Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატორთა ომი ვირტუალურ სივრცეში


ქართულ ინტერნეტ სივრცეში უკვე კარგა ხანია არსებობს დაპირისპირება ორ ლიტერატურულ საიტს - „ლიტერატურა.გესა“ და „ურაკპარაკს“ შორის. ახალგაზრდა ლიტერატორების კონფლიქტმა რამდენჯერმე ვირტუალური სივრციდან რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლა. ყველაფერში ”დამნაშავე” კი ლიტერატურაა..

”ცოტა გაწელილი მეჩვენა.. ნუ, მეძინება და იმის ბრალია : )

გეენაცვალეთ თქვენ

ახლა ჭკვიანად უნდა მოვიქცე, რომ ფარულმა გამმინუსებლებმა ჯავრი არ იყარონ.

ეს ლექსი მარტივი და გენიალური ლექსია და, ,,პოეზიის მეტრებო", მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკები რომ შეისრუტოთ, გაგიჭირდებათ ყველას ერთად ამ ემოციის მოტანა...

რა თქმა უნდა, ვიცანი ავტორი... +2

ლექსს რაც შეეხება, მე მომწყინდა ეს მინაზე მიჭყლეტილი ნიკოტინები და სისხლში მობოგინე ალკოჰოლები, თან, ფაქტიურად, ერთი და იმავე ტონით/მუსიკით დაწერილი. -1

აჩი, არც ასე ვარგა! მეტი უნდა იფიქრო ლექსზე და არა ავტორზე. შენ რა, გგონია, ეს ტიპი მე მომწონს? ზოგჯერ მისი ცემაც მინდება, ისეთი გამოხტომები აქვს, მაგრამ პოეზიას ხომ უნდა ვცეთ პატივი.“

ასეთ მინაწერებს ინტერნეტ პორტალ „ლიტერატურა.გეზე.“ გამოქვეყნებულ არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებზე შეხვდებით. „ლიტ.გესგან“ განსხვავებით, სრული სიამტკბილობაა მეორე ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკზე“, სადაც მოღვაწე ავტორები, ძირითადად, ერთმანეთის ქებაში არიან. ისე, მაქებარი არც „ლიტ. გეზე“დამკვიდრებულ ავტორებს აკლიათ. მოკლედ, ე.წ. „სასტავები“ ერთგანაც არის და მეორეგანაც, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ „ლიტ.გე“ უფრო პოპულარული საიტია და ლიტერატურული მიგრაციის მიმართულებაც ვირტუალურ სივრცეში სწორედ „ლიტ გესკენ.“, ამ საიტზე დამკვიდრებისკენ არის მიმართული. მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმეა - თუ რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარმა რედკოლეგიამ გამოგზავნილი ნაწარმოები გაამინუსა, ანუ ლექსს თუ მოთხრობას დაბალი შეფასება დაუწერა, ის დღის სინათლეს ვერ იხილავს და ინტერნეტ სივრციდან იშლება. არც ლიტგეელები და ურაკპარაკელები უარყოფენ, რომ დამკვიდრებისათვის ბრძოლა იქცა მათი დაპირისპირების მთავარ მიზეზად და ვირტუალური სივრციდან ამ დაპირისპირებამ რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლა. ყველაფერი ეს კი ლიტერატურის გამო ხდება.

დიანა ანფიმიადი
„ურაკპარაკის“ მომხმარებელს, ძირითადად, ტრადიციული, რითმიანი ლექსები მოსწონს და იქ ვერლიბრმა, თეთრმა ლექსმა ვერ გაიხარა. „ლიტ.გეს“ ასეთი შეზღუდვები მაინცდამაინც არა აქვს, თუმცა მისი მაღალრეიტინგული ავტორების უმრავლესობა სწორედ ვერლიბრით წერს. პოეტ დიანა ანფიმიადის დაკვირვება ასეთია: ” მთელი ცხოვრება ვხალისობ ხოლმე დაპირისპირებების საკითხზე საქარველოში - ქერა ქალი უკეთესია თუ შავგვრემანი.. .ჯაზი თუა, როკი აღარ უნდა იყოს და ა.შ.. იგივე ვარიანტია რითმიან და ურითმო პოეზიასთან დაკავშირებითაც.”

კომენტარებით თავდასხმები დიანასაც ისევე აღიზიანებდა, როგორც ავტორთა უმრავლესობას. მაგრამ შემდეგ თავისთვის გადაწყვიტა, რომ ამაზე გაბრაზება არ ღირს, რადგან, მისი აზრით, უკეთესია ლიტერატურულ საიტზე გამოიხატოს აგრესია, ვიდრე, ვთქვათ, ქუჩაში.. იქნებ ლიტერატურულ სივრცეში ერთი ასაკის ავტორთა დაპირისპირების მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რასაც ჩვენთან საუბარში დიანაც ახსენებს: ” ადამიანები უფრო ადრე იწყებენ წერას, ვიდრე კითხვას.”

ურაკპარაკელი და ახლა უკვე „ლიტ.გეზე“ ფეხმოკიდებული ავტორი გიო ზედვაკელი-აბესაძეც ამბობს, რომ დაპირისპირების მთავარი მოტივი სწორედ გემოვნებაა. რა ქნას ადამიანმა, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ქომაგია? მოკლედ, იტალიურ ფეხბურთს ვერ აყურებინებ: ”ისევეა როგორც ფეხბურთში - მე ბრაზილიის ფანი ვარ და იტალიურ ფეხბურთს ვერ ვუყურებ. ლექსის მთელი მუღამიც ჩემთვის რითმაა.”

გიო აბესაძეს „ლიტ.გეზე“ 4 ლექსი გაუმინუსეს. განაწყენებული ავტორი „ურაკპარაკს“ დაუბრუნდა. შემდეგ ისევ სცადა დაბრუნება და მეორე ჯერზე გამოუვიდა.

გიო აბესაძე
„ლიტერატურა.გეს“ ერთ-ერთი ავტორი, სალომე ბენიძე, ამბობს, რომ „ლიტ.გეზე“ კონვენციური ლექსის მიმართ მეტი მოთხოვნები არსებობს, ვიდრე „ურაკპარაკზე“. და თანაც, ისეთი თემატიკა ლექსში, როგორიც ტივები მტკვარზე და მთვარე ღრუბლებშია, უბრალოდ, აღარავისთვის არის საინტერესო.

დიანა ანფიმიადის დაკვირვებით კი, გზები იყოფა იმ მიზეზითაც, რომ ის ჯგუფი, რომელიც მხოლოდ კონვენციურ ლექსს აღიარებს, ცისფერყანწელების და შემდგომი პერიოდის ქართული პოეზიის გარდა, აღარაფერს კითხულობს. მათგან მოუსმენია აზრიც, რომ თურმე ქალი პოეტი პოეტად არ ვარგა: ” და როდესაც ვეკითხები, რომელი ქალი პოეტი აქვს წაკითხული, ასახელებენ ანა კალანდაძეს, იშვიათა მარინა ცვეტაევას და მანდ მთავრდება. პრობლემაც ისაა, რომ კითხულობენ მხოლოდ ქართულ ლიტერატურას და მსოფლიოში რა ხდება, რა პროცესებია, ბევრმა არ იცის.”

და კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც მარტო დიანას არ გასჩენია: თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ სივცეში დღემდე ჩნდება ჯგუფები, რომლებიც გარკვეულ კლიშეებს ემორჩილება: ”რატომღაც ჰგონიათ, რომ პოეტი მოუწესრიგებელი და ლოთი უნდა იყოს, დარდიმანდი, მხარზე გადაგდებული კაშნეთი, ქარში დადიოდეს და ა.შ.”.

თაკო ფოლადაშვილი, ვირტუალურ სივცეში ცნობილი ნიკით კედი, ამბობს, რომ საკუთარ ნაწერებზე მკითხველების კომენტარები ზოგჯერ საშინლად აღიზიანებს ხოლმე.

ამ პლუს-მინუსების და კომენტარების ომმა, რომელიც ლიტერატურულ საიტებზე უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა და რაც სულ უფრო აშორებს ადამიანებს ღირებულ ლიტერატურას, ქუჩაშიც გადაინაცვლა. მთლად ხელჩართულ ბრძოლაში არ გადასულა, მაგრამ.. სალომე ბენიძე ერთ-ერთი იყო, რომელიც ფეხბურთის სწორედ იმ მატჩს დაესწრო, რის მერეც ლიტ. გეელებმა და ურაკპარაკელებმა გვარიანად ლანძღეს ერთმანეთი და ამ ლანძღვას არაფერი საერთო ლიტერატურასთან აღარ ჰქონდა...

დავით ქაშიაშვილი „ურაკპარაკის“ პოპულარული ავტორია, „ლიტ.გეზე“ -ნაკლებად. თუმცა მას პრეტენზია ორივე საიტის მიმართ აქვს: ” ‘ურაკპარაკს’ რაღაც პროვინციალიზმი სჭირს და მეგობრული და ”პადრუგული” დამოკიდებულებებია. „ლიტ.გეზე“, მგონია, რომ ნახევრად ღმერთების, მახევრად ფრთიანების ჯგუფია რამდენიმე და თუ რომელიმე ერთ ჯგუფს მოსწონხარ, მეორე ჯგუფი აღარ გაფასებს, იმიტომ რომ მისი საწინააღმდეგო ჯგუფის წევრებს მოსწონხარ.”

ამ ამბავში ყველაზე დაზარალებული, ალბათ, მაინც ლიტერატურა გამოდის. რაც უფრო მწვავდება ხოლმე დაპირისპირება, მით ნაკლებად ჩნდება ხარისხიანი ლიტერატურა. ან სულაც ამ ვირტუალური სივრციდან, თავისი ავტორიანად, სხვაგან გადაინაცვლებს. მიზეზი მარტივია: ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, მისთვის ასეთი საქმის გარჩევები უცხოა და უჩვეულო.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG