Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოჩიაური - მხატვარი


20 სექტემბერი, კვირა
„ტანზეით ჯაჭვსა ნუ წამყრი, ქერიგოს ქვიშათ ფერია...“
(ქალუნდაურის მოკვლა)

უბრალო ხევსურის ნათქვამია. ეს ნაწყვეტი იმის საილუსტრაციოდ გავიხსენე, რომ იმას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რას ამბობ, არამედ იმას, თუ როგორ ამბობ.
არ ვიცი, ლიტერატურაში როგორ, მაგრამ სახვით ხელოვნებაში ეს გადამწყვეტია.
წინ მიდგას ფერწერული ნამუშევარი, რომელსაც ვამთავრებ. „ოთხი ხევსური ქალი“. სახეებია... დასაწყისში ფერად ფოტოს ჰგავდა, ამჯერად ცოტა ასატანია.
თავისუფლების დღიურები - ირაკლი ოჩიაური
please wait

No media source currently available

0:00 0:09:40 0:00
ჯერ კიდევ როდენი გულგრილობას იჩენდა შინაარსის მიმართ. მისთვის მთავარი იყო ადამიანის სხეულის „მოძრაობა“, ანუ კომპოზიცია. სახელწოდებასა და შინაარსს მერე ეძებდა. ცნობილია, თავის ერთ კომპოზიციას სახელი ექვსჯერ შეუცვალა.
„ჯოჯოხეთის კარის“ თავზე სამფიგურიანი ჯგუფია. რას გამოხატავს ეს სამი ფიგურა შინაარსობრივად, ძნელი სათქმელია. მაგრამ საინტერესოა შესრულების მანერითა და კომპოზიციურად. დაუკვირვებელი კაცი ვერც კი შეამჩნევს, რომ სინამდვილეში ერთი ფიგურაა სამჯერ ჩამოსხმული.
როდენის „ბალზაკი“ საინტერესოა არა როგორც ბალზაკი, არამედ როგორც ქანდაკება, თავისთავად. ამ პორტრეტიდან იწყება ახალი სიტყვა ევროპულ ქანდაკებაში...
...ტილოზე ერთ-ორ ადგილას ღია ფერის „ამოვარდნილობამ“ შემაწუხა. უნდა ჩავაქრო.

21 სექტემბერი, ორშაბათი
დღეს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა იწყება. 12 საათისთვის უნდა გამოვცხადდე.
ერთი პროფერსორი გვყავს, ხელოვნების ისტორიას ასწავლის არქიტექტურის ფაკულტეტზე... ერთხელ, საპროფესოროში, შევესწარი, როგორი აღტაცებული ჰყვებოდა ფილიპო ლიპის (თუ სწორად მახსოვს) თავდადებაზე მხატვრობის მიმართ... როგორ იჯდა ფილიპო ლიპი გაყინული, ცივ ოთახში, ფეხები ბურბუშელიან კალათში ჰქონდა ჩაყოფილი და ფერწერისთვის პერსპექტივის კანონებს იკვლევდა.
გამიკვირდა, სულელი ყოფილა ეგ შენი ფილიპო ლიპი, რაზე იტანჯებოდა, თორმეტი-ცამეტი წელია, უპერსპექტივოდ ვცხოვრობთ (შევარდნაძის მმართველობის პერიოდი იყო) და თავს კარგად ვგრძნობთ-მეთქი... ღრმა სიბრალულით შემომხედა...
კათედრაზე - არაფერი საინტერესო. დათოს ვკითხე გამოფენებზე. არაფერი ხდებაო. სრული უაზრობა. დათო ამბობს, ხალხს კულტურული ან სულიერი ცხოვრება არ აინტერესებს, პოლიტიკური მოღვაწის გამოჩენა ეკრანზე და მისი ქადაგება სრულიად აკმაყოფილებს საზოგადოების ესთეტიკურ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებებსო.
ახალი ტილო მიდგას წინ. არ ვიცი, რა დავხატო...

22 სექტემბერი, სამშაბათი
განსხვავდება თუ არა თანამედროვე ქართული მხატვრობა (ფერწერა), მსოფლიოში გაბატონებული კოსმოპოლიტური მხატვრობისაგან?
თუ რამე არ გამომრჩა, ქართული თანამედროვე მხატვრობა ამ მღვრიე კოსმოპოლიტური მდინარისგან არაფრით გამოირჩევა. თანამედროვე ქართულ მხატვრობაში თავს იმით იწონებენ, რომ ევროპული მხატვრობისგან არ განსხვავდებიან. ეპიგონობით ძალიან ამაყობენ და შეფასების კრიტერიუმიც ის გახდა, თუ რამდენად მაღალია შენი მიმბაძველობის ხარისხი...
მეორე მხრივ, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნულობას მხატვრობაში, რა კავშირი აქვს ეროვნულ თავისებურებებს მხატვრობასთან, ანდა, როგორ უნდა გაცხადდეს ეროვნული განსხვავებულობა ფერწერაში?
დღეს აკრილის ფერებით პატარა ტილოს ხატვა დავიწყე.

23 სექტემბერი, ოთხშაბათი
შეიძლება აღზარდო და მოამზადო მხატვარი?
წესით, აკადემიას ამის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. აკადემია სტუდენტებს პროფესიულ ცოდნას უნდა აძლევდეს. ვთქვათ, ქანდაკების შემსწავლელებს ასწავლიდეს ხატვას და აძლევდეს იმის ცოდნას, როგორ გამოძერწოს პორტრეტი, ადამიანი (ფიგურა), ბარელიეფი და სხვა. ფერმწერებს უნდა ასწავლიდეს ხატვას და იმას, როგორ დახატონ ფერებით ადამიანი (პორტრეტი, ფიგურა), პეიზაჟი, ნატურმორტი და სხვა.
მხატვარს აკადემია ვერ აღზრდის!
საზოგადოებას ჰგონია, თუ ადამიანს სამხატვრო აკადემიის დიპლომი აქვს, სადაც წერია, რომ ამ კაცმა, ამა და ამ წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და მიენიჭა მხატვარ-მოქანდაკის წოდება, საქმე მართლა მხატვართან აქვს.
ამ მიდგომის წყალობით, საქართველოში რამდენიმე კურიოზული ქანდაკება დაიდგა...
სამხატვრო აკადემიის დიპლომი არანაირად არ ნიშნავს, რომ მხატვართან გაქვს საქმე.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი
ამ პორტრეტში ხელები დამრჩა უყურადღებოდ, დღეს უნდა მივხედო...
პიკასოს გამოფენიდან ლელამ ქალის პორტრეტის რეპროდუქცია მოიტანა...
პიკასო ცდილობს, ბავშვური ნახატი გააკეთოს. ეს კარგად გამოსდის. მთელ დედამიწის ზურგზე ამაზე უფრო ბავშვურ ნახატს, ალბათ, ვერც ერთი ბავშვი ვერ დახატავს.
პიკასო, ბუნებრივია, ცდილობს აკადემიურ ნახატს თავი აარიდოს. არ იცავს პროპორციებს, არ იცავს ანატომიას, ახდენს ფიგურის დეფორმირებას, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც რეალისტ მხატვრად რჩება.
ყოველ შემთხვევაში, „ფიგურატულად“ მაინც. რატომ აუარა გვერდი აბსტრაქციონიზმს, რომელიც მის დროს უკვე მძვინვარებდა? საქართველოშიც არიან „აბსტრაქციონისტები“. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მათ დააგვიანდათ...
იმპრესიონისტებმაც თავიანთი აღმოჩენები ასზე მეტი წლის წინ გააკეთეს.
ჩემი თაობის ერთ აბსტრაქციონისტს ფერის განსაკუთრებული გრძნობა აქვს და მგონი, ამის წყალობით, მისი ტილოები დეკორატიულობის დიდ დოზას შეიცავენ და ლამაზ ხალიჩებს დაემსგავსნენ და არა აბსტრაქციებს...

25 სექტემბერი, პარასკევი
ლადო ასათიანის პორტრეტში თვალები, მგონი, ცოტა დიდია – თავს იმით ვიმშვიდებ, რომ პოეტი იყო და ეს დასაშვებია.
...შეიძლება, მთელი ცხოვრება რომელიმე ევროპულ მიმდინარეობას შეალიო ფერწერაში და ამით იამაყო? ეს ერთი ქართველი ფერმწერის ისტორიაა.
არ ვიცი, ეს გამოსავალია თუ სასჯელი? ვფიქრობ, უფრო გამოსავალია, რადგან მხატვრისთვის საკუთარი გზის პოვნა მძიმე ამოცანაა.
აქ ჩემთვის საკითხავი ისაა, რომ, შეიძლება, ვთქვათ, იმპრესიონისტული ფერწერა დღევანდელი ქართველი მხატვრისთვის მისაბაძი იყოს?!
რა თქმა უნდა, მხატვარს უფლება აქვს, იმ გზით იაროს, რომელსაც თავისთვის სასურველად ჩათვლის!
ამ მხატვრის სახელს არ ვამბობ იმიტომ, რომ სახლში იარაღის მთელი არსენალი აქვს.
გავლენები მხატვრობაში გარდუვალია, მაგრამ საკუთარიც ხომ უნდა გქონდეს რამე... რაღაა მაშინ ეროვნული კულტურა? ეპიგონური ხელოვნება არავის აინტერესებს.
თუ ჩვენ გვინდა გადავრჩეთ, როგორც ერი, ყველაფერი, რაც სხვებისგან განგვასხვავებს, უნდა შევინარჩუნოთ, მათ შორის, ფერწერაშიც.

26 სექტემბერი, შაბათი
მონა ლიზას პორტრეტი, ალბათ, უბადლოა. თუმცა, ამის დამაჯერებლად ახსნა ჩემთვის ძნელია. არც სხვებისგან მომისმენია რამე, ბოლომდე სარწმუნო. მთავარია, ის ჩემთვის იყოს უბადლო.
ეს პორტრეტი ჩემთვის სრულყოფილების ნიმუშია, თუმცა, მხატვრული თვალსაზრისით, ბოტიჩელის ჯულიანო მედიჩის პორტრეტს ვარჩევდი - ბოტიჩელის ჯულიანო მედიჩის ოთხი პორტრეტიდან იმას, ბერლინში რომ ინახება.
ხელოვნების ნიმუშების შეფასებას არათანმიმდევრული ზიგზაგები ახასიათებს. მაგალითისთვის გავიხსენოთ ამერიკელი ენდი უორჰოლის მიერ მსახიობ მერილინ მონროს დიდ ტილოზე გადატანილი და შეღებილი ფოტოები. მერილინ მონროს პორტრეტი ამ მხატვარს უთვალავი აქვს დახატული (შეღებილი). უორჰოლს ამ საეჭვო მხატვრული ღირებულების პორტრეტებით მსოფლიო იცნობს. ადამიანი გონიერი არსებაა, მაგრამ მაინც...
ამაზე გამახსენდა. დიდი ხნის ამბავია. ბელგიის მეფე ბოდუენის ინტერვიუ წავიკითხე. კორესპონდენტი ეკითხება, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გაწუხებთო? მეფე უპასუხებს: ჩემი ქვეშევრდომების უგუნურებაო. ბედი ჰქონია მეფე ბოდუენს, ღმერთმა საქართველოს მეფედ რომ არ დასვა...
XS
SM
MD
LG