს“ უპირისპირდებიან. კანონპროექტის ძირითადი დებულებები ჯერჯერობით საჯარო განხილვის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვის პოტენციური საფრთხის მთავარი წყაროა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქართული „პატრიოტის აქტი“ ამერიკული „პატრიოტის აქტის“ ანალოგიური იქნება. „პატრიოტის აქტი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტერორიზმსა და გარე საფრთხეებთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეიქმნა. აქტით მნიშვნელოვნად გაფართოვდა ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებები და გამარტივდა სატელეფონო მოსმენისა და ჩხრეკის პროცედურები.

„ამერიკულ ვარიანტში იყო პირდაპირ, მფლობელის გაუფრთხილებლად, ბინაში შესვლა და ჩხრეკის ჩატარება. ასეთი რამის გადმოტანას ჩვენ არ ვფიქრობთ. აქ არ არის სატელეფონო მოსმენებზე საუბარი, მაგრამ ის, რომ ტვირთების მონიტორინგი იყოს, ფინანსური გადარიცხვების მონიტორინგი იყოს, ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პირობით საზღვრებთან აუცილებელია ძალიან სერიოზული მონიტორინგი და ყურადღება, ამას არაფერი წინ არ უნდა დაუდგეს.“

ასეთია საინფორმაციო საშუალებებისთვის „პატრიოტის აქტის“ მიზანშეწონილობის საკითხზე გია თორთლაძის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომლის თანახმადაც, დოკუმენტი ითვალისწინებს ასევე ელექტრონულ თვალთვალს, ოპერატიულ თვალთვალს ინტერნეტში, საემიგრაციო კონტროლის გამკაცრებას, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლს და ასე შემდეგ. პროექტი 10 ძირითად მიმართულებას მოიცავს.

„პატრიოტის აქტის“ ინიცირება, ერთწლიანი ინტერვალით, საქართველოში უკვე მეორედ, მთლიანობაში კი, მესამედ ხდება. ქართველი დეპუტატები ამერიკის შეერთებული შტატების „პატრიოტის აქტის“ მსგავსი კანონმდებლობის შემუშავებაზე პირველად 2006 წლის ზაფხულში, კოდორის მოვლენების დასრულებისთანავე, ალაპარაკდნენ.

გასულ წელს კი, 29 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა „ პატრიოტის აქტის“ შემოღება ინტერვენციის გზით მთავრობის გადმოგდების მცდელობათა აღკვეთისათვის მზადყოფნის აუცილებლობით ახსნა. განცხადება პრეზიდენტმა ფოთში გააკეთა, სადაც იმ დროისათვის ჯერაც ფუნქციონირებდა აგვისტოს ომის დღეებში გახსნილი ორი რუსული საგუშაგო. მოგვიანებით პრეზიდენტის ინიციატივა პარლამენტში დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა გააჟღერა.

შარშან პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია, თუმცა ოპონენტების დასაშოშმინებლად მაინც გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ კანონი არ შეზღუდავდა სამოქალაქო თავისუფლებებს და ახალი სტრუქტურაც დემოკრატიის უკლებლივ ყველა პირობის დაცვის გარემოში ამოქმედდებოდა. მოგვიანებით დემოკრატიის ახალი ტალღის ინიცირება მოხდა და „პატრიოტის აქტზე“ საუბარიც დასრულდა. თუმცა კვლავ -დროებით.

იმის თაობაზე, გაიზიარებს თუ არა წინა ორი ინიციატივის ბედს გია თორთლაძის ინიციატივა, ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის წინადადება მხარდაჭერით თავისივე ფრაქციის წევრებშიც კი არ სარგებლობს, საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ „პატრიოტის აქტი“ განხილვის საგანი ჯერ არ გამხდარა და საუბარი იმის შესახებ, რამდენად აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება, მხოლოდ კანონპროექტის გაცნობის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ეკა ბესელია
„პატრიოტის აქტს“ პრაქტიკულად ერთსულოვნად ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ეკა ბესელია, მაგალითად, აცხადებს, რომ „პატრიოტის აქტი“ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და უკანონო მოსმენებისა და ჩხრეკის დაკანონებას ნიშნავს.

ეკა ბესელია გია თორთლაძეს ამ დოკუმენტით ხელისუფლების ინტერესების ლობირებაში სდებს ბრალს, ქრისტიან-დემოკრატები კი გამოსავალს ახალ ინიციატივაში ხედავენ და გამოდიან წინადადებით, სამართალდამცავებისათვის დამატებითი უფლებების მინიჭების ნაცვლად, შეიქმნას საპარლამენტო კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგისათვის.
XS
SM
MD
LG