Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე ისაუბრეს


ერგნეთი, ქართულ-ოსური მხარეების შეხვედრა
ერგნეთი, ქართულ-ოსური მხარეების შეხვედრა
სოფელ ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე ქართულმა და ოსურმა მხარეებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი განიხილეს. აღნიშნული შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა და ის ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის, ხარალამპოს ხრისტოპულოსის წინადადებით გაიმართა.

პოსტკონფლიქტურ საკითხებში დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან ერთად თბილისსა და ცხინვალში სასამართლოების მიერ მსჯავრდებული პირების საკითხი განიხილეს. ოსური მხარის შეფასებით, ქართული მხარე არაკონსტრუქციულად მოქმედებს.

ჩიგოევის განცხადებით, ცხინვალი ფლობს ინფორმაციას, რომ გასულ წელს დაკარგული 5 მოქალაქე საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ჰყავთ დაპატიმრებული. თავის მხრივ ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდა, ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველების გათავისუფლების საკითხი დააყენა. გარდა ამისა, უტიაშვილმა სამარხების თემაც წამოსწია. ოსურმა მხარემ სამარხების შესამოწმებელი სამუშაოების ჩატარების პირობა დადო. შეხვედრის დასასრულს მოკლე კომენტარი მხოლოდ მერაბ ჩიგოევმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა მძიმე, მაგრამ საჭირო იყო.

შოთა უტიაშვილმა ერგნეთი ისე დატოვა, რომ მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

დვანის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში სდებს ბრალს
უსაფრთხოების გარანტიას და ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას ითხოვდა დღეს სოფელ დვანის მოსახლეობა, რომელმაც საპროტესტო აქცია გამართა.

დვანი ქარელის რაიონში ბოლო ქართული სოფელია, რომელსაც ორი ოსური სოფელი ესაზღვრება. გასული წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი ძალიან დაზარალდა. სახლების დიდი ნაწილი მარადიორებმა დაწვეს, სოფლის ნაწილი კი ახლაც ოკუპირებულია. დვანელებმა რაიონულ ცენტრამდე ფეხით 18 კილომეტრი იარეს, რადგან მათი თქმით პოლიციის მიერ გაფრთხილებულმა მძღოლებმა მათ წაყვანაზე უარი განაცხადეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, უსაფრთხოების გარდა სოფელს ჰუმანიტარული პრობლემებიც აწუხებს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მიწის ხვნა-თესვის პროგრამა მათ არ შეხებიათ.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დვანში ის ხუთი ოჯახი იმყოფება, რომელთა სახლები და ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ისინი ამჟამად ნათესავებთან ცხივრობენ და დევნილის სტატუსით და შესაბამისი სოციალური დახმარებით ვერ სარგებლობენ. დვანელი ზურა მეკარიშვილი წელიწადზე მეტია საკუთარ სახლში ვერ შედის, რადგან იქვე, 20 მეტრში რუსებს და ოსებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი.

დვანელები ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით თბილისში წასვლას და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, მაგრამ გზად ქარელის გამგებელს ილია ბურჯანაძეს შეხვდნენ, რომელთანაც კამათი მოუვიდათ. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ რაიონის ხელისუფლება სოფლის პრობლემების გადაჭრაში უძლურია.

გამგებელი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ პრობლემების ადგილზე შესასწავლად სოფელს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება ესტუმრება. ხოლო თუ ეს პირობა არ შესრულდა, იგი თავად გაუძღვება თბილისისკენ საპროტესტო აქციას. დვანელები სოფელში გუბერნატორისა და გამგებლის ჩასვლას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG