Accessibility links

logo-print

გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსში" 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის სტატია, რომელშიც ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიაროს მისი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

ჩემი ქვეყანა აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ. ახლახან გავრცელებულ ევროკავშირის ანგარიშში, რომელსაც დიდი ხნის გნმავლობაში ველოდით, წერია, რომ ჩვენი აღიარებით ნებისმიერი მთავრობა კანონს დაარღვევს.

შესაძლოა, იკითხოთ, რა მაძლევს საბაბს ვიყო ოპტიმისტურად განწყობილი, - მეტიც, დარწმუნებული, - რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არა მხოლოდ გარანტირებულია, არამედ ჩვენ წინ პოლიტიკური და ეკონომიკური აღმასვლა გველის. ამასთან, მჯერა, რომ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მხრიდან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ დროის ამბავია.

ნება მომეცით ავხსნა, რატომ ვარ ასე თავდაჯერებული ჩვენს მომავალთან მიმართებით.

· უწინარესად, ამის საბაბს ის გარემოება მაძლევს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ეფუძნება აფხაზი ხალხის მიერ სამართლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის მოპოვების სურვილს. მე მწამს მარტინ ლუთერ კინგის მიერ მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათქვამი სიტყვებისა - ”ისტორიის თაღი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობის მხარეს იხრებაო.”

თავისუფლების ჩვენ ამ ნაღდ წადილს საქართველოს ლიდერები უპირისპირებენ სამართლებრივი შეფერილობის არგუმენტს - რომ თავიანთი ”ტერიტორიული მთლიანობის“ დაბრუნება სურთ. ეს არგუმენტი, უწინარესად, რადიკალურ ნაციონალიზმსა და 1931 წელს იოსებ სტალინის მიერ აფხაზებისთვის თავსმოხვეულ იძულებით კავშირს ეფუძნება.

· მეორე - ომისა და ბლოკადის მიუხედავად, ჩვენ უკვე 16 წელია ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. როგორც წესი, საქართველოს დასავლელი მეგობრები ამ მიღწევას თავიანთ სასარგებლოდ უგულებელყოფენ ხოლმე.

· მესამე - როგორც ერს, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი - ჩვენი ძლიერი ეთნიკური იდენტობით და შესანიშნავი ეკონომიკური პოტენციალით. აფხაზეთის სასიამოვნო კლიმატი და მისი მდებარეობა შავი ზღვის პირას ჩვენ გვაქცევს ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად, ისევე როგორც ევროპასა და აზიას შორის მდებარე სავაჭრო გზაჯვარედინად. მოუთმენლად ველით ათასობით სტუმრის მიღებას სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს - სოჭისა, რომელიც ჩვენგან მხოლოდ 20 მილით [32 კმ] არის დაშორებული.

· მეოთხე - ჩვენი ხალხის სახეებზე ღიმილი დაბრუნდა. მათ აღარ აცვიათ სამხედრო ფორმები და აღარც იარაღს წმენდენ რეგულარულად. ისინი სამგლოვიარო სამოსს აღარ იცვამენ. მათ სჯერათ პირადი და ოჯახური მომავლისა.

· და ბოლოს - თავდაჯერებულები იმის გამო ვართ, რომ სასოწარკვეთამ გადაგვიარა. რამდენიც საჭიროა, იმდენი ხანი დაველოდებით იმ დღეს, როცა მსოფლიო გონს მოეგება.

ისტორია გვასწავლის, რომ მოწინააღმდეგეები დამოუკიდებლობისთვის არც ერთ ბრძოლას არ მიიჩნევდნენ კანონიერად. ასე იყო დამოუკიდებლობისთვის ამერიკის ომის დრო და ასეა დღევანდელი აფხაზეთის შემთხვევაშიც. მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას და ეკონომიკას ვაშენებთ, შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენს მიმართ თავიანთ პოლიტიკას კვლავაც მცდარ საფუძველზე აგებენ.

ევროკავშირის მიერ ახლახან გავრცელებული ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ გასულ წელს ომი საქართველომ დაიწყო სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის განურჩეველი დახოცვით - სასტიკი და მოულოდნელი შეტევით, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. და მაინც, ბევრ დასავლელს ჩვენი დამოუკიდებლობის კანონიერების საკითხი უფრო აშფოთებს, ვიდრე საქართველოს მხრიდან მოქალაქეებზე მიტანილი ეს მდაბალი და არასაჭირო შეტევა.

