Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ჯარისკაცს საქართველოსთვის სამხედრო ინფორმაციის მიწოდების გამო


ჯემალ ნაკაიძე (მარცხნივ) სასამართლოში მიყვანისას
ჯემალ ნაკაიძე (მარცხნივ) სასამართლოში მიყვანისას
რუსეთში გრძელდება საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირთა სამართლებრივი დევნის პროცესი. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რუსეთში სამხედრო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა სერჟანტ ჯემალ ნაკაიძეს, რომელიც დამნაშავედ ცნო გასული წლის ომის დროს საქართველოსთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში. რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ მათ 10-მდე ჯაშუშის საქმე გახსნეს.
რუსეთის სამხედრო პროკურატურამ სერჟანტი ჯემალ ნაკაიძე შედარებით მსუბუქად დასაჯა, რადგან ამ უკანასკნელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა.

“მას შეეფარდოს სასჯელი მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში 9 წლით თავისუფლების აღკვეთით და, სისხლის სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვას “ზემდეგის” სამხედრო წოდება”, - განაცხადა რუსეთის სამხედრო პროკურორმა იგორ ბლიზიევმა.

ბრალდების თანახმად, ნაკაიძე საქართველოს უშიშროების სამსახურმა გადაიბირა ფულით და ბათუმში ბინით უზრუნველყოფის დაპირებით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. როგორც გამომძიებლები აცხადებენ, ნაკაიძე საქართველოს უშიშროების სამსახურს სამხედრო ინფორმაციას აწვდიდა გასული წლის თებერვლიდან ნოემბრამდე.

“თავის საქმიანობაში, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლისაგან ის ღებულობდა არაერთ ფულად ჯილდოს ამერიკულ დოლარებში. გარდა ამისა, ამ, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, საქმიანობის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, მას საკუთრებაში ბინის მიცემას დაჰპირდნენ“, - განაცხადა რუსეთის სამხედრო პროკურორმა იგორ ბლიზიევმა.

საქართველოს სპეცსამსახურები ჯემალ ნაკაიძის გადაბირებასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. ამ ინფორმაციის კომენტირებისაგან თავი შორს დაიჭირა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა: “არა, კაცო, მაგაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ.”

იმავდროულად, რუსულ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აგვისტოში რუსეთის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში კიდევ რამდენიმე სამხედრო და სამოქალაქო პირს მიუსაჯა პატიმრობა. რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებმა, აგვისტოში ჯაშუშობის ბრალდებით, ვინმე ხერკელაძე და ხაჩიროვი დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, რუსეთში აგვისტოს ომის შემდეგ დაპატიმრებულია საქართველოს სპეცსამსახურების 9 აგენტი. “ისინი ეწეოდნენ სამხედრო ობიექტების დზვერვას და ამზადებდნენ ტერაქტებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეო”, - მოჰყავს ბორტნიკოვის სიტყვები სააგენტო “ლენტა.რუს.” თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად ცნო ცნობილი სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელმაც ჯერ აღიარა ჯაშუშობა, შემდეგ კი გადათქვა ჩვენება, რომლის დაწერაც გამომძიებლებმა მუქარით აიძულეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG