Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 ოქტომბერი 2009


ორშაბათის გაზეთებში გრძელდება წინა კვირაში სასტუმრო ”რედისონში” ოპოზიციის მიერ გამართული შეხვედრის ანალიზი და არამხოლოდ: დღევანდელ გაზეთებში მრავლად წააწყდებით მოსაზრებებს დეპუტატ თორთლაძის მიერ ინიცირებულ ”პატრიოტის აქტზე”, ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივაზე, ტალიავინის მისიის ანგარიშზე, პრეზიდენტის კუვეიტში ვიზიტზე და ა.შ.

”მთელი კვირა” აქვეყნებს ინტერვიუს მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” თანადამფუძნებელ ლევან გაჩეჩილაძესთან. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ლევან გაჩეჩილაძე მერობის კანდიდატი, ის პასუხობს: ”მე ჩემი გადაწყვეტილება მინდა მივიღო ძალიან სწორ დროს. დროზე ადრე არაფრის გაკეთება არ მინდა.” გარდა ამისა, გაჩეჩილაძე აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს: ”ბაიდენსაც ვუთხარი და მინდა მათაც ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ დახმარებას, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს, გამოდის, რომ უწევენ სააკაშვილს. მინდა, რომ ამ თანხის ხარჯვა გახდეს გამჭვირვალე.”

”კვირის პალიტრას” პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, სხვა საკითხების გარდა, აშშ თავდაცვის მდივნის მოადგილის ვიზიტის მნიშვნელობაზეც უზიარებს აზრს: ”ეს ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, რის შემდეგაც ბევრი რამ გაირკვევა.” ცინცაძე თვლის, რომ მიუხედავად მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისა, ფუნდამენტურ საკითხებში აშშ შეურიგებელ პოზიციას ინარჩუნებს. ”კვირის პალიტრის” დღევანდელ ნომერში კიდევ არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება. ჟურნალისტი ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ეკითხება დეპუტატ გია თორთლაძის ინიციატივაზე ”პატრიოტის აქტის” შესახებ: ”ზოგადად გავეცანი შინაარსს და ამ აქტის მიღების მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისედაც არის სახელმწიფოს უფლება-მოვალეობა”, - ამბობს ალასანია. მიხეილ მაჭავარიანი: ”პატრიოტის აქტის” გარდა, გია თორთლაძე გვთავაზობს, რომ ვიფიქროთ ლუსტრაციის კანონზეც. ამ დოკუმენტების მიღებას ნამდვილად აქვს აზრი და თუ მასზე მსჯელობა გაიმართება, საბოლოოდ კარგ დოკუმენტებს მივიღებთ.”

”24 საათში” თორთლაძის ინიციატივას ეძღვნებანოდარ ლადარიას სტატია, სათაურით ”პატრიოტთა თამაშები”. ის, ერთი მხრივ, ფიქრობს, რომ დაბრკოლება კანონშია და საკანონმდებლო ინიციატივა წინ წასწევს საქმეს, მეორე მხრივ კი, მადლიერებას გამოხატავს დეპუტატ თორთლაძის მიმართ, რადგან, ავტორის აზრით, ”სრულიად აშკარაა ინიციატორის მოტივაცია, მისი წამოწყების შინაგანი მიზეზი”; ამასთან,”ძალიან სასარგებლო იქნება ამ თემაზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვა. ბოლოს და ბოლოს, უნდა გაირკვეს, რა კონკრეტულ შინაარსს ვდებთ დღეს 1990-იანი წლებიდან ასე ხშირად და ადვილად სათქმელ სიტყვებში ”აგენტი” და ”ჯაშუში”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”ახალ თაობაში” ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წევრ ლევან ვეფხვაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ”პატრიოტის აქტის” შესახებ ინიციატივაზე ის ამბობს: ”ჩვენ ხომ ვართ პოლიციური სუპერსახელმწიფო. მეგაპოლიციურ სახელმწიფოდ უნდათ აქციონ საქართველო და მე ამას მხარს ნამდვილად არ დავუჭერ.”

”ვერსია”, როგორც ავტორი წერს, ”საფრანგეთიდან ახლახან დაბრუნებულ” ეკა ბესელიას ესაუბრა. ის ირაკლი ოქრუაშვილთან განხილულ ზოგიერთ საკითხზე საუბრობს, უახლოესი მომავლის გეგმებზე კი ამბობს: ”7 ნოემბერი ბრძოლის ახალი, მესამე ეტაპის დასაწყისი თარიღი უნდა იყოს და არა - პიკი. დაიწყება ფართომასშტაბიანი აქციები არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივებს. ვინც უნდა და სადაც უნდა, გადაწყვიტოს აქციის გამართვა, ჩვენ მის გვერდით ვიქნებით”, - ამბობს ბესელია.

ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი ”ალიას” უდასტურებს, რომ ახლაც გეგმავს მოსკოვსა და ვაშინგტონში ჩასვლას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი, ნათელაშვილი პასუხობს: ”თუ მოინდომებს, აუცილებლად შევხვდებიო”, და იმავე ინტერვიუში აღნიშნავს, პუტინთან შეხვედრა შეიძლებოდა გაზაფხულზეც კი შემდგარიყო, მაგრამ თავი შევიკავე, რათა, მიმდინარე აქციების ფონზე, ოპოზიცია საფრთხის ქვეშ არ დამეყენებინაო.

”ასავალ-დასავალში” საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ბადრი ბიწაძესთან, ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც, როგორც თავად ამბობს, ჟურნალისტს აგვისტოს ომის დაწყების ისეთ დეტალებს უმხელს, რომელთა გამხელისგანაც ტალიავინის მისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე თავს იკავებდა: ”სასაზღვრო პოლიციის უფროსი ვიყავი და, ბუნებრივია, მეც მქონდა ინფორმაცია, რომ როცა ჩვენებმა ცხინვალის დაბომბვა დაიწყეს, ამ დროს რუსები არანაირად არ იყვნენ შემოსული ცხინვალში”, - ამბობს ბიწაძე და იმასაც ჰყვება, რომ ამის შესახებ გააფრთხილა შს მინისტრი, რომელმაც განუცხადა: ”სწორედ რუსების ცხინვალში შემოსვლას უნდა დავასწროთო და დაიწყეს დაბომბვა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG