Accessibility links

logo-print

რას შეცვლის პატრიარქის ინიციატივა


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II

14 ოქტომბერს,სვეტიცხოველში ქადაგებისას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მრევლს ქართველთა ერთობის ტრაქტატზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. უფრო ადრე, პედაგოგებთან შეხვედრისას, ილია II–მ რუსეთ-საქართველოს ომსა და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

ჩვენ გვქონდა იმისი საშუალება, რომ აგვერიდებინა თავი ამ პრობლემებისათვის. გემი როცა ზღვაში მიდის, უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს.
ტრაქტატი, რომლის სრული სახელწოდებაა „სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი“, ერთი გვერდისგან შედგება და მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებნი, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფნი ტრაქტატზე ხელმოწერით აღუთქვამენ საქართველოს ერთგულებას და თანადგომას.

„საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი - მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენს აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება“, ნათქვამია ერთიანობის ტრაქტატში.

სვეტიცხოველში ტრაქტატის ტექსტი მეუფე დანიელმა წაიკითხა, თუმცა დოკუმენტის შექმნის აუცილებლობის შესახებ კათალიკოს-პატრიარქმა ისაუბრა. ილია მეორემ გაიხსენა 1790 წელი, როცა ქართველმა დიდებულებმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთის მტერს საკუთარ მტრად მიიჩნევდნენ, ხოლო მოყვარეს მოყვარედ. ეს პირობა საქართველოს ისტორიაში ივერიელთა (ანუ ქართველთა) ერთობის ტრაქტატის სახელით შევიდა.

ეკა ბესელია
ტრაქტატის ფურცლებზე ხელის მოწერა ყველას - მათ შორის, პოლიტიკოსებსაც -შეუძლიათ. „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პატრიარქის ეს ინიციატივა დროული და მნიშვნელოვანია:

„ეს არის საფუძველი იმისა, რომ მთელი საზოგადოება გაერთიანდება.“

დოკუმენტის საშუალებით საზოგადოების გაერთიანების შესაძლებლობის შეფასება უჭირს რელიგიის საკითხთა ექსპერტ ბექა მინდიაშვილს, რომელიც საპატრიარქოს ინიციატივას პოლიტიკური მოვლენების კონტექსტში განიხილავს.

„საპატრიარქო ცდილობს ითამაშოს პოლიტიკურ ძალებს შორის დამაბალანსებლის როლი და ეს ინტენციაც შეიძლება იყოს გამოკვეთილი ამ ტრაქტატის მიხედვით, მაგრამ აქ, ალბათ, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ და ყველაზე გავლენიან არბიტრად წარმოაჩინა საპატრიარქომ თავი და ეს დოკუმენტი ამის ერთ-ერთი ნიმუშია.“ - კიდევ ერთ ნიმუშად ბექა მინდიაშვილს პატრიარქის მიერ 7 ოქტომბერს პედაგოგებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება მოაქვს. მაშინ ილია მეორემ რუსეთ-საქართველოს ომსა და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობაზე ილაპარაკა:

„ეს არ უნდა მომხდარიყო და ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო. ჩვენ გვქონდა იმისი საშუალება, რომ აგვერიდებინა თავი ამ პრობლემებისათვის. გემი როცა ზღვაში მიდის, უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით მას.“

როგორ გაიგეს ქართველმა პოლიტიკოსებმა პატრიარქის ეს განცხადება? ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკა ბესელიას, მოვუსმინოთ:

„ამით მან პირდაპირ თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ კი არ აარიდა ქვეყანას საფრთხეები, არამედ, პირიქით, კლდეებს შეამსხვრია გემი. მან მკაფიოდ თქვა, რომ სააკაშვილს აკისრია მძიმე მორალური პასუხისმგებლობა.“

მიხეილ მაჭავარიანი
ეკა ბესელიასგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პატრიარქის გამონათქვამის თავისუფალ ინტერპრეტაციას ახდენს:

„ეტყობა, ჩვენი ოპოზიცია კარგად ვერ იცნობს პატრიარქს. თუ რამის თქმა უნდა, პირდაპირ ამბობს. გაიხსენეთ 2009 წლის 26 მაისი. მაშინ პატრიარქმა ყველაფერი ძალიან მკაფიოდ თქვა. როცა რამის თქმა უნდა, პირდაპირ და გასაგებად ამბობს.“

როგორ გაიგო პატრიარქის ნათქვამი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ და რას შეცვლის, მისი აზრით, ილია მეორის ამგვარი პოზიცია საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესში? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ დავით უსუფაშვილს მიმართა.

დავით უსუფაშვილი: „უწმინდესის სიტყვებს მე კომენტარს არ ვუკეთებ ხოლმე არასდროს. ვისმენ ყურადღებით და ვითვალისწინებ ცხოვრებაში. პატრიარქის სიტყვების კომენტირება, პოლიტიკურ კონტექსტებში განხილვა მიმაჩნია სრულიად არასწორად.“

სხვაგვარად ფიქრობს რელიგიის საკითხთა ექსპერტი ბექა მინდიაშვილი, რომლის თქმითაც, საპატრიარქო თავად ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს:

„ინტენსიურია საპატრიარქოს ურთიერთობები ბოლო პერიოდში არა მარტო მოსკოვის საპატრიარქოსთან, არამედ რუსეთის გავლენიან პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში. ამ ფონზე ტრაქტატის გამოქვეყნებაც და ასეთი განცხადებების კეთებაც ამ ურთიერთობების ჭრილში უნდა აღვიქვათ.“
XS
SM
MD
LG