Accessibility links

ევროკომისიის 46 მილიონიან გრანტს საქართველო ორ ნაწილად მიიღებს


ევროკომისია საქართველოს მაკროეკონომიკური დახმარებისათვის 46 მილიონ ევროს გადასცემს, რომლის მიზანი 2008 წლის ომის შემდგომი ქვეყნის ეკონომიკის რეაბილიტაციაა. ეს თანხა მხოლოდ ნაწილია ევროკავშირის მიერ დაპირებული იმ 500 მილიონისა, რომელსაც, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც დაჰპირდნენ.

46 მილიონი ევრო, გრანტის სახით, რომლის ერთ ნაწილს საქართველო 2009 წელს, მეორეს კი 2010-ში მიიღებს, მხოლოდ ნაწილია იმ დაპირებისა, რომელიც საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად ბრიუსელში მიიღო. საქართველოსთან ერთად ასეთი ქვეყნების სიაში მოხვდა სომხეთიც, რომელიც ევროკომისიისგან სესხის სახით 65, ხოლო გრანტის სახით 35 მილიონ ევროს მიიღებს. ამ სიაში ვერ მოხვდა აზერბაიჯანი. სომხეთმა ეს თანხა გლობალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გამოიყენოს. საქართველოს დასახმარებლად კი ევროკომისიას, 2008 წლის ომის სახით, კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა. ომის შემდგომი პერიოდის ქართული ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხის ნაწილი საქართველომ უკვე მიიღო და სხვადასხვა მიმართულებით განაწილდა. დღეს, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე გვიხსნის, საქართველო პარალელურ რეჟიმში ისტუმრებს ევროკომისიის სასაქონლო სესხს და თან იღებს მისგან გრანტს:

”ცალი ხელით ჩვენ ბიუჯეტიდან ვისტუმრებთ დაკისრებულ თანხას და პარალელურად ევროკომისიისგან ვიღებთ გრანტს. სესხის ნაწილი უკვე დავფარეთ. 46 მილიონი ევროდან, რომელიც ევროკომისიისგან გვაქვს მისაღები, ნაწილს, 30 მილიონის სახით, მივიღებთ წელს და ნაწილს 2010-ში.”

ბრიუსელის დაპირების მიხედვით, საქართველოსათვის გამოყოფილი თანხა ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში უნდა შემოვიდეს, თუმცა ზემოთ აღნიშნული 46 მილიონი ევრო 2009 წლის დაპირებაში იყო გაწერილი. ევროკომისიის მიერ შემუშავებული განაცხადი ჯერ რამდენიმე ევროპულ ინსტიტუტს მოივლის და მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდება თნამშრომლობის მემორანდუმი და ფინანსური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველო მიიღებს პირველ ტრანშს, ხოლო მომავალ წელს -მეორეს. ასეთია პროცედურა.

დღეისათვის, როგორც დიმიტრი გვინდაძე განმარტავს, საქართველოს უკვე მიღებული აქვს 70 მილიონი ევრო, გრანტის სახით. სად წავა ეს 46 მილიონი? - ვეკითხებით დიმიტრი გვინდაძეს:

”თანხა მოვა ხაზინის ერთიან ანგარიშში, ანუ ჯდება ბიუჯეტში. ეკონომიკის რეაბილიტაცია ხომ არ ნიშნავს რუსის ტანკის მიერ დანგრეული კედლის აღდგენას. რეაბილიტაცია ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ხარჯების - და, მათ შორის, სოციალური ხარჯების - გაწევა, რასაც ისედაც გავწევდით, თუ არა ეს ომი და გლობალური ფინანსური კრიზისი. ეს თანხა დაიხარჯება იმ პრიორიტეტების მიხედვით, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ არის შეთანხმებული და გადაწყვეტილი.”

წლის ბოლომდე, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, დაპირებული 4,5 მილიარდი დოლარის 80 პროცენტი გაფორმდება.

რომელია ის სფეროები,რომელშიც ომის შემდგომი ქვეყნის ეკონომიკას ყველაზე დიდი დახმარება სჭირდება? - ვკითხეთ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიას:

”ეს არის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რასაც ამ ომის შემდეგ მიადგა ზიანი. თუ ეს მოგვარებულია, მაშინ მეორე, რაზეც ომმა იქონია გავლენა, ეს ისაა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები შემცირდა, და მეორე პრიორიტეტი, ჩემი აზრით, ამ შემცირებული ეკონომიკური აქტივობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები უნდა გახდეს, რაც, თავის მხრივ, შეიძლება მოიცავდეს დასაქმების ხელშეწყობას ან ბიზნეს-სექტორის წახალისებას.”

ნარმანია ფიქრობს, რომ ამ ფულის ხარჯვა ეფექტური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ომით დაზარალებულ რეგიონებში შექმნილი პრობლემები გადაწყდებოდა.

საქართველოსათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდიანი დახმარების უკვე მიღებული ნაწილის ხარჯვის სისწორეში ეჭვი შეაქვს მეორე ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ნიკო ორველაშვილს, და მაგალითად საბანკო სექტორს ასახელებს:

”საბანკო სექტორზე წასული დახმარება აშკარად არ არის ეფექტიანი. ამით სარგებელი აქვთ მხოლოდ ბანკირებს. რეალურად კი, კრედიტორების შავი სია 280 000-მდე ავიდა.”

რამდენად სწორად იხარჯება და დაიხარჯება აღნიშნული თანხა, ამის შესწავლით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფიც არის დაკავებული, თუმცა სულ ბოლო - 46 მილიონიანი - გრანტის შესახებ დამატებით ინფორმაციას ისინი ჯერჯერობით არ ფლობენ.
XS
SM
MD
LG