Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 ოქტომბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელ პრესაში ბევრს წაიკითხავთ ოპოზიციის გეგმებზე, პრობლემებსა და გზებზე. ეს პუბლიკაციები, ძირითადად, სასტუმრო „რედისონში“ ლევან გაჩეჩილაძის ინიციატივით ჩატარებულ შეხვედრას შეეხება.

„ვინ ქუჩაში გავა, ვინ არჩევნებზე“ - ასეთია „24 საათის“ სტატიის სათაური ამ თემაზე. „ოპოზიციას კვლავაც ერთიანობის პრობლემა აქვს“ - ეს ქვესათაურია. „მას შემდეგ, რაც ოპოზიციური საპროტესტო მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის გადაყენების ნაცვლად, საზაფხულო არდადეგებით დასრულდა, რამდენიმე თვე გავიდა და ოპოზიციამ ქუჩის აქციების განახლება გადაწყვიტა“ - ასე იწყებს გაზეთი სტატიას.

სხვა კუთხით ხედავს ამ შეხვედრას „ახალი თაობა“. „სააკაშვილი არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ. ქვეყნის სათავეში ახალი დიქტატორი არ უნდა მოვიდეს“ - გაზეთს „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის, ეს სიტყვები გამოაქვს მოწინავის სათაურად.

„ვერსია“ დაწვრილებით აღწერს სამსაათიანი შეხვედრის დეტალებს და ფოტორეპორტაჟსაც აქვეყნებს. „გაჩეჩილაძე იყო კონფერანსიეც, სპიკერიც, დამდგმელი რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელიცა და ხალხის გულების პრეზიდენტიც“ - წერს გაზეთი. „ვერსია“ იმასაც ამბობს, აქ გავარკვიეთ, რომ „მაესტრო“ „დაიცავი საქართველოს“ ტელევიზია ყოფილაო. გაზეთს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვები მოჰყავს: „მე რა ვიცი, „მაესტრო“ მაგათი ტელევიზიაა და შეიძლება მაგიტომ გაუშვეს, მაგის გარდა, ყველა დარბაზიდანო. „ვერსია“ იმასაც წერს, ლევან გაჩეჩილაძეს ჩაულაპარაკია,“ სამი წელია „მაესტროს“ სიხშირისთვის ვიბრძვი და ერთი ჩართვა რა გახდაო.“

„ვერსიაშივე“ ნახავთ ინტერვიუს რესპუბიკელ დავით ბერძენიშვილთან, რომელიც ამ შეხვედრაზე ნახსენებ ეგრეთ წოდებულ „თავდაუსხმელობის პაქტზე“ აკეთებს კომენტარს. „როგორც წესი, ამ ინიციატივით ის ხალხი გამოდის, ვისაც თავად უჭირს თავდასხმისგან თავის შეკავება. ჩვენ არავის ვესხმით თავს, ყოველთვის კორექტულები ვართო“, - უთხრა დავით ბერძენიშვილმა „ვერსიას“.

„რეზონანსი“ კი საპარლამენტო უმცირესობის პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. „საპარლამენტო უმცირესობა იშლება“ ეს პრობლემა პატრიოტთა აქტმა გააშიშვლა, თორემ ის აქამდეც იყოო, - წერს გაზეთი. „ქრისტიან-დემოკრატები თორთლაძეს ხელისუფლების საქმის კეთებაში უკვე ღიად ადანაშაულებენ და როდემდე გაძლებენ მასთან ერთად გაერთიანებაში, რთული სათქმელიაო“, წერს „რეზონანსი“ და მოჰყავს ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის, სიტყვები: „ჩვენ უმცირესობა გვჭირდება იმისათვის, რომ გამოვიყენოთ რეგლამენტის ბერკეტები შიდასაპარლამენტო მუშაობისათის. მე პირადად არა ვარ მომხრე, რომ ეს ბერკეტები ხელიდან გავუშვათ, მაგრამ არა ყველაფრის ფასადო“, - უთხრა ვეფხვაძემ „რეზონანსს“.
XS
SM
MD
LG