Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასურსათო პროგრამა: მსოფლიოში მილიარდი ადამიანი შიმშილობს


მოშიმშილე ბავშვი კონგოში
მოშიმშილე ბავშვი კონგოში
გაეროს სასურსათო უწყება ადასტურებს, რომ მსოფლიოში იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შიმშილობენ, ბოლო 40 წელიწადში პირველად, მილიარდს აჭარბებს. გაეროს ანგარიში, სადაც ამ ფაქტის თაობაზეა ლაპარაკი, გამოქვეყნდა ახლა, როცა მსოფლიო “სურსათის დღეს”, 16 ოქტომბერს, აღნიშნავს.

გაეროს სურსათის და სასოფლო-სამეურნეო უწყებისა და სასურსათო პროგრამის მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ ანგარიშში წაიკითხავთ, რომ მსოფლიოს საფინანსო კრიზისმა მოშიმშილე ადამიანთა რიცხვის სწრაფი ზრდა გამოიწვია შარშან და წლევანდელი წლის პირველ ნახევარში. თუმცა ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა წინა წლებშიც იზრდებოდა - მართალია, ნელა და თანაბრად. ნიგერში, ქვემო საჰარაში, უფლებადამცავი ორგანიზაციების თანახმად, გვალვის გამო ორ-ნახევარზე მეტი ადამიანი განიცდის სურსათის უქონლობას. გაეროს სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო უწყების ეკონომისტი დევიდ დეივი მოწოდებით გამოდის, სასწრაფოდაა საჭირო განვითარებადი ქვეყნების მიწათმოქმედებაში ინვესტირებაო:

“ღარიბი ადამიანები მთელ შემოსავალს სურსათში იხდიან. ჩვენ უნდა შევამციროთ სურსათის ფასები, რათა უფრო იოლად ხელმისაწვდომი გავხადოთ სურსათი. ერთადერთი გზა ამისათვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდაა.”

დახმარებამ და ინვესტიციებმა ამ სექტორში 1980-იანი წლებიდან იკლო. სასურსათო უწყებას სტატისტიკა მოჰყავს: 1980 წელს დონორი ქვეყნები სოფლის მერუნეობის სფეროში საერთოდ მთელი გაცემული დახმარების 17 პროცენტს დებდნენ. ახლა ეს რიცხვი 3, 8 პროცენტია.

დეივი სურსათის ფასების ზრდას ბოლო წელიწადში ინვესტიციების ნაკლებობით ხსნის. სურსათის ექსპერტ გრეინ მელონის გამოთვლით, მაგალითად, ერთი საშუალო ექვსპირიანი ოჯახი სომალიში 2009 წლის სექტემბერში სურსათისთვის 171 დოლარს ხარჯავდა. 18 თვის წინ ეს თანხა 92 დოლარს უდრიდა. დეივი იხსენებს 70-იან და 80-იან წლებს, როცა სოფლის მეურნეობა ინვესტორთათვის საინტერესო სფერო იყო:

“და რა მოჰყვა ამას? სურსათის ფასი დაეცა, გლეხების პროდუქტიულობა გაიზარდა. გლეხები ხეირობდნენ, ხეირი ნახეს ღარიბებმა სოფლებსა და ქალაქებში. თითქმის ყველა ხეირობდა. ეს ფასების შემცირების ტენდენცია შემდეგ შეიცვალა. საჭიროა მეტი ინვესტირება სოფლის მეურნეობაში იმისათვის, რომ პროდუქტიულობა კვლავ ზრდისკენ წავიდეს.”

სასურსათო უწყება ვარაუდობს, რომ 2050 წელს მსოფლიოს 9 მილიარდიანი მოსახლეობის გამოსაკვებად სურსათის წარმოების 70 პროცენტით გაზრდა იქნება საჭირო.

მაგრამ რთული შეკითხვა შეკითხვადვე რჩება: როგორ უნდა მოხერხდეს ეს?

60-იან წლებში სასუქებისა და ქიმიკატების საშუალებით - ასევე ტექნიკის გამოყენებით - სურსათის წარმოების გაზრდას მსოფლიოს მოსახლეობის 3 მილიარდამდე გაზრდა ახლდა და შიმშილობა, რისიც ეშინოდათ, არ ყოფილა. ამ პროცესს მაშინ “მწვანე რევოლუციაც “კი უწოდეს, თუმცა საკვები პროდუქტის ხარისხი ერთობ გაუარესდა. ამჯერად მსგავს რევოლუციას არ მოელიან. ექსპერტებს პესიმისტური პროგნოზები აქვთ: წყლის რესურსები იწურება, ნოყიერი მიწები მთლიანად ათვისებულია, სხვა ნიადაგები სულ უფრო ძნელად გამოსაყენებელი ხდება, კლიმატის შეცვლას წვიმები და არასტაბილური ტემპერატურა მოჰყვება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG