Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ვერშბოუ თბილისშია


ალექსანდრ ვერშბოუ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე

ალექსანდრ ვერშბოუ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ უკვე თბილისშია. საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთა შეხვედრის გარდა, დაგეგმილია ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მოქმედი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორისაა საქართველოს თავდაცვითი სისტემების მდგომარეობა, საქართველო და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია და კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოება.

საერთაშორისო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტისას საქართველოსთვის განსაკუთრებით საჭირბოროტო საკითხები განიხილება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა, რომელმაც აქცენტები შემდეგნაირად გადაანაწილა:

„განსახილველი საკითხებიდან გამოვყოფდი საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას, ასევე საქართველოს სამხედროების მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში და ასევე გაიმართება მსჯელობა ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“

ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში 2 დღეს გასტანს. ვიზიტის ერთგვარ ფონად კი იქცა მის მიერ 2 დღის წინ შვეციაში, კუნძულ გოტლანდზე მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე რუსული ემბარგოს პირობებს დაემორჩილოს.

“ეს არ არის მარტო ვერშბოუს განცხადება. იგივე პოზიცია ჰქონდა ბაიდენს, საქართველოში ყოფნისას; იგივე პოზიცია ჰქონდა კლინტონს, რუსეთში ყოფნისას; უფრო ადრე - ობამას, რუსეთში ყოფნისას. ამიტომ ეს არის მთელი ამერიკის ადმინისტრაციის, დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია. ამასთან ერთად, ეს არის წინა ხელისუფლების ადმინისტრაციის პოზიციაც ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და სრული სამხედრო მოდერნიზაცია“, - ამბობს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია და დასძენს, რომ ალექსანდრ ვერშბოუს შვეციაში გაკეთებულ განცხადებას აქვს კიდევ ერთი პოზიტიური მხარე: რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების შემსწავლელი კომისიის დასკვნამ მსოფლიო პოლიტიკური საზოგადოების აზრი საქართველოს საზიანოდ ვერ შეცვალა.

საქართველოს თავდაცვის სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ სამხედრო ტექნიკა და სხვა საშუალებები ეფექტურად მართოს. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში შეერთებული შტატები საქართველოსთან სამხედრო სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობაზე იქნება ორიენტირებული, - შენიშნავს, თავის მხრივ, ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი.

“ აქცენტი გაკეთდება ჩვენი შეიარაღებული ძალების გრძელვადიან პერსპექტივებზე, სადაც მთავარი ამოცანა იქნება ჩვენი მოსამსახურეების წვრთნა და მომზადება, მათ შორის - ტექნიკური საშუალებების დაუფლების, ცოდნის გაღრმავება და მხოლოდ მომავალში უნდა ვიფიქროთ რაიმე სერიოზულ სამხედრო დახმარებაზე.“

ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე , რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე, შეერთებული შტატები საქართველოსთან სამხედრო პარტნიორობის სფეროში რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.
XS
SM
MD
LG