Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სათათბიროში დაძაბულობა მატულობს


სამი ფრაქციის წარმომადგენლებმა რუსეთის სათათბირო დემონსტრაციულად დატოვეს
სამი ფრაქციის წარმომადგენლებმა რუსეთის სათათბირო დემონსტრაციულად დატოვეს
სამი - ჩვეულებრივ კრემლთან თანხმობაში მყოფი - ფრაქციის წარმომადგენლებმა გუშინ რუსეთის სათათბირო დემონსტრაციულად დატოვეს, 11 ოქტომბერს გამართულ რეგიონალურ არჩევნებში მომხდარი დარღვევების გაპროტესტების მიზნით. ისინი აცხადებენ, რომ მუშაობას არ განაახლებენ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრამდე და საარჩევნო დარღვევების ირგვლივ გამოძიების დაწყებამდე.

პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პარტია მუშაობს.

მმართველი პარტია - ”ერთიანი რუსეთი“ - და კრემლი გამოსავლის ძიებაში არიან. ოთხშაბათს სათათბიროში წარმოდგენილი დანარჩენი სამი ფრაქციის წარმომადგენლებმა პარლამენტი დატოვეს, როგორც თვითონ აცხადებენ, 11 ოქტომბრის რეგიონალურ არჩევნებში მომხდარი დარღვევების გასაპროტესტებლად. ამ არჩევნებმა მოიტანა ”ერთიანი რუსეთის“ დამაჯერებელი გამარჯვება და, ასევე, დარღვევების გამო უამრავი საჩივარი. ლაპარაკობენ როგორც საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრაზე, ისე პოლიციის მხრიდან პირდაპირ მუქარაზე.

ჩვენ აღარ შევალთ სხდომათა დარბაზში. დაბეჯითებით მოვითხოვ, რომ უკვე დღეს თითო ფრაქციიდან ორ-ორი კაცი წავიდეს, გადაითვალოს ხმები და იქ აბსოლუტურად ყველა [დარღვევა] გამოჩნდება
პროტესტის ნიშნად სათათბიროს დატოვების ინიციატორი იყო რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც სათავეში სკანდალებით და ექსცენტრიზმით ცნობილი ნაციონალისტი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, უდგას. ამ პარტიას მალევე - როგორც კი ”ერთიანმა რუსეთმა” არჩევნების გაყალბების შესახებ დისკუსიის მიჩქმალვა სცადა - კომუნისტური პარტიისა და ”სამართლიანი რუსეთის” წარმომადგენელმა დეპუტატებმა მიჰბაძეს.

სათათბიროს დატოვების შემდეგ კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ნიკოლაი ხარიტონოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი პარტია დარღვევების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნასა და ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს:

”ხედავთ, რომ აქ განსხვავებული შეხედულების ძალები ვართ - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, „სამართლიანი რუსეთი“, კომუნისტური პარტია. ჩვენ ამ დარბაზიდან იმიტომ გამოვედით, რომ ეს შეუძლებელია“,- განაცხადა ხარიტონოვმა და დასძინა: ”ჩვენ აღარ შევალთ სხდომათა დარბაზში. დაბეჯითებით მოვითხოვ, რომ უკვე დღეს თითო ფრაქციიდან ორ-ორი კაცი წავიდეს, გადაითვალოს ხმები და იქ აბსოლუტურად ყველა [დარღვევა] გამოჩნდება. სხვა გზა არ არის.”

საჯარო ასპარეზზე მმართველ პარტიას თავი ისე მოაქვს, თითქოს დათმობაზე წასვლას არ აპირებს. სათათბიროს სპიკერმა და ”სამართლიანი რუსეთის” უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ბორის გრიზლოვმა დეპუტატების პროტესტს ”საბოტაჟის გაგრძელება” უწოდა, რომელიც მიზნად პოლიტიკური ცხოვრების დესტაბილიზაციას ისახავს.

ვლადიმირ პუტინი
ოპოზიციის ბრალდებები უარყო პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც. პეკინში ვიზიტით ყოფნისას მან განაცხადა:
”თუ იმაზე ვსაუბრობთ, არჩევნები სამართლიანად ჩატარდა თუ არა - თუ ვინმეს ამის შესახებ ეჭვები აქვს, ისინი სასამართლოში უნდა წავიდნენ და ეს იქ უნდა დაამტკიცონ. ასე ხომ უსასრულოდ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ არჩევნები უსამართლო იყო და ცუდად ჩატარდა. რას მოიტანს ეს? მათ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ.”

დეპუტატების პროტესტის შემდეგ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია პრეზიდენტ მედვედევს, თუმცა მმართველი პარტიის წევრებთან მანამდე გამართულ შეხვედრებზე მას ნათქვამი აქვს, რომ 11 ოქტომბრის არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა.
რუსეთის მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ კრემლი დეპუტატების შემორიგებას ცდილობს. გავრცელებული ცნობებით, მედვედევი სამი ფრაქციის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა.

ლიბერალ-დემოკრატები და კომუნისტები აცხადებენ, რომ სათათბიროს მედვედევთან პირისპირ შეხვედრამდე არ დაუბრუნდებიან. მაგრამ სათათბიროს ვიცე-სპიკერის

ალექსანდრ ბობკოვის თქმით, რომელიც „სამართლიან რუსეთს“ წარმოადგენს, მისი ფრაქცია მუშაობას 16 ოქტომბერს განაახლებს.

კრემლში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო ”რია ნოვოსტიმ” გაავრცელა ცნობა, რომ მთავრობა არ გეგმავს არჩევნების შედეგის გაუქმებას და რომ მედვედევი არ აპირებს ზეწოლას დანებდეს და შეხვედრები ნაჩქარევად გამართოს. სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან პრეზიდენტის მორიგი, გეგმიური შეხვედრა 27 ოქტომბერს არის დანიშნული.

ერთ ჩვენს მეგობარს - საარჩევნო შტაბის ხელძღვანელს - სახლში აალებადი სითხით სავსე ბოთლი შეუგდეს. იყო ცემის ბევრი შემთხვევა - მათ შორის, უშუალოდ არჩევნების დღეს
პარალელურად, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ კიდევ უფრო რადიკალური მოთხოვნები წამოაყენა - რომ 11 ოქტომბრის არჩევნების შედეგი საერთოდ გაუქმდეს და ხელახალი კენჭისყრა 11 მარტს გაიმართოს. ამასთან, პარტია მოითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლდეს ყველა გუბერნატორი, ვისაც პოსტზე 10 წელიწადზე მეტხანს აქვს ნამუშევარი, და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარტიის მოთხოვნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საარჩევნო კომისიების რეფორმირებაც არის გათვალისწინებული.

საზოგადოების მხრიდან არჩევნების გაყალბების ბრალდებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ მედიას ბრალდებები არ გაუშუქებია.

სამხრეთულ ქალაქ ასტრახანში რამდენიმე ათეულმა პირმა საარჩევნო კომისიის შენობის წინ კარვები გაშალა. ვარაუდობდნენ, რომ იქ გამართულ კენჭისყრაში პოპულარული პოლიტიკოსი, „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელი ოლეგ შეინი მძაფრ კონკურენციას გაუწევდა ”ერთიანი რუსეთის” მოქმედ წარმომადგენელს, მაგრამ, ოფიციალური შედეგების თანახმად, შეინი დიდი სხვაობით დამარცხდა.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში შეინმა განაცხადა, რომ არჩევნები ”კრიმინალურმა დაჯგუფებამ” გააყალბა:

”ეს ჯგუფი, რომელსაც [მოქმედი მერი, სერგეი] ბოჟენოვი ხელმძღვანელობდა, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მიმართავდა ადამიანების გატაცებებს. მიკროავტობუსებს, რომლებზეც ჩვენი პლაკატები იყო გამოკრული, დანებით უსერავდნენ საბურავებს; ხალხს, ვინც თავიანთ აივნებზე ჩვენს ბანერებს დებდა, ღამით სახლებში უვარდებოდნენ; ერთ ჩვენს მეგობარს - საარჩევნო შტაბის ხელძღვანელს - სახლში აალებადი სითხით სავსე ბოთლი შეუგდეს. იყო ცემის ბევრი შემთხვევა - მათ შორის, უშუალოდ არჩევნების დღეს.”

მოსკოვში კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატების პროტესტს საზოგადოებაც დაუჭერს მხარს.

ანალიტიკოსების თქმით, სათათბიროში მიმდინარე პროტესტს, შესაძლოა, გაყალბებაში ბრალდებული რამდენიმე რეგიონალური ლიდერის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვეს, მაგრამ კრემლის მიერ არჩევნების შედეგის საერთოდ გაუქმება, რუსეთის ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG