Accessibility links

logo-print

ამერიკული მხარდაჭერის, რუსული მუქარისა და ოპოზიციური თავყრილობის კვირა


ჰილარი კლინტონი (მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი

ჰილარი კლინტონი (მარჯვნივ) და სერგეი ლავროვი

მიმდინარე კვირის ორშაბათს, 12 ოქტომბერს, კიდევ უფრო აქტუალური გახდა წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი კითხვა - ახსენებს თუ არა საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. მოლოდინისა და ათასგვარი მოსაზრების ფონზე, უკვე 13 ოქტომბერს ამ კითხვას პასუხი თავად ჰილარი კლინტონმა გასცა თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კლინტონმა საქართველოს მაგალითი იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ, ”გადატვირთვის პოლიტიკის” მიუხედავად, რუსეთსა და ამერიკას შორის კვლავაც არსებობს შეუთანხმებელი საკითხები. ”ჩვენ ვერ შევთანხმდებით, მაგალითად, საქართველოზე. ჩვენი აზრები, უბრალოდ, განსხვავდება. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, მაგრამ ვაპირებთ განვაგრძოთ მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რომლებშიც ვთანხმდებით”, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ხალხს, რათა იგრძნოს, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლია
მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, 13 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ იმავე პრესკონფერენციაზე საქართველო არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ ”შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე” და რომ ამერიკასა და რუსეთს შორის განსხვავებული პოზიციები, მართლაც, არსებობს. სამაგიეროდ, საქართველო მოსკოვში ვიზიტის დროს კიდევ არაერთხელ ახსენა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა - მათ შორის, 14 ოქტომბერს, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში სტუმრობისას. ”მართალია , ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ურთიერთობების ხელახლა დატვირთვაზე რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით მას საქართველოს საკითხთან დაკავშირებით”, - გაიმეორა ჰილარი კლინტონმა რადიო-ეთერში და იქვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ საქართველოს არმიას ამერიკა ”ავღანეთში მუშაობისთვის” ამზადებს. კლინტონმა დააზუსტა, რომ შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, მისთვის საქართველოს დახმარებასთან დაკავშირებული შეკითხვა არ დაუსვამს და, მისი თქმით, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ლავროვისთვის ცნობილი იყო პასუხი ამ შეკითხვაზე.

”ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ხალხს, რათა იგრძნოს, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლია”, - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” სტუდიაში, სადაც საუბარი ანტისარაკეტო თავდაცვის სამომავლო სისტემასაც შეეხო. ალექსეი ვენედიქტოვმა ჰილარი კლინტონს დაუსვა შეკითხვა - მოსალოდნელია თუ არა, რომ ამ სისტემის ელემენტები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პასუხი კი ასეთი იყო: ”არ მაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქრო, რომ რაიმე განთავსდება საქართველოს ტერიტორიაზე.”

მნიშვნელოვანია მეთვალყურეებისა და მშვიდობისდამცველების მუდმივად ადგილზე ყოფნა, რათა არ გაჩნდეს რაიმე საფუძველი მორიგი სისხლისღვრისთვის
ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებში უფრო მეტის გარკვევის იმედს ექსპერტები აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს თბილისში ვიზიტს უკავშირებენ. წინასწარი ინფორმაციით, ვერშბოუ 19 ოქტომბერს ჩამოვა. ინფორმაცია დაადასტურა შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 16 ოქტომბერს შეუდგა. სწორედ ამ დღეს გადასცა მან რწმუნებათა სიგელი პრეზიდენტ სააკაშვილს.

დავუბრუნდეთ ჰილარი კლინტონის ვიზიტს მოსკოვში. 14 ოქტომბერს შედგა შეხვედრა მოსკოვის უნივერსიტეტში, რასაც, ასევე, არ ჩაუვლია საქართველოს ხსენების გარეშე. აქვე გახმოვანდა ერთი ინიციატივა კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო ძალების როლთან დაკავშირებით. ”მნიშვნელოვანია მეთვალყურეებისა და მშვიდობისდამცველების მუდმივად ადგილზე ყოფნა, რათა არ გაჩნდეს რაიმე საფუძველი მორიგი სისხლისღვრისთვის. მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრების დროს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვახერხოთ ყველაფრის თავიდან დაწყება, როგორ შევიმუშაოთ სტატუსის საკითხისაგან დამოუკიდებელი მიდგომა ერთგვარი ბუფერული ზონის შესაქმნელად, ჟენევის, გაეროსა და ეუთოს მეშვეობით”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როდესაც ჰილარი კლინტონი ამ ინიციატივას თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, განიხილავდა, კრემლმა საქართველოს მისამართით ახალი ბრალდება გაახმაურა. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში ივლისის შემდეგ აღკვეთილია, დაახლოებით, 20 ტერორისტული აქტი, ტერორისტების დაღესტანსა და ჩეჩნეთში გადასროლას კი საქართველოს სპეცსამსახურები უწყობდნენ ხელს. აი, რა თქვა ბორტნიკოვმა:

ალექსანდრ ბორტნიკოვი
”ბოევიკებისთვის აღმოჩენილი აუდიო-ჩანაწერები მოწმობს, რომ მათ ალ-ყაიდის ემისრებთან ერთად კონტაქტი აქვთ საქართველოს სპეცსამსახურებთან, რომელთა მონაწილეობითაც ხდება ტერორისტების მომზადება და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი გადასროლის ორგანიზება. გარდა ამისა, ისინი მუდმივად ცდილობენ იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ფინანსების მიწოდებას მაღალი საფრთხის შემცველ ობიექტებზე დივერსიული აქტების განსახორციელებლად დაღესტანში - უპირველეს ყოვლისა, ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე.”

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მიერ 13 ოქტომბერს გახმოვანებულ ამ ბრალდებას თბილისში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ყოველივე ამას ”აბსურდი” უწოდა და ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები ამჟამად საქართველოს მხოლოდ ორ რეგიონში – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - არსებობსო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან ”მუდმივი მტრის ხატის” შექმნას ცდილობს და ”ამ გზით აპირებს იმ პრობლემების გამართლებას, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში აქვს.” საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ქრისტიან-დემოკრატი ნიკოლოზ ლალიაშვილი კი თვლის, რომ კრემლი ამ ბრალდებით ცდილობს ”გაამართლოს სავარაუდო, პოტენციური სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ”. ”სასწრაფოდ უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ყველა დიპლომატიური არხის გააქტიურება იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს”, - აღნიშნა ლალიაშვილმა. მისი აზრით, საკითხი სპეციალური კომისიის განხილვის საგნად უნდა იქცეს. თუმცა მიმდინარე კვირაში კომისიის შექმნის ინიციატივას ხელისუფლება აღარ გამოხმაურებია.

სამაგიეროდ, ხელისუფლებამ სწორედ ბორტნიკოვის განცხადებას დაუკავშირა დივერსიული აქტი, რომელიც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე - ქართლი 2-ზე - 14 ოქტომბერს, შუაღამისას, მოხდა. რამდენიმე აფეთქებამ ვერ წააქცია, მაგრამ საკმაოდ დააზიანა ოთხი ანძა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ”ანძებზე დამონტაჟებულ იყო ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, რომელიც დისტანციური მართვის მოწყობილობით” ამოქმედდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერორისტული აქტის კვალიფიკაციით. ჯერ ისევ მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლთან, რომელიც ზნაურის რაიონის ოსურ სოფლებს ესაზღვრება, ანძებზე აფეთქებები განახორციელა დივერსიულმა ჯგუფმა, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდა. თუმცა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს.

თუკი პროგრესი და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული ქვეყანაში როგორც მედიის თავისუფლების გასაუმჯობესებლად, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგადად საარჩევნო გარემოს თვისებრივად შეცვლისთვის, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ხელისუფლებასთან
ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი საფრთხე, ამჟამად იქ არსებული ვითარება და საგარეო პოლიტიკის ამ პრობლემასთან მიმართებით გამოკვეთილი პრიორიტეტები დასახელდა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის ძირითად თემებად. სხდომა, რომელზეც, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, ხელისუფლებამ ოპოზიციური სპექტრი მიიწვია, 12 ოქტომბერს შედგა. უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ერთიანი სტრატეგია ”ფართო პოლიტიკური კონსენსუსის” გამომხატველი უნდა იყოს, ის ერთობლივი ძალებით უნდა შემუშავდეს და ამ პროცესში ”ღირსეული წვლილის შეტანა” ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია. ოპოზიციას პროცესში ჩართვისკენ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც მოუწოდა.

თუმცა 12 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარებულ გაფართოებულ სხდომას არასაპარლამენტო ოპოზიციდან მხოლოდ ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი და კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლების” წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არც ისინი გამოცხადდნენ, ვინც აგვისტოში ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველ ასეთ გაფართოებულ სხდომას ესწრებოდა -მაგალითად, გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია.

”დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ თუკი პროგრესი და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული ქვეყანაში როგორც მედიის თავისუფლების გასაუმჯობესებლად, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგადად საარჩევნო გარემოს თვისებრივად შეცვლისთვის, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ხელისუფლებასთან,” - ასე განმარტა ირაკლი ალასანიამ 12 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზი.

ოპოზიციის შეხვედრა სასტუმრო რედისონში
სამაგიეროდ, ალასანიამ, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის არაერთმა სხვა წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო 14 ოქტომბერს სასტუმრო ”რედისონში” გამართულ შეხვედრაში. თავიდანვე ვთქვათ, რომ შეხვედრას არ დასწრებია ლეიბორისტული პარტია. ”მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ამ პარტიების მიმართ, ლეიბორისტულ პარტიას ცოტა რამ აქვს საერთო მათთან”, - ასეთია ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, პოზიცია.

ოპოზიციური ფლანგისა და მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების 14 ოქტომბრის თავყრილობის მთავარ მიზანს სამომავლო გეგმების განხილვა და გარკვეული შეჯერება წარმოადგენდა. მხარეები თანხმდებიან, რომ სტრატეგიული მიზანი ყველასათვის ერთია და ის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას გულისხმობს. რაც შეეხება ტაქტიკას, შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა, ამ მხრივ ორი ძირითადი პოზიცია გამოვლინდა. ტაქტიკურ განსხვავებებზე მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ისაუბრა. ”არსებობს გზა უფრო რადიკალური - ქუჩის აქციები და ასევე არსებობს გზა, რომელიც თავის თავში მოიცავს არჩევნებს, ბრძოლას საარჩევნო გარემოსთვის”, - აღნიშნა მან.

გაჩეჩილაძის მიერ გამოკვეთილი ორი გზიდან უკვე კარგა ხანია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა აირჩია გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის”, რომელიც საქმიანობას განაგრძობს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში. მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ”სააკაშვილის რეჟიმისგან გამიჯვნის” პერსპექტივას მხოლოდ არჩევნების გზით ხედავს. ”მთელი ძალისხმევა ახლა უნდა წარვმართოთ იქითკენ, რომ შევძლოთ მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა... ყველა მოქალაქეს დავუბრუნოთ არჩევანის უფლება, გავიდეთ ამ არჩევნებში, მივიღოთ მონაწილეობა და მოვიპოვოთ წარმატება”, - ასეთია ალასანიასა და მისი ალიანსის ხედვა.

პოლიტიკური ბრძოლის ეს გზა, ალასანიას თქმით, თავისთავად არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავს, თუმცა თითოეული ასეთი აქცია უნდა იყოს მიზნობრივი და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. განსხვავებული მიდგომა აქვს, მაგალითად, ეკა ბესელიას, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს. პოზიცია მან 15 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა და თქვა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყებას აპირებს. ”შეურიგებელი ბრძოლის” საბოლოო მიზნად ”სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი და შეცვლა” სახელდება. ხსენებულ ბრძოლაში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “ეროვნული ფორუმი”, კონსერვატიული პარტია და სალომე ზურაბიშვილის ”საქართველოს გზა”. თუმცა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ძალა ასევე მზად არის მხარი დაუჭიროს ალასანიას ამბიციას დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მიმოხილვის ბოლოს გავიხსენოთ საქართველოს პატრიარქის ერთი ინიციატივა, რომელიც მიმდინარე კვირაში გახმოვანდა. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში ქადაგებისას, ილია მეორემ მრევლს ქართველთა ერთობის ტრაქტატზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. ერთგვერდიან ტრაქტატში, რომლის სრული სახელწოდებაა „სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი“, აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებნი, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფნი ტრაქტატზე ხელმოწერით აღუთქვამენ საქართველოს ერთგულებას და თანადგომას. პატრიარქმა გაიხსენა 1790 წელი, როცა ქართველმა დიდებულებმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთის მტერს საკუთარ მტრად მიიჩნევდნენ, ხოლო მოყვარეს - მოყვრად. ეს პირობა საქართველოს ისტორიაში ივერიელთა, ანუ ქართველთა, ერთობის ტრაქტატის სახელით შევიდა. ტრაქტატზე ხელის მოწერა შეუძლია ყველას - მათ შორის, პოლიტიკოსებსაც.
XS
SM
MD
LG