Accessibility links

დევნილები - მოლოდინით გათანგულ ადამიანთა ერთობა


ფოტოგამოფენა „ომის შვილები ერთი წლის შემდეგ“

ფოტოგამოფენა „ომის შვილები ერთი წლის შემდეგ“

15-16 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგამოფენას „ომის შვილები ერთი წლის შემდეგ“ უმასპინძლა, თუმცა გამოფენის ორგანიზატორებმა სურათების დასათვალიერებლად მისულ საზოგადოებას ასევე გააცნეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ერთობლივი კვლევის შედეგიც, რომელშიც თავი მოიყარა წეროვანში, გორსა და თბილისში ჩასახლებული დევნილების როგორც ძირითადი პრობლემების აღწერამ, ასევე მათი გადაჭრის სავარაუდო გზებმა. რა აწუხებთ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ადამიანებს და რა კეთდება მათი ხვედრის შესამსუბუქებლად?

დავით მირველაშვილი
დავით მირველაშვილი მოყვარული ფოტოგრაფი და საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ დევნილებს ადრეც არაერთხელ შეხვედრია, თუმცა მათი ყოფისა და პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მხოლოდ ახლა, წეროვანში, გორის რაიონსა და თბილისში ჩასახლებული დევნილების მონახულების შემდეგ, მიიღო. სტუდენტის დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში, თვალშისაცემია დევნილთა მძიმე ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა.

“როგორც შემეძლო, გადმოვეცი მათი განცდები, ხასიათები... - ეს ყველაფერი ჩანს კიდეც სურათებში. მაგალითად, აი, ეს ქალბატონი „ორმაგი“ დევნილია: ჯერ აფხაზეთიდან, შემდეგ კი ცხინვალის რეგიონიდანაც გამოდევნეს. ახლა ცხოვრობს ბაღში, ერთ ოთახში ექვსნი არიან“, უთხრა რადიო თავისუფლებას დავით მირველაშვილმა, რომლის გარდა, სტუდენტურ პროექტში, სახელწოდებით „კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე“, ხუთი უმაღლესი სასწავლებლის 15-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მათ შორის იყო პროექტის დირექტორი თეონა დალაქიშვილიც, რომლის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ დევნილთა ცხოვრების გაცნობა და მათი პრობლემების შესწავლა როდი იყო: „სტუდენტებმა მეტი უნდა იფიქრონ და, შესაბამისად, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ, რათა დევნილებს მეტი ფიზიკური და მორალური დახმარება გაუწიონ.“

არც ეკლესია, არც სამსახური, მხოლოდ დარდი და გაჭირვება...

დევნილებს რომ ფიზიკური და მორალური დახმარება ესაჭიროებათ, ამას პროექტის კიდევ ერით მონაწილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, თეონა ტურაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, წეროვანში, სადაც 2 ათას კოტეჯში 6,5 ათასამდე დევნილი ცხოვრობს, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა: დასახლების მახლობლად არაა არც ერთი ეკლესია, რის გამოც დევნილთა დიდი ნაწილი იძულებულია წირვაზე მცხეთასა და თბილისში იაროს. ამასთან, ძირითადად, უმუშევარ დევნილებსა და მათ სტუდენტ შვილებს უჭირთ თბილისამდე მგზავრობის საფასურის, 1 ლარის, გადახდაც.

თეონა ტურაშვილი
თეონა ტურაშვილი: „ყველა ამბობს, თუ ტრანსპორტის პრობლემა არ გადაიჭრება, ჩვენი შვილები სასწავლებლებში ვეღარ ივლიან, არავის აქვს დღეში ორი და სამი ლარის გადახდის თავიო. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. დევნილთა ნაწილი სათბურებსა და გზების მშენებლობაზე მუშაობს, მაგრამ, ძირითადად, უმუშევრები არიან.“

უმუშევრობასთან ერთად ასევე პრობლემაა დევნილების ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ორიოდე კვირის წინ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორში გოგა აფციაური კარალეთის დასახლებაში იმყოფებოდა. დევნილებთან საუბრის შედეგად გაირკვა, რომ კოტეჯების დიდი ნაწილი, რომელიც სპეციალურად დევნილებისთვის აშენდა, უკვე ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, დევნილებიც კვლავ დახმარებასა და შველას ითხოვენ.

კობა სუბელიანი: „რაც შეგვიძლია, ყველავერს ვაკეთებთ!“

15 ოქტომბერს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დევნილთა პრობლემების შესახებ დეპუტატებმაც იმსჯელეს. პარლამენტის წევრმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა შეცვალოს დევნილებისადმი მიდგომა, რომ დევნილი მოსახლეობა არ უნდა იყოს მუდმივად ხელგაწვდილი და მხოლოდ 24-ლარიანი დახმარების იმედად.

„ჩვენ გვჭირდება აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა, რათა ჩვენი დევნილები იქცნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად. მათი მხრიდან საჭიროა მეტი ეკონომიკური, სოციალური აქტიურობა... მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ“, განაცხადა დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ.

კობა სუბელიანი
სამუშაო ადგილები, რომლის შესახებაც გურამ ჩახვაძე ლაპარაკობდა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შეიქმნა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის თქმით, სადაც შესაძლებელი იყო, დევნილებმა მიწაც მიიღეს და მისი დამუშავებისთვის საჭირო სახსრებიც:

„ჩვენ, მთელი სამთავრობო გუნდი, - მათ შორის, გუბერნატორები, მინისტრები, - რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. ხარვეზებიც არის, მოთხოვნაც დიდია. მიყოლა სჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად საქმის კეთება.“

კობა სუბელიანისა და მთავრობის სხვა წევრთა ძალისხმევის დაკნინებას არ ცდილობს ზურაბ ბენდიანიშვილი, წარმომადგენელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“. მისი თქმით, დევნილთა უზრუნველსაყოფად მართლაც ბევრი რა გაკეთდა, განსახლების პრობლემა თითქმის 95 პროცენტითაა გადაწყვეტილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, დევნილთა ყოფა უმძიმესია.

„პროგრამით გათვალისწინებული ბრინჯი, მაკარონი, ლობიო და სხვა პროდუქტები ადამიანის რაციონისათვის, ფაქტობრივად, არაფერია. 28 ლარიც, რომელსაც ყოველთვე იღებენ, ძირითადად, პირველადი მოხმარების საგნების შეძენაზე ეხარჯებათ. დიდი პრობლემაა უმუშევრობა. ამ შრომას მიჩვეული ადამიანებისათვის ძნელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი. ბევრმა დევნილმა სმა დაიწყო.“

დევნილი - წარსულს მიჯაჭვული და მოლოდინით გათანგული ადამიანი

სპეციალისტების თქმით, უმუშევრობაზე მეტად ფსიქოლოგიურ ტრავმებს თავად დევნილობის ფაქტი იწვევს. ზურაბ ბენდიანიშვილი, იმის საჩვენებლად, თუ როგორ უჭირთ დევნილებს ომამდელ ცხოვრებასთან კავშირის გაწყვეტა, ჰყვება ამბავს, რომელიც საკუთარი თვალით აქვს ნანახი.

დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი
სოფელი დიდი დიცი ოკუპირებულ და გადამწვარ ერედვს ესაზღვრება. დიცის ტერიტორიაზე მდებარე ერთ მაღლობზე ხშირად ნახავთ ბინოკლმომარჯვებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გადამწვარ სახლებს ათვალიერებენ ხოლმე. პირველმა შოკმა ნელ-ნელა გაიარა და ადგილი დაუთმო უმწეობის განცდას, ნოსტალგიას და შინ დაბრუნების სურვილს. დიცის ეს მაღლობი იქცა ერთგვარ სიმბოლურ ადგილად და იქ თავშეყრილი ადამიანების მდგომარეობა, მართლაც, უმძიმესია“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბენდიანიშვილმა.

დევნილების წარსულთან მიჯაჭვულობა შეუმჩნეველი არც სტუდენტური პროექტის „კონფლიქტის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე“ ავტორებს დარჩენიათ. დავით მირველაშვილი, მოყვარული ფოტოგრაფი და საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ამბობს, რომ დევნილთა უმეტესობა მას გამუდმებით წარსულზე ელაპარაკებოდა.

სტუდენტური კვლევა მთავრდება რეკომენდაციებით, ანუ იმით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას დევნილთა წინაშე არსებული ფსიქოლოგიური, სოციალური და სხვა სახის პრობლემები, თუმცა ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ყოველივე ამის გაკეთება მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსით შეუძლებელია. ფსიქოლოგი დევნილთა მდგომარეობას ფსიქო-სოციალური ტოქსინებით მოწამლულს უწოდებს. მისი განმარტებით, ფსიქო-სოციალური ტოქსინია ფსიქიკური და სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე დაძაბულობა.

ცხინვალის რეგიონიდან დევნილები
„სიციალური ფაქტორია ის, რომ დაუცველობის უკიდურესი განცდა აქვთ და მატერიალურად უჭირთ, ხოლო ფსიქოლოგიურ ფაქტორს საკუთარი მნიშვნელობის დაკარგვა და ამის გამო გარემოს მტრულად აღქმა განაპირობებს - ეს ყველაფერი კი მათ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახებაო“, ამბობს ნანა ჩაჩუა, რომლის თქმითაც, დევნილთა ფსიქო-სოციალური ტოქსინებისგან გათავისუფლება ძალიან რთული და, ხშირ შემთხვევაში, დაუძლეველი ამოცანაა:

„ერთგან იუნგი ამბობს, ჯოჯოხეთში ეშმაკები ცოდვილ ადამიანებს ალოდინებენ და ამ გზით აწამებენო. ყველაზე დიდი წამება ის მოლოდინია, რომლის პერსპექტივა არ ჩანს. მხოლოდ ის მოლოდინია გამანეიტრალებელი დევნილთა ფსიქო-სოციალური ტოქსინებისა, რომელსაც პერსპექტივა გააჩნია, ანუ დევნილთა ყოფის შესამსუბუქებლად მათი მოლოდინი უნდა იყოს პერსპექტიული!“
XS
SM
MD
LG