Accessibility links

logo-print

უნდა ირჩევდნენ თუ არა მერს პირდაპირი წესით


თბილისის საკრებულოს შენობა

თბილისის საკრებულოს შენობა

"ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თვითმმართველ ქალაქებში, მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მერის პირდაპირი არჩევა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. რას ითვალისწინებს ქრისტიან-დემოკრატების ახალი ინიციატივა და რას ფიქრობენ მის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლები?

მოქმედი საარჩევნო კოდექსისა და „თვითმმართველობის შესახებ კანონის“ მიხედვით, ქალაქებში - თბილისში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში - მერი ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელია, თუმცა მას არა უშუალოდ ამომრჩეველი, არამედ საკრებულო ირჩევს საკუთარი შემადგენლობიდან. ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი ვითარება, რომელიც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აფერხებს, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ამასთან, მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს თვითმმართველი ქალაქების მხარდაჭერის იმედიც აქვს.

გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
„იმედი გვაქვს, რომ რუსთავში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები ამომრჩეველი მხარს დაუჭერს იმას, რომ ჰყავდეთ მათ მიერვე არჩეული მერები“, -განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მერის პირდაპირ არჩევნებს მოითხოვენ თვითმმართველ ქალაქებში მცხოვრები ადამიანებიც. რადიო თავისუფლებამ მცირე გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მოქალაქეთა უმეტესობა უკმაყოფილოა მოქმედი სისტემით. მაგალითად, ქუთაისში არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ მერების დანიშვნა-მოხსნამ კომიკური ელფერი მიიღო: ხუთი წლის განმავლობაში მერი შვიდჯერ შეიცვალა.

ხელისუფლებას თან უნდა არჩეული მერი, თან - არა

დედაქალაქში მერის პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივა თბილისის მერს ეკუთვნის.
გიგი უგულავამ ზაფხულში, საპროტესტო აქციების ფონზე, განაცხადა, რომ მოქმედი სისტემის შეცვლის მომხრეა.

გიგი უგულავას ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ინიციატივას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ადგილობრივი არჩევნებიც, 2010 წლის შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე გაიმართება. ამასთან, მმართველი პარტიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არაფერი დაშავდება, თუკი მერებს პირდაპირი წესით, დედაქალაქის გარდა, სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც აირჩევენ.

„ძალიან კარგი იქნება, რუსთავშიც თუ ჩატარდება ასეთი არჩევნები“ - კახა ბარათაშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ეს განცხადება ამ ორიოდე თვის წინ რადიო თავისუფლების რეგიონალური კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, თუმცა ირკვევა, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობის სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამასთან, ვანო ხუხუნაიშვილი, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე ცვლილებების განხორციელება ნაადრევია:

ვანო ხუხუნაიშვილი, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
„იმიტომ კი არა, რომ საზოგადოება არაა მზად ამისთვის, თვითონ პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური სისტემა არ არის დღეს მზად იმისათვის, რომ მსგავსი ნაბიჯები გადადგას. ზოგი კითხულობს, როგორ, განა ხალხი ვერ აირჩევს კარგ მერს? კი აირჩევს, მაგრამ როგორ მოიქცევა მერე ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე მერი, თამაშის როგორ წესებს შესთავაზებს საზოგადოებას, ეს არის საკითხავი!“

ვანო ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევა უთუოდ გაზრდის ადგილობრივი ხელისუფლების დემოკრატიულობისა და ლეგიტიმაციის ხარისხს, ისევე როგორც გაზრდის მერის ინსტიტუტის პოლიტიზების ალბათობას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ქრისტიან-დემოკრატები კი იმედოვნებენ, რომ ხელმოწერების შეგროვებით საქართველოს პარლამენტსა და საარჩევნო სისტემის სრულყოფაზე მომუშავე სპეციალურ ჯგუფს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან
XS
SM
MD
LG