Accessibility links

logo-print
საქართველოში იტალიური სიმღერა განსაკუთრებით უყვართ. ეს ტრადიცია, შესაძლოა, იმ დროიდან მოდის, როდესაც დღევანდელი თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე მდებარე ქარვასლის შენობაში სპექტაკლებს იტალიური საოპერო დასი მართავდა. თბილისის (ტფილისის) ისტორიის შესანიშნავი მკვლევარის, მწერალ აკა მორჩილაძის აზრით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ”მომღერალ ქარვასლაში” გარიბალდის სული დანავარდობდა. ასოცდაათ წელზე მეტი გავიდა, რაც თეატრის შენობა დაიწვა, მაგრამ ის პერიოდი ჩვენი ერის ისტორიულ მეხსიერებაში არ წაშლილა.

ბავშვობაში მე ხშირად ვსტუმრობდი ჩემს მეზობელ და თანატოლ კონოს, რათა მასთან ერთად საოპერო არიები და ნეაპოლიტანური სიმღერები იტალიური მომღერლების შესრულებით მომესმინა. კონოს იმ დროისათვის ძვირფასი ნივთი - პატეფონი - ჰქონდა. მისი მუსიკალური კოლექცია ფირმა ”His master’s voice“-ის (“მისი პატრონის ხმა”) რამდენიმე ფირფიტისგან შედგებოდა. დისკების ლოგოზე პატარა ძაღლი და გრამოფონი იყო გამოსახული. მე და ჩემი ძმაკაცი კარუზოს, ბატისტინის, ტიტო რუფოს, ტიტო სკიპას, გალი კურჩის ხელოვნებით ვტკბებოდით - ლამაზ მელოდიებთან ერთად, იტალიური ენის საოცარი მუსიკალური ჟღერადობა გვხიბლავდა. არადა, კომუნისტების დროს თბილისის საოპერო თეატრში ყველა სპექტაკლი, სამი ქართული ოპერის გარდა, რუსულ ენაზე მიდიოდა. სამოციან წლებში, ე.წ. ”დათბობის” პერიოდში, თბილისს კონცერტებით, ერთმანეთის მიყოლებით, იტალიური ესტრადის ვარსკლავები კლაუდიო ვილა და დომენიკო მოდუნიო ესტუმრნენ. მათი გამოსვლები ”გოფილექტის” საზაფხულო თეატრში გაიმართა.

სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ ამ უნიკალური შენობის დანგრევა მიუტევებელ და უხეშ შეცდომად მიმაჩნია. კლაუდიო ვილა ტრადიციული ბელკანტოს ტიპიური წარმომადგენელი იყო. მისი თბილი, ხავერდოვანი ხმა თითქოს სპეციალურად ნეაპოლიტანური სიმღერის კანტილენისთვის იყო განკუთვნილი. ტრადიციული რეპერტუარის გარდა, მომღერალი თავისი მეგობრის, დომენიკო მოდუნიოს, სიმღერებსაც დიდი წარმატებით ასრულებდა. პარადოქსია, მაგრამ მოდუნიოს ჰიტი ”ვოლარე” (”დავფრინავ”) მას ბევრად უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე ავტორს. ამაში ჩვენ დომენიკოს თბილისურ კონცერტზე დავრწმუნდით. იმხანად ჩვენთვის სრულიად უცნობი იყო კიდევ ერთი ბრწყინვალე საესტრადო მომღერლის, ფრედ ბონგუსტოს, სახელი. სამწუხაროა, რომ დღესაც, როცა ბონგუსტოს შემოქმედებითი კარიერა ორმოცდაცამეტ წელს ითვლის, ჩვენში მასზე ჩამიჩუმი არ ისმის. პირადად მე ბონგუსტოს სიმღერა პირველად იტალიურ რადიოსადგურ “RAI”-ს გადაცემაში სამოცდაათიან წლებში მოვისმინე.

ფრედ (ალფრედო) ბონგუსტო იტალიის ქალაქ კამპობასოში 1935 წლის 6 აპრილს დაიბადა. დედამისი ვენეციელი, მამა კი ნეაპოლიტანელი იყო. მოდენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ჭაბუკი სიმღერამ და კომპოზიციამ გაიტაცა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფრედმა ღამის კლუბში გამოსვლა დაიწყო, სადაც ცნობილი შოუმენების ბრუნო მარტინოსა და პეპინო დი კაპრის პარტნიორი გახდა. ბონგუსტოს პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ მუსიკალურმა წრეებმა ის ”ინტიმურ კომპოზიტორად” მონათლეს.

სამოციან წლებში ფრედმა გასტროლები სამხრეთ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში გამართა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო მისი თანამშრომლობა ვინისუზ დე მორეირასთან, ტომ ჯობიმთან, ჟოაო ჟილბერტოსა და ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორ დონ კოსტასთან. ოთხმოციანი წლების ბოლოს ბონგუსტო დიდი წარმატებით გამოვიდა სან-რემოს ფესტივალზე.

ოთხი წლის წინათ, 2005 წლის 2 ივნისს, იტალიის პრეზიდენტმა კარლო აზელო ჩამპიმ ფრედ ბონგუსტოს ”კომენდანტეს” სახელმწიფო ტიტული უბოძა. არტისტმა, ესტრადაზე მოღვაწეობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის და რომის მერის ვალტერ ვიტრონის სპეციალური პრემიებიც მიიღო. საიუბილეო კონცერტს 1500-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ფრედ ბონგუსტომ კინომუსიკის შექმნაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მან ფილმებისთვის ”მატრიმონიო ალიტალიანა”, ”მალიზია”, ”ლა ჩიჩალა” შესანიშნავი საუნდტრეკები შექმნა. გამოგიტყდებით, ბონგუსტო ჩემი უსაყვარლესი მომღერალია. ამასთან დაკავშირებით, მინდა მარსელ პრუსტის სენტენცია მოვიშველიო: ”მისი ხმა იმ უფსკრულის ნაწილია, რომელიც უიმედო ამბორს ეგრე თავბრუდამხვევს ხდის.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG