Accessibility links

logo-print

რეზერვის ახალი სისტემა ორწლიანი პაუზის შემდეგ


რეზერვისტები აღლუმზე. 2006 წლის 26 მაისი

რეზერვისტები აღლუმზე. 2006 წლის 26 მაისი

თუ თქვენ 27 წლის ასაკის ხართ, ჯანმრთელობას არ უჩივით და შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა გაქვთ, მაშინ გირჩევნიათ ახლავე დაიჭიროთ თადარიგი და მომავალი გაზაფხულისთვის რეზერვში გაწვევას დაელოდოთ. თუ ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებთ, მაშინ კანონის ძალით გაიძულებენ, რადგან, რეზერვის ახლებური ხედვის თანახმად, საქართველოში, ნებაყოფლობითის გარდა, სავალდებულო რეზერვის სისტემაც მკვიდრდება.

რაც შეეხება სავალდებულო რეზერვის სისტემას, რომელიც საქართველოში ასევე მოქმედებს, ის შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიარეს სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახური
საბჭოთა არმიიდან მოყოლებული, სიტყვა “სავალდებულო” მოსახლეობაში ყოველთვის ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევდა, თუმცა, როგორც ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ არსოშვილი განმარტავს, ამ შემთხვევაში სავალდებულო რეზერვის სისტემას არაფერი აქვს საერთო სამხედრო-სავალდებულო სამსახურთან და, თუკი პირი არ აკმაყოფილებს ყველა პირობას, რომ შეეხვეწოს კიდეც, მას რეზერვისტთა ბანაკში არავინ მიიღებს.

“რაც შეეხება სავალდებულო რეზერვის სისტემას, რომელიც საქართველოში ასევე მოქმედებს, ის შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიარეს სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახური და დღეს აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. ასევე, ვინც გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და ასევე, თავისი სურვილით, აღარ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში”,- ამბობს ზურაბ არსოშვილი და იქვე დასძენს, რომ, ეროვნული გვარდიის ახლებური ხედვის მიხედვით, სავალდებულო სარეზერვო შეკრებას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებმაც სახელმწიფოს ხარჯზე სხვადასხვა პერიოდში მიიღეს განათლება და სახელმწიფომ მათ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯა ფული. “გამონაკლისის სახით, რეზერვში სავალდებულო წესით გაიწვევიან ასევე 27 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო-სავალდებულო სამსახური, მაგრამ გააჩნიათ საჭირო სპეციალობები სამხედრო საქმისათვის.”

ომის მწარე გაკვეთილები

საქართველოში რეზერვისტების შეკრება წელიწად-ნახევარია შეწყვეტილია. არასწორი მართვის, ორგანიზებისა და ცუდი მომზადების გამო, შარშანდელი ომის დროს 20 ათასკაციანმა სარეზერვო ქვედანაყოფმა კონფლიქტის ზონა უბრძოლველად დატოვა. ფართომასშტაბიანი კონფლიქტისათვის, რაც საქართველოს დაატყდა თავს შარშან აგვისტოში, რეზერვის სისტემა არაეფექტიანი და გაუმართავი აღმოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც სარეზერვო სისტემას თავის პირმშოდ თვლიდა, რეზერვისტთა მომზადებაზე პასუხისმგებელი ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გადააყენა და რეზერვის მომზადების ახლებური კონცეფციის შემუშავება პარლამენტის უმრავლესობის წევრ ზურაბ არსოშვილს დაავალა.

ქართველი სამხედროების სწავლება ორფოლოს პოლიგონზე
ეროვნული გვარდიის დეპარატამენტის 31 წლის უფროსმა, ზურაბ არსოშვილმა, რომელიც თანამდებობაზე ნახევარი წლის წინ დაინიშნა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალ ხედვაზე მუშაობისას, პირველ რიგში, გაითვალისწინა შარშანდელი ომის გაკვეთილები და ასევე დასავლეთ ქვეყნებში არსებული გამოცდილება. თუკი ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის იდეას მხარს საქართველოს პარლამენტიც დაუჭერს, მაშინ შემცირდება სარეზერვო ბაზები, აქტიური რეზერვით დაკომპლექტდება სამი კადრირებული ბრიგადა, ნებაყოფლობითი რეზერვისტებისათვის შემოღებული იქნება ტერიტორიული პრინციპი და ამოქმედდება სოციალური დაცვის იგივე სისტემა, რომელიც პროფესიული ქვედანაყოფების შემთხვევაში მოქმედებს ქვეყანაში. თუმცა, კონცეფციაზე მუშაობის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ინსტრუქტორებისა და ინფრასტრუქტურის მომზადება, ამბობს ზურაბ არსოშვილი

“ბაზები შემცირდა. გაკეთდა ტერიტორიული პრინციპით პირველ ეტაპზე, ანუ დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით და ასევე ცენტრალური, თბილისის მიმართულებით. პარალელურად მიმდინარეობს იმ მუდმივი პირადი შემადგენლობის საცეცხლე, საბრძოლო და სხვა სახის მომზადება, რომელმაც მომავალში რეზერვისტები უნდა მოამზადოს. პარალელურად მიმდინარეობს ბაზების ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანა.”

არაორგანიზებული რეზერვიდან პროფესიულ რეზერვამდე

ის მიდგომა, რომ რეზერვისტს წელიწადში ერთხელ 18 დღის განმავლობაში გაევლო შეკრება, ჩვენი თვალსაზრისით, საკმარისი არ არის
რეზერვის ახალი ფორმულის ძიებამ აჩვენა, რომ რეზერვისტის მოსამზადებლად 18 დღე არასაკმარისია, რომ დროისა და თანხების ფუჭი ხარჯვა იყო რეზერვისტების რაოდენობაზე აქცენტის გაკეთება და სტუდენტების მასობრივი გაწვევა სარეზერვო ბანაკებში, სტუდენტებისა, რომლებიც სწავლასაც სწყდებოდნენ და რიგიანად ვერც სამხედრო საქმეს ითვისებდნენ. შესაბამისად, რეზერვის ახალი პროექტის თანახმად, სტუდენტებს შეკრებებზე უკვე აღარ გაიწვევენ, 27-დან 45 წლამდე განისაზღვრა რეზერვისტის ასაკი; ასევე გაიზარდა რეზერვის შეკრების ვადა - 18 დღიდან 45 დღემდე.

“ის მიდგომა, რომ რეზერვისტს წელიწადში ერთხელ 18 დღის განმავლობაში გაევლო შეკრება, ჩვენი თვალსაზრისით, საკმარისი არ არის. თან, თუ გავითვალისწინებთ მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომელზეც კეთდებოდა ადრე ძირითადი აქცენტი რეზერვში გაწვევისას, ეს იყვნენ სტუდენტები. ჩვენ ახლა მოგვყავს უკვე აქტიური რეზერვისტები, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ სამხედო სამსახური ბოლო 5 წლის განმავლობაში და მათთვის ვაკეთებთ უკვე 45 დღიან შეკრებას ერთი წლის განმავლობაში.”

თანაც, როგორც რეზერვის მომზადების ახალ ხედვაში წერია, აქტიური რეზერვის მომზადება 45 დღიან შეკრებაზე სეზონურად იწარმოებს: პირველ წელს - ზამთარში, მეორე წელს - გაზაფხულზე, მესამე წელს - ზაფხულში, მეოთხე წელს კი –შემოდგომაზე. ანუ გათვლა იმაზეც კეთდება, რომ, თუკი საზოგადოებაც და პარლამენტიც მხარს დაუჭერს რეზერვის ახალ სისტემაზე გადასვლას, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია შეძლებს მომავალი წლის ზამთრის ბოლოს ანდა გაზაფხულზე უკვე შეუდგეს აქტიური რეზერვის მომზადებას.

ახალი კონცეფციიის დამტკიცების გარდა, ცვლილებები უნდა მოხდეს რეზერვის შეკრების შესახებ კანონში და ცალკე დაკანონდეს ის სოციალური პაკეტი, რომელმაც მომავალი პროფესიონალი რეზერვისტების მაღალი მოტივაცია უნდა უზრუნველყოს.

რეზერვის ახალი სისტემით, სარეზერვო სამსახურში ჩარიცხვისას რეზერვისტებთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. მათზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურეებისათვის დადგენილი სრული სოციალური და ჯანდაცვის პაკეტი, ხოლო შეკრებაზე ყოფნის პერიოდში რეზერვისტებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო (სწავლის) ადგილი და უზრუნველყოფილნი იქნებიან შეიარაღებულ ძალებში დადგენილი სახელფასო ფულადი ანაზღაურებით.

რეზერვის მომზადების ძველი სისტემით, საქართველოში 2005-2008 წლებში 38 ათასი რეზერვისტი მომზადდა, რაზეც სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 180 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეზერვის ახალი სისტემით კი, თავდაპირველად პირველი კლასის 3 000 რეზერვისტი მომზადდება. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ არსოშვილის თქმით, რეზერვისტების ახალი პროგრამით მომზადება სახელმწიფოს, დაახლოებით, 2-ჯერ იაფი დაუჯდება.
XS
SM
MD
LG