Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამწვანებული ზონები მცირდება


გიორგი გაჩეჩილაძე (მარჯვნივ) და ლაშა ჩხარტიშვილი. საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოს წინ
გიორგი გაჩეჩილაძე (მარჯვნივ) და ლაშა ჩხარტიშვილი. საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოს წინ
მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ თბილისის საკრებულოსთან შეკრებილი ადამიანები. აქციის ორგანიზატორები კონსერვატიული პარტია, მწვანეთა პარტია და ქალთა პარტია იყო. აქციის მსვლელობისას დაიწყო ხელმოწერების შეგროვებაც, რომლითაც აქციაზე მისული საზოგადოება საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა.

რეკრეაციული ზონების რაოდენობა დედაქალაქში ხუთჯერ გაიზარდა
”სამოცდაათი წლის ვარ და შარშან კიდევ 5 ხე დავრგე ჩემს ეზოში. ჩვენ თუ არ მოვუარეთ ჩვენს ქალაქს, სხვა არავინ მოუვლის”, - ასე გამოხატა თავისი გულისტკივილი 70 წლის ლირა არაბულმა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს წინ გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე, მისი თქმით, თბილისის გამწვანების გადასარჩენად მივიდა. აქცია კი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო გაიმართა. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმაში შეტანილ იქნა მთელი რიგი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, თბილისის ტერიტორიაზე 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას (ბაღებს, პარკებსა და გამწვანებულ ფერდობებს) რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საკრებულომ დააკანონა გამწვანებულ ზონებზე მშენებლობების განხორციელება. აქცია კონსერვატიული პარტიის, მწვანეთა პარტიისა და ქალთა პარტიის ორგანიზებით გაიმართა.

აქციის მთავარი გზავნილი კი ასე ჟღერდა: „აღა-მაჰმად ხანის კვალდაკვალ“. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ჩხარტიშვილის, თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ისევე ექცევა დედაქალაქს, როგორც თავის დროზე აღა-მაჰმად ხანი მოექცა.

გიორგი გაჩეჩილაძე
სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობს მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, „გამწვანებას დედაქალაქში გააჩნია არა მარტო რეკრეაციული ფუნქცია, არამედ ის ქალაქისათვის ერთგვარ დამცავ ფარსაც წარმოადგენს.“

კორუფციულ გარიგებას უწოდებს ქალთა პარტიის ლიდერი გუგული მაღრაძე სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია 16 ოქტომბერს დიღმის ტყე-პარკს ეწვია და მოსახლეობას შეხვდა. ის ტყე-პარკისათვის რეკრეაციული ზონის სტატუსის აღდგენას ითხოვს. მისივე განცხადებით, შესაძლებელია, რომ გამწვანებული ტერიტორიები მშენებლობების ზონად გადაიქცეს.

”რეკრეაციული ზონების რაოდენობა დედაქალაქში ხუთჯერ გაიზარდა” , განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკრებულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა შემსწავლელი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი გოგოლაძემ. მისი თქმით, დიღმის ტყე-პარკის მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილს მიენიჭა საზოგადოებრივი ზონის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გასხვისდა და რომლის დაბრუნებაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. როგორც ის ირწმუნება, ამ ტერიტორიებზე არ მოხდება საოფისე ფართებისა თუ სამშენებლო კორპუსების მშენებლობა.

გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში თბილისში კატასტროფულად შემცირდა გამწვანების ზოლების, ბაღების, პარკებისა და სკვერების ფართობები. მწვანე ნარგავთა რაოდენობით თბილისი თითქმის ათჯერ ჩამოუვარდება ნორმატივებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს.

აქციის ოგანიზატორების ინიციატივით, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნაზე, გაუქმდეს საკრებულოს 2009 წლის სექტემბრის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიისათვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნის შესახებ. მათი განცხადებით, 16 ოქტომბრის აქცია მხოლოდ გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი ისინი უკვე გრანდიოზული აქციების მოწყობას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG