Accessibility links

logo-print

ირანი შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს ემუქრება


გენერალი მოჰამად ალი ჯაფარი, ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი

გენერალი მოჰამად ალი ჯაფარი, ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი

ირანი დაიმუქრა, რომ შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს „სამაგიეროს გადაუხდის“ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ იმ აფეთქებაში მონაწილეობის გამო, რომელსაც 42 ადამიანი ემსხვერპლა. თეირანის განცხადებით, ამ ორი ქვეყნისა და პაკისტანის უშიშროების სამსახურებს კავშირი აქვთ ჯგუფთან, რომელმაც რევოლუციური გვარდიის ელიტურ დანაყოფზე მიიტანა იერიში.

ირანის განცხადებით, ის სამაგიეროს გადაუხდის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს მათი კავშირის გამო თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში განხორციელებულ თავდასხმასთან, რომელსაც, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 42 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის დანაყოფი სამხედრო მეთაურებთან მართავდა შეხვედრას.

რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და პაკისტანის უშიშროების სამსახურებს ბრალი დასდო კავშირების ქონაში სუნიტურ დაჯგუფება ჯუნდალასთან, ანუ „ღმერთის ჯარისკაცებთან“, რომელმაც, ირანელების თქმით, განახორციელა შეტევა. ამ ჯგუფის ლიდერის სახელია აბდოლმალექ რიგი.
„ქვეყნის უშიშროების სამსახურმა შემოიტანა საბუთები, რომელიც აჩვენებს, რომ აბდოლმალექ რიგის ვერაგულ დაჯგუფებას პირდაპირი კავშირი ჰქონდა შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და, სამწუხაროდ, პაკისტანის უშიშროების ორგანიზაციებთანო“, - განაცხადა ჯაფარიმ. -„ეჭვგარეშეა, რომ თავად რიგი და მისი გეგმები სწორედ ამ ორგანიცაზიების მფარველობის ქვეშ იყოო.“

18 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმა სამივე ქვეყნის წარმომადგენლებმა დაგმეს.

ჯაფარიმ მიანიშნა, რომ შესაძლებელია განხორციელდეს საზღვრებშორისი სამხედრო ოპერაციები, რომელთა სამიზნეც თავდასხმაზე პასუხისმგებელი ძალები იქნებიან.

სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა პარლამენტარ პეინამ ფორუზეშის სიტყვები, რომ ირანში „რევოლუციური გვარდიისა და უშიშროების ძალების მიერ ოპერაციების იმ ადგილას განხორციელების თაობაზე, სადაც საჭიროდ ჩათვლიან, სრული კონსენსუსი სუფევს.“

ფორუზეშმა დასძინა, რომ ეს კონსენსუსი ირანის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციების პაკისტანის ტერიტორიაზე ჩატარებაზეც ვრცელდება.

როგორც იუწყებიან, ორმა კოორდინირებულმა თავდასხმამ, რომელთაგან ერთი თვითმკვლელმა განახორციელა, რევოლუციური გვარდიის მინიმუმ ხუთი ჯარისკაცი იმსხვერპლა - მათ შორის ორი სამხედრო მაღალჩინოსანი, ისევე როგორც თემების უხუცესები და სამოქალაქო პირები. ირანის ოფიციალური მედიის თანახმად, მსხვერპლის რიცხვი 42-ს გაუტოლდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯუნდალამ აიღო. ეს ჯგუფი აცხადებს, რომ შიიტურ ირანში სუნიტების დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის. მას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში განხორციელებული რამდენიმე თავდასხმა ბრალდება.

ირანის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯუნდალა თავისუფლად მოქმედებს პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში.

რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან საუბარში პოლიტოლოგმა აბდულ სტარ დო შუქიმ გაიხსენა, რომ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთისთვის ირანს წარსულშიც წაუყენებია ტერორიზმის ბრალდება:

„ნამდვილად არ ვიცი, ვინ მფარველობს ან რა ურთიერთობა აქვს უცხო ქვეყნებთან ჯუნდალას ხელმძღვანელ აბდოლმალექ რიგის. ირანის ოფიციალურმა პირებმა მისთვის დახმარების გაწევაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს უცხო ქვეყნები, თუმცა არასოდეს წარმოუდგენიათ ამის დამამტკიცებელი მასალებიო,“ ამბობს ექსპერტი.

გაზეთ „დეილი ტაიმსის“ ცნობით, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ისლამაბადსა და ჯუნდალას შორის კავშირის არსებობა.

სამინისტროს წარმომადგენელმა აბდულ ბასიტმა უარყო ბრალდება, თითქოს ჯუნდალას ლიდერი პაკისტანში იმალება, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ირანთან „მეგობრული კავშირი“ აქვს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსაფ რაზა გილანიმ მკაცრად დაგმო ირანში მომხდარი ტერორისტული აქტი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იან კელიმ, მოკლე განცხადებაში თქვა: „ვგმობთ ამ ტერორისტულ აქტს და ვგლოვობთ უდანაშაულო ადამიანებს. შეერთებული შტატების მონაწილეობის შესახებ ხმები აბსოლუტურად მცდარიაო.“

„ტერორისტული აქტი“, რომლის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ, ბრიტანეთმაც დაგმო.
XS
SM
MD
LG