შესაძლოა, ასეთი თვალსაზრისი გასაკვირი არც იყოს. ცივი ომის პერიოდის ინტელექტუალებს, რომლებიც ვაშინგტონსა და ბრიუსელში სააზროვნო პროცესებს განსაზღვრავენ, არც ქართველები ადარდებთ. მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რა იქნება კარგი ან ცუდი რუსეთისთვის, რომელიც მათ სძულთ.

ბედის ირონიით, სწორედ ეს ინტელექტუალები, ჟურნალისტები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ლიდერები მწვავედ გვაკრიტიკებენ ხოლმე იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან დახმარებასა და მხარდაჭერაზე ვართ დამოკიდებული.

მეგობარმა ციტატა მომიყვანა ერთი ცნობილი ძველი ამერიკული ფილმიდან ”დიდი ძილი”, სადაც ჰემფრი ბოგარტი ამბობს: ”იცი, რას იზამს შემდეგ? ჯერ კბილებს ჩამიმტვრევს, მერე კი მუცელში დამარტყამს, იმის გამო, რომ ვიჩიფჩიფებო.” მეტაფორულად, სწორედ ამას გვიშვრებიან შეერთებული შტატები და ევროპა, უჭერენ რა მხარს საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დიპლომატიური და ეკონომიკური იზოლაციის პოლიტიკას. ალტერნატივას არ გვაძლევენ - შემდეგ კი იმის გამო გვაკრიტიკებენ, რომ გადარჩენისთვის აუცილებელ ნაბიჯებს ვდგამთ.

როცა საერთაშორისო თანამეგობრობა საბანკო კოდების გამოყოფაზე უარს გვეუბნება, გამოსავალს რუსეთი გვთავაზობს. როცა საერთაშორისო სარკინიგზო კოდებს არ გვაძლევენ, რუსეთი თანხმდება განაგოს ჩვენი რკინიგზა. როცა ჩვენს მძიმედ დაავადებულ მოქალაქეებს სამკურნალოდ ევროპაში ვერ ვგზავნით, მათ მოსკოვში ვუშვებთ ხოლმე. როცა საქართველო ბლოკადას გვიწყობს და ჩვენთან ტვირთი ზღვით ვეღარ შემოდის, ის რუსეთიდან საჰაერო გზითა და რკინიგზით შემოგვაქვს.

ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა თავიანთი პოლიტიკა რეალურად მიმდინარე პროცესებს რომ დააფუძნონ და არა ფანტაზიას, რომ ქართველები ოდესმე თავიანთ ”ტერიტორიულ მთლიანობას” აღადგენენ, ისინი დაინახავდნენ, რომ არსებობს კომპრომისებისა და ადამიანური ქმედებების დიპლომატიური გზა, რომელიც კავკასიის ყველა მოქალაქეს წაადგებოდა, ეთნიკური კუთვნილების განურჩევლად.

იმის მიუხედავად, რომ ოთხი წლის წინ პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლისას პრორუსულ კანდიდატს ვუპირისპირდებოდი, სიტყვებით ვერ გამოვთქვამ, თუ რაოდენ მადლობელი ვარ რუსეთის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ჩვენს ისტორიაში ამ კრიტიკულ დროს აღმოგვიჩინა. მაგრამ, ისევე როგორც სხვა აფხაზები, მეც დიდი ენთუზიაზმით გამოვიყენებ შესაძლებლობას, ჩვენი ეკონომიკა სხვების დახმარებით განვავითაროთ. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მიუღებელია ისეთი მომავალი, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის დაქვემდებარებაში ვიყოთ.

შეერთებულ შტატებს და ევროპას მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ, რათა ერთად ვეძიოთ წინსვლის მშვიდობიანი გზა. ქართველი ნაციონალისტებისა და დესპოტების მმართველობის ქვეშ ჩვენ ვერაფერი დაგვაბრუნებს.

დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალი ბოლოს ჩვენკენ გადმოიხრება. თუმცა გონივრული საერთაშორისო ხელმძღვანელობის პირობებში ეს ბევრად უფრო მალე მოხდებოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG