Accessibility links

logo-print

ვითარდება მეცნიერება - ეკონომიკაც წინ მიდის


დავით უსუფაშვილი (მარცხნივ) და გელა კვაჭანტირაძე

დავით უსუფაშვილი (მარცხნივ) და გელა კვაჭანტირაძე

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ეკონომიკური განვითარების წინაპირობად მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას მიიჩნევს. ისინი ხელისუფლებას ამ მხრივ გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ და საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობენ.

ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზეა დამოკიდებული, აცხადებენ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა პრესკონფერენცია 15 ოქტომბერს, რომელიც პარტიის ოფისში რესპუბლიკური პარტიის განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელმა გელა კვაჭანტირაძემ გახსნა.

პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნაზეა დამოკიდებული, - ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ე.წ. ”ლისაბონის პროცესის” მონაწილე გახდა.

„ლისაბონის პროცესი“ ითვალისწინებს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და, ეკონომიკასთან მისი ინტეგრაციით, უკვე 2010 წლისთვის, ე.წ. ”ცოდნაზე დამყარებული” ეკონომიკის ჩამოყალიბებას, აცხადებენ რესპუბლიკურ პარტიაში. პარტიის განათლებისა და მეცნიერების კომისიამ შეისწავლა საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სისტემის რეფორმის პროცესი და ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები გამოავლინა, აცხადებს კომისიის ხელმძღვანელი გელა კვაჭანტირაძე.

პარტიის ოფისში იმ ისტორიულ შანსზე საუბრობენ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს და ”ლისაბონის სტრატეგიის” რეალიზაციისათვის ევროკომისიის ექსპერტების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მარსაგიშვილი საუბრობს საქართველოში მეცნიერების განვითარების აუცილებლობასა და ამ გზით წარმატების მიღწევაზე. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, 2 წლის წინ ევროკომისიის ექსპერტებმა შეისწავლეს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის საკითხები და საკმაოდ უარყოფითი დასკვნა დადეს, რის შემდეგაც მათ ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციები შესთავაზეს:

”მთელი საინოვაციო პროგრამები, რაც დღეს მსოფლიოში ხორციელდება, ეფუძნება მეცნიერებას. ახალი ტექნოლოგიის ათვისება ქვეყანას არ შეუძლია, თუ მას არ ჰყავს სპეციალისტი ამ კონკრეტულ დარგში. ჩვენ მათ რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, არ გვექნება თანამედროვე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, არ გვექნება განვითარების პერსპექტივა. მეცნიერება არ არის მეცნიერებისათვის. მეცნიერება არის ქვეყნის განვითარებისათვის.”

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას ამ კუთხით განახორციელონ მნიშვნელოვანი ძვრები და ოთხპუნქტიან რეკომენდაციას სთავაზობენ, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას სათანადოდ დაფინანსებული მძლავრი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრები; გარდა ამისა, ჩამოყალიბდეს მინისტრთა კაბინეტთან არსებული მეცნიერებისა და ინოვაციების მართვის მუდმივმოქმედი კომიტეტი; შეიქმნას ე.წ. ”ტექნოლოგიური პარკები”, რომელიც მეცნიერებატევადი დარგების განვითარების ხელშემწყობი თავისუფალი ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბებას გულისხმობს, და 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მეცნიერების განვითარებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობა, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